8 თებერვალი - პირველი ქართული უნივერსიტეტის დაარსების დღე

8 თებერვალი 2023 Shadow

8 თებერვალი საქართველოს პირველი  უნივერსიტეტის დაარსების დღეა.

საქართველოში უნივერსიტეტის დაარსების იდეა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის დასაწყისში, რუსეთის იმპერიისაგან გათავისუფლებისთვის ბრძოლის გაძლიერებასთან ერთად  დაიბადა. მე-19 საუკუნის სამოციან წლებში საქართველოში ერის გამოღვიძების პროცესი დაიწყო, ილია ჭავჭავაძის მეთაურობით. სწორედ ამ წლებში გააქტიურდა განსაკუთრებით უნივერსიტეტის დაარსებისათვის ბრძოლა.

თუმცა, ცარიზმის რუსეთის პირობებში ეს აუხდენელ ოცნებად ითვლებოდა.  უნივერსიტეტის დაარსება რეალური მას შემდეგ გახდა, რაც თბილისში დაარსდა სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკი, რომელიც რუსეთის იმპერიაში არსებულ ბანკებს შორის ერთადერთი იყო, რომელიც თავის შემოსავალს ერის კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეურნეო ინტერესებს ახმარდა.

მე-20 საუკუნის დასაწყისიდან ქართული უნივერსიტეტის დაფუძნების იდეას სათავეში ივანე ჯავახიშვილი ჩაუდგა. მან 1917 წლის თებერვლის რევოლუციის პირველი დღეებიდანვე აქტიურად დაიწყო უმაღლესი სასწავლებლის გახსნისათვის  მზადება.

"ყოველ ჩვენგანს, მეტადრე მოხუცებულებს, უნდა ახსოვდეს, რომ "იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა". ძველმა თაობამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ტურფა საბაღნარო ტურფა საბაღნაროდ დარჩეს. ეს შესაძლებელია მხოლოდ ახალი, კარგად მომზადებული კადრების შექმნით, რომლებიც არა თუ ჩამოუვარდებიან ამ ძველ თაობას, არამედ ძველ თაობაზე უკეთესები იქნებიან". - ამბობდა ჯავახიშვილი

12 მაისს კი თბილისში, პეტრე მელიქიშვილის ბინაში, უნივერსიტეტის საზოგადოების დამფუძნებელთა პირველი შეკრება გაიმართა. კრებას ექვთიმე თაყაიშვილი ხელმძღვანელობდა. ამ დღეს დაარსდა “ქართული თავისუფალი უნივერსიტეტის” საზოგადოება, რომელმაც დიდი როლი შეასრულა უნივერსიტეტის დაარსების საქმეში.

1917 წლის შემოდგომაზე გადაწყდა, რომ თავდაპირველად დაარსებულიყო მხოლოდ ერთი  –  სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი, რომელიც გააერთიანებდა ჰუმანიტარულ დარგებს, აგრეთვე, ბუნებისმეტყველებასა და მათემატიკას. დეკემბრის ბოლოს პრესაში უკვე გაჩნდა განცხადება ქართულ უნივერსიტეტში სტუდენტების მიღების შესახებ. 

კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი  1918 წლის 26 იანვარს (ახალი სტილით, 8 თებერვალს), დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გაიხსნა. იმავე წლის 3 სექტემბერს კი უნივერსიტეტი სახელმწიფო უნივერსიტეტად გამოცხადდა.

უნივერსიტეტის გახსნას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ მეორეც ესწრებოდა: „ამ ძვრა-რყევა და სიყმილის დროს ჩვენ შესაძლოთ დავინახეთ საძირკველი ჩაუყაროთ ქართულ მაღალ კულტურულ დაწესებულებას, რომელმაც უნდა შეიტანოს მეცნიერების შუქი ჩვენი ხალხის ცხოვრებაში და რომელიც შეადგენს ჩვენი ხალხის სიამაყეს. ამ დღესაც მოვესწარით, რომ ქართულ უნივერსიტეტს ვხსნით. განა ამ ორიოდ-სამი წლის წინად შეგვეძლო ამის წარმოდგენა?! ჩვენი გენიოსის ნათქვამისა არ იყოს: ,,კეთილმან სძლია ბოროტსა, სიცოცხლე მისი გრძელია’’.

უნივერსიტეტის პირველ რექტორად, ივანე ჯავახიშვილის წინადადებით, პროფესორთა საბჭომ პეტრე მელიქიშვილი აირჩია, თავად ივანე ჯავახიშვილი სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტს ჩაუდგა სათავეში.

უნივერსიტეტის გახსნის დღისადმი მიძღვნილ სხდომაზე იმ პერიოდის ერთ-ერთი გამოჩენილი პოლიტიკოსისა და დიპლომატის აკაკი ჩხენკელის სიტყვები პირველი ქართული უნივერსიტეტის დაარსების მნიშვნელობას უსვამს ხაზს.  „არცერთ ერს არ შეუძლია ილაპარაკოს თავის სრულასაკოვნებაზე, თუ მას არ გააჩნია უმაღლესი სასწავლებელი”.

ახლად დაარსებულ უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდნენ: ივანე ჯავახიშვილი,  იუსტინე აბულაძე, გიორგი ახვლედიანი, ფილიპე გოგიჩაიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, კორნელი კეკელიძე, შალვა ნუცუბიძე, ელისაბედ ბაგრატიონ-ორბელიანისა, დიმიტრი უზნაძე, ვანდა ღამბაშიძე, ილია ყიფშიძე, იოსებ ყიფშიძე, აკაკი შანიძე, ანდრია ბენაშვილი, ანდრია რაზმაძე, ივანე ბერიტაშვილი, გრიგოლ წერეთელი.

პირველი ქართული უნივერსიტეტის მიმართ საზოგადოების განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ცხადყოფს პროცესის მიმართ რიგითი მოქალაქეების დამოკიდებულებაც. ზოგიერთ მათგანს უნივერსიტეტის სალაროში გარკვეული თანხაც კი შეჰქონდა.

1989 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მისი დამაარსებლის  – ივანე ჯავახიშვილის სახელი მიენიჭა.

უნივერსიტეტის შექმნა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო დამოუკიდებლობის მოპოვებამდე. მიუხედავად შემდგომ ბოლშევიკურ და კომუნისტურ პერიოდში გატარებული ცენზურისა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მაინც შეძლო ეროვნული სულისკვეთების შენარჩუნება.

 

წყარო: tsu.ge