9 მაისს რუსი ბაიკერები ვაკის პარკში ვერ შევლენ

7 მაისი 2015 Shadow

9 მაისს რუსი ბაიკერები ვაკის პარკში ვერ შევლენ, - ამის პირობას ქართველი ბაიკერები დებენ. საქართველოს მოტოკლუბის პრეზიდენტი ვახტანგ შენგელია ამბობს, რომ პუტინის "ღამის მგლები", რომლებიც საქართველოში პოლიტიკური მიზნით იმყოფებიან და ოკუპაციის სიმბოლოდ ქცეული გეორგიევსკის ლენტით მოძრაობენ, უცნობი ჯარისკაცის საფლავზე მისვლას არ იმსახურებენ და ამით მხოლოდ ხალხის გაღიზიანებას გამოიწვევენ. ქართველი ბაიკერები იმედოვნებენ, რომ 9 მაისს რუსი ბაიკერები მათ მოთხოვნას გაითვალისწინებენ და სიტუაცია არ დაიძაბება.

ევრაზიის ინსტიტუტის წევრი ირაკლი ყიფიანი რუსი ბაიკერების მხრიდან ვაკის პარკში მისვლას და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებთან შეხვედრაში პრობლემას ვერ ხედავს. მისივე თქმით, არავის აქვს უფლება, რუს ბაიკერებს უცნობი ჯარისკაცის საფლავთან მისვლა აუკრძალოს. თავის მხრივ, ევრაზიის ინსტიტუტი 9 მაისს ღონისძიებებს მთელი საქართველოს მასშტაბით გამართავს, მათ შორის იქნება ვაკის პარკში გეორგიევსკის ლენტების დარიგებაც.

30-მდე რუსი ბაიკერი საქართველოში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა. არსებული ინფორმაციით, 9 მაისს ისინი ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან აპირებენ მისვლას.

წყარო: www.palitratv.ge