რას მოიტანს მობილიზაცია რუსეთში?

21 სექტემბერი 2022 Shadow

 

პოპულარულმა ოპოზიციონერმა ბლოგერმა, მაქსიმ კაცმა (1,5 მილიონი გამომწერი Youtube არხზე), რომელიც 2022 წლიდან რუსეთის ფედერაციაში „უცხოეთის აგენტადაა“ გამოცხადებული და ისრაელშია ემიგრირებული, საკუთარ არხზე განიხილა ვლადიმირ პუტინის მიერ 21 სექტემბერს გამოცხადებული, ნაწილობრივი მობილიზაცია. წარმოგიდგენთ მაქსიმ კაცის მოსაზრებებს ამ თემასთან დაკავშირებით:

 

მოხალისეები

გაზაფხულიდან რუსეთში გამოცხადდა მოხალისეთა გაწვევა. თუ თავდაპირველად მოხალისეებს სამხედრო გამოცდილებით არჩევდნენ, ზაფხულიდან ყველაფერი შეიცვალა და ომში ნებისმიერი გამოცდილების ადამიანის წაყვანა დაიწყეს. სამხედრო პუნქტში მოხალისედ გამოცხადებულები კი საცოდავად გამოიყურებოდნენ: 50 წლამდე მამაკაცები, რომლებიც ყოველ დილით ნაბახუსევი დგანან ლუდის მაღაზიასთან და ქუჩის კუთხემდეც კი ვერ მიირბენდნენ „მარშის“ შემთხვევაში. ამ ადამიანებს არა მხოლოდ 200-300 ათასი რუბლის (10-15,000 ლარი დღევანდელი კურსით) ჰონორარს, არამედ არნახულ სიკეთეებს ჰპირდებოდნენ სამედიცინო დაზღვევის, პენსიის და ა.შ. სახით. თუმცა, მხოლოდ 10,000 ადამიანი გამოცხადდა შეკრების პუნქტებში, ისიც, ძირითადად, გაჭირვებაში მცხოვრები რუსეთის რეგიონებიდან.  

 

 

გაზაფხულის გაწვევა ჩავარდა

2022 წლის 1 აპრილიდან - 15 ივლისამდე, რუსეთის ფედერაციაში გამოცხადდა პირველი გაწვევა. ამ პერიოდში, ოფიციალურად, ფრონტზე რუსეთისთვის ყველაფერი კარგად მიმდინარეობდა და პროპაგანდა მოსახლეობას მხოლოდ გამარჯვებებით კვებავდა, ხოლო პუტინის რეჟიმის მხარდამჭერებს ოპტიმიზმი და ენთუზიაზმი უფრო მეტი ჰქონდათ, ვიდრე სექტემბერში. მიუხედავად ყველაფრისა, დაგეგმილი 134,000 ადამიანის ნაცვლად, მხოლოდ 90,000 სამხედროს შეგროვება მოხერხდა. ბლოგერი ვარაუდობს, რომ არაოფიციალურად, დანაკლისი 30%-ზე მეტი იქნებოდა.

 

მობილიზაცია განწირულია ჩავარდნისთვის

მაქსიმ კაცის აზრით, ამას კრემლშიც კარგად ხვდებიან. აღნიშნულ გადაწყვეტილებამდე, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმამ, სისხლის სამართლის კოდექსის „მობილიზაცია“ დაიწყო და კანონს მთელი თავი - „დანაშაული სამხედრო სამსახურის წინააღმდეგ“ ("Преступления против военной службы") - დაამატა.

მაკსიმ კაცი ირონიულად აღნიშნავს, რომ მობილიზაციის პერიოდში რუსეთი დაამარცხებს ნარკოტიკების პრობლემას. ყველა ნარკოგამსაღებელი კრიმინალი წამოიწყებს ყალბი ცნობების, მობილიზებულთა თავშესაფრების, ცენტრალური აზიის ქვეყნების საზღვრებისკენ კომფორტაბელური ტურების და ბოლო სასაზღვრო პუნქტთან ახალი პასპორტების გადაცემის „ბიზნესს“. რუსეთის საოცრად კორუმპირებული ქვეყანაა, რომლის სამხრეთის საზღვრებთან არიან კიდევ უფრო კორუმპირებული სახელმწიფოები (იგულისხმება ცენტრალური აზიის ქვეყნები).

კაცი თვლის, რომ ყველაზე მარგინალური, „Z-არხების“ აუდიტორიის გარდა, მობილიზაციის იდეა რუსულ საზოგადოებაში ნეგატიურად იქნება აღქმული: კრემლის ლოიალისტებისა და ოპონენტების, ლიბერალებისა და კონსერვატორების, მდიდრებისა და ღარიბების, მოსკოველი პროგრამისტებისა და სოფლად მცხოვრები ტრაქტორისტების მიერ და ა.შ. ყველა დაიწყებს გადარჩენის გზების ძიებას საკუთარი თავისთვის და ახლობლებისთვის.

თავად „Z-არხების“ აუდიტორიიდანაც, ვისაც ომში წასვლა უნდოდა - უკვე ადგილზეა, ხოლო მობილიზაციას, დარჩენილი ნაწილი ითხოვს სხვებისთვის და არა საკუთარი თავისთვის და ახლობლებისთვის. ამ ადამიანების ლოიალობა დამთავრდება იმ წამს, როდესაც სამხედრო კომისარიატიდან კარზე მიუკაკუნებენ.

კაცი ვერ ამბობს, გამოიწვევს თუ არა ეს მასობრივ პროტესტს, თუმცა საბოტაჟი გარდაუვალი იქნება. სამხედრო კომისარიატებში დაიწყება არნახული ქრთამების აღებ-მიცემობა, სახელები სიებიდან, ან თავად სიები გაქრება, ხალხი ფიზიკურად ან ფორმალურად აორთქლდება რეგისტრაციის ადგილებიდან, ამ ყველაფერს კი დაემატება მასობრივი მიგრაცია. ბლოგერს მაგალითად მოჰყავს ბილეთების ყველაზე დიდი პორტალი რუსეთში, „ავიასეილსი“, რომელიც მობილიზაციაზე საუბრის დაწყებისთანავე, 20 სექტემბერს, დროებით გაითიშა.

ბლოგერის აზრით, მობილიზაცია ასცდება მოსკოვს და პეტერბურგს, ხოლო მათ მაგივრად ომში უღარიბესი რეგიონების ან რუსეთის პასპორტის ადვილად მიღების მსურველი უცხოეთის მოქალაქეები ჩაერთვებიან.

 

არმია უკვე მკვდარია

რეზერვის გადამზადებისთვის საჭიროა ათასობით ინსტრუქტორი, ათი ათასობით გამოცდილი სერჟანტი და უმცროსი ლეიტენანტი და, რაც მთავარია, ამისთვის საჭიროა დიდი რაოდენობით თავისუფალი და გამართული სამხედრო ტექნიკა. თუმცა, სამხედროებიც და ტექნიკაც უკვე უკრაინის ველებზე „განისვენებს“. „სათანადო სწავლების გარეშე, გაყიდვების სპეციალისტი ან ფინანსური მენეჯერი ვერ გახდება სამხედრო, ის ნულიც არ იქნება, არამედ უარყოფითი საბრძოლო ერთეული, რომელიც ხელის შეშლის მეტს ვერაფერს გააკეთებს და სამხედრო ველზე მისი ორიენტაცია და მოქმედებები, თანამებრძოლებს სიცოცხლის ფასად დაუჯდებათ“ - ასკვნის კაცი.

 

საჭირო მომენტი გასულია

რაც არ უნდა ილაპარაკოს კრემლმა, მობილიზაცია არის გიგანტური ხვრელის ამოვსების განწირული საშუალება. „პატარა და გამარჯვების მომტანი ომი“ არ გამოვიდა, ჰაერში კი დამარცხების სუნი ტრიალებს. პროპაგანდა გადაერთო მოწინააღმდეგის დამცირებიდან - მოწინააღმდეგის შეცვლის ტაქტიკაზე. მათი ვერსიით, რუსეთი მარცხდება არა უკრაინის, არამედ ნატოს და ამერიკის ჯარებთან (შავკანიანი დაქირავებული მებრძოლების და ა.შ. სახით). პუტინის თავგადაკლული მომხრე საზოგადოება კი უკვე აპათიაშია: ისინი 20 წელი აჯერებდნენ საკუთარ თავს, რომ პუტინი ყოვლისშემძლეა და თუ რაიმე გადაწყვიტა - გააკეთებს. რეალობაში კი - ჩავარდნას ჩავარდნა მოსდევს.

 

დასკვნა

მარგარიტა სიმონიანი და სხვა პროპაგანდისტები ამჯერად აღარ ტყუიან: რეფერენდუმის გამოცხადება და ნაწილობრივი, მაგრამ მაინც მობილიზაცია უკვე ვა-ბანკზე წასვლას ნიშნავს. აღარ იქნება კონფლიქტის გაყინვა, ბიუროკრატიული და პროპაგანდისტული მანქანებით თავის დაძვრენის მცდელობები და ა.შ. რჩება ორი გზა: გამარჯვება, ან დამარცხება. „თუმცა, რით მიდიხარ ამ ვა-ბანკზე, რა უნდა აჩვენო უკრაინელებს, რაც აქამდე არ უნახავთ? სამშვიდობო მოსახლეობის და საცხოვრებელი სახლების დაბომბვა და დაცხრილვა?“ - კითხვას სვამს კაცი.

საშიში ის კი არაა, როდესაც თვალების ბრიალით ემუქრები მთელს მსოფლიოს, არამედ ის, რომ მთელ მსოფლიოს აღარ ეშინია ამის... ყველაზე საშიში რეჟიმები კი მარცხდებიან მაშინ, როდესაც საცოდავად გამოიყურებიან.