EPN: "რუსული წყაროებიდან ქართული მედიასაშუალებები 5 მილიონი დოლარით დაფინანსდა"

5 ივნისი 2015 Shadow

საინფორმაციო სააგენტო "ექსპრესნიუსის" ცნობით, ფონდმა „რუსულმა სამყარომ“ და შპს „როსტელეკომმა“, რომლის მფლობელობაშია კომპანია „სპუტნიკი“, ქართული ონლაინ და ელექტრონული მედიის გასაძლიერებლად 2015 წლის თებერვლიდან 25 მაისამდე 5 მილიონი დოლარი გადმორიცხეს.

"როგორც „ექსპრესნიუსისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, ორივე რუსული ორგანიზაციიდან არაპირდაპირი დაფინანსება მიიღო მედიასაშუალებებმა  geoworld.ge  და „საქინფორმმა".

„ექსპრესნიუსი“ კომპანია „როსტელეკომს“ დაუკავშირდა, რომლის საკუთრებაც „სპუტნიკია“. წერილობით კითხვაზე, კომპანიის წარმომადგენლებმა უპასუხეს, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში მედიის განვითარება მათთვის საინტერესო პროექტია და რამდენიმე ქვეყანაში ამ მიმართულებით მუშაობენ.

ფონდმა „რუსული მშვიდობა“ „ექსპრესნიუსის“ კითხვას აფინანსებენ თუ არა საქრთველოში მედიას, უპასუხეს, რომ ისინი ახორციელებენ რუსული ენის შემსწავლელი კურსების დაფინანსებას და ამ მიმართულებით თანამშრომლობენ, როგორც მედიასთან, ასევე საზოგადოებრივ ჯგუფებთან", - წერს საინფორმაციო სააგენტო.

"ექსპრესნიუსის" ინფორმაციით, ორივე ორგანიზაცია რუსეთის დედაქალაქ მოსკოვშია დარეგისტრირებული და პოსტსაბჭოთა სივრცეში სხვადასხვა პროექტებს აწარმოებს. ამასთან, არცერთი ორგანიზაცია ღიად არ აცხდებს, რომ საქართველოში რაიმე აქტივობა აქვთ.

საინფორმაციო სააგენტო აღნიშნავს, რომ „საქინფორმის“ ხელმძღვანელმა არნო ხიდიბეგაშვილმა აღნიშნულ საკითხზე კომენტარი არ გააკეთა. 

„ექსპრესნიუსის“ ასევე ცნობილი გახდა, რომ „სპუტნიკმა“, რომლის მთავარი რედაქტორი დიმიტრი კისილოვია, საქართველოში .ge დომენზე რამდენიმე ონლაინ მედია რესურსი გახსნა.