ორიოდე მონაკვეთი მოკავშირეთა ჯარების მეთაურის, გენერალ ეიზენჰაუერის მოგონებიდან

26 მარტი 2019 Shadow

 

მეორე მსოფლიო ომი XX საუკუნის გადამწყვეტი მოვლენა იყო. 6 წლიანმა ომმა სულ დაახლოებით 74 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის 27 მილიონი საბჭოთა კავშირიდან. სამხედრო დანაკარგი საბჭოეთის მხრიდან 9 მილიონს აღწევდა, აგრეთვე ძალიან მაღალი იყო დაჭრილების და დასახიჩრებულების რაოდენობა. ომიდან დაბრუნებულ ბევრ სამხედროს დიდხანს არ უცოცხლია. თანამედროვე ისტორიოგრაფიაში, საარქივო დოკუმენტების, მოგონებების და სხვა წყაროების ანალიზით ირკვევა, რომ საბჭოთა კავშირს შეეძლო დიდი მასშტაბის მსხვერპლი თავიდან აეცილებინა ისევე როგორც სამხედროებში, ასევე მშვიდობიან მოსახლეობაშიც. ამ ჰიპოთეზის გასამყარებლად საინტერესო წყაროს წარმოადგენს ევროპაში მოქმედი ამერიკული ძალების მთავარსარდლის, ხუთვარსკვლავიანი გენერლის, დუაიტ დ. ეიზენჰაუარის მოგონებები, სადაც ის იხსენებს საბჭოთა კავშირის მარშალ გიორგი ჟუკოვთან საუბრებს. მოგონებებიდან ნათლად ჩანს, თუ როგორ "აღელვებდათ" საბჭოთა ლიდერებს სამხედროების სიცოცხლე და უსაფრთხოება... 

გენერალი დუაიტ დ. ეიზენჰაუერი

„თვითმფრინავში გატარებული რამდენიმე საათის მანძილზე, მარშალი ჟუკოვი და მე აქტიურად განვიხილავდით სამხედრო ოპერაციებს... ჩემთვის გასაოცარ სიახლედ იქცა მის მიერ აღწერილი, დანაღმულ მინდვრებზე გადაადგილების რუსული მეთოდი. გერმანელების მიერ დანაღმული, თავდაცვით საცეცხლე ხაზით დაცული მინდვრები სერიოზულ ტაქტიკურ წინაღობას წარმოადგენდა, ამან ჩვენ რიგებში დიდი დანაკარგი და შეფერხება გამოიწვია. იქ გაღწევა ყოველთვის რთული იყო, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა ინჟინრებმა გამოიგონეს არაერთი ტიპის მექანიკური საშუალება ნაღმების უსაფრთხოდ გასანადგურებლად. მარშალმა ჟუკოვმა მარტივად ამიხსნა: „არსებობს ორი სახის ნაღმი: ქვეითსაწინააღმდეგო და ტანკებისა და მანქანების წინააღმდეგ. როდესაც ჩვენ შევიჭრებით დანაღმულ მინდორზე, ჩვენი ქვეითი რაზმი გააგრძელებს მსვლელობას ისე, თითქოს ნაღმები იქ საერთოდ არც იყოს. ჩვენ განვიხილავთ ასეთ დანაკარგებს ზუსტად ისევე, როგორც გერმანელები მოგვაყენებდნენ თუ ამ მონაკვეთებს მჭიდრო სამხედრო ძალით დაიცავდნენ და მინდვრებს არ დანაღმავდნენ. მოწინავე ქვეითთა ჯარი არ ახდენს ქვეითსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო ნაღმების დეტონირებას, ხოლო მას შემდეგ რაც გაივლიან მინდორს და გამაგრდებიან საპირისპირო მხარეს, მათ გაყვებიან გამნაღმველები და გაასუფთავებენ გასასვლელს იმგვარად, რომ იქ მანქანებმაც შეძლონ გავლა...“

თვალწინ დამიდგა დეტალური სურათი, რა ელოდა ნებისმიერ ამერიკელ ან ბრიტანელ მეთაურს, რომელიც ასეთ ტაქტიკას მიმართავდა და კიდევ უფრო ნათლად წარმომიდგა, რას იტყოდნენ ჩვენ დივიზიაში მყოფი ხალხი, მსგავს პრაქტიკას ჩვენი სამხედრო დოქტრინის ნაწილად თუ ვაქცევდით.

ამერიკელები ომის ფასს ადამიანების ცხოვრების მიხედვით ითვლიან, რუსები კი სტატისტიკურად, ერის საერთო „გასავალით“.

 

მარშალი ჟუკოვი

რამდენადაც მივხვდი, ჟუკოვს ნაკლებად აწუხებდა მეთოდები, რასაც ჩვენ სასიცოცხლოდ აუცილებლად ვთლიდით ამერიკელი სამხედროების მოტივაციის ასამაღლებლად: ქვედანაყოფების გამუდმებული როტაცია, დასვენების და გართობის პირობები, მოკლევადიანი შვებულებები, და პირველ რიგში ისეთი მეთოდების შემუშავება, რომლებიც ჩვენს სამხედროებს არ დააყენებდა გაუმართლებელი რისკის ქვეშ. ყველაფერი ეს, რაც ჩვენს არმიაში ჩვეულებრივი პრაქტიკა იყო, უცნობი იყო მისი არმიისთვის.

ამერიკულ და რუსულ შეხედულებებს შორის ფუნდამენტური განსხვავება ხალხთან მიმართებაში ნათლად გამოჩნდა სხვა შემთხვევაშიც. რუს გენერალთან საუბრისას მე ვახსენე რთული პრობლემა, რაც მდგომარეობდა უზარმაზარი რაოდენობის გერმანელი სამხედრო ტყვეების მიმართ ყურადღებაში და მათ პატრონობაში - პრობლემა რომელსაც ჩვენ შევეჯახეთ ომის მიმდინარეობის სხვადასხვა ეტაპზე. მე ვახსენე, რომ გერმანელ ტყვეებს ვაძლევდით იმავე კვებით რაციონს, რასაც ჩვენ საკუთარ ჯარისკაცებს.

„რატომ აკეთებდით ამას?“ - გაოცებით წამოიძახა ჟუკოვმა,

მე ვუპასუხე, რომ პირველ რიგში, ჩემს ქვეყანას ამას ჟენევის შეთანხმების პირობები ავალდებულებდა. მეორეც, გერმანულ ტყვეობაში იმყოფებოდა ათასობით ამერიკელი და ბრიტანელი სამხედრო და მე არ მსურდა ჰიტლერისთვის საფუძველი მიმეცა მათ იმაზე უარესად მოპყრობოდა, ვიდრე იქამდე ეპყრობოდა.

ჟუკოვი ამ პასუხით კიდევ უფრო გაოცდა და წამოიძახა: „რატომ ზრუნავთ გერმანელების დატყვევებულ ჯარისკაცებზე?! ისინი ხომ ტყვედ ჩავარდნენ და ბრძოლას ვეღარ გააგრძელებენ!“

მონაკვეთები ციტირებულია წიგნიდან Dwight D. Eisenhower, „Crusade in Europe“, The John Hopkins University Press, 1997 (первоизд. 1948), стр. 468-470.

საინტერესო ფაქტია, რომ ეიზენჰაუარის მემუარების რუსულ გამოცემაში (2000) ეს მონაკვეთები, რომელიც რუსი და პოსტსაბჭოთა სივრცის მკითხველისთვის ყურადსაღები იქნებოდა, ამოღებულია.

აქვე შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა მონაცემით სულ მეორე მსოფლიო ომში 700.000 ქართველი გაიწვიეს (მოსახლეობის 1/5), რომელთაგან ნახევარზე მეტი უკან არ დაბრუნებულა, ნაწილი კი მძიმედ დაავადებული ჩამოვიდა. ისინი კი, ვინც ფაშისტური ძალის ტყვეობაში აღმოჩნდა და სამშობლოში დაბრუნდა - შრომა-გასწორებით ბანაკებში გადაასახლეს.