აშშ არ დაეხმარება ქვეყნებს, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს აღიარებენ

4 მაისი 2017 Shadow

ოთხშაბათს აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ბიუჯეტის პროექტი მიიღო. კანონის ნაწილი, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის და საგარეო ღონისძიებების დაფინანსებას მოიცავს, საქართველოსთვის საჭირო დებულებებს შეიცავს. კერძოდ მუხლი 7070 სახელად „რუსეთის გავლენისა და აგრესიისადმი წინააღმდეგობის გაწევა“ უკრძალავს აშშ-ის ხელისუფლებას, იმ სახელწიფოების მთავრობების დახმარებას, რომლებიც აღიარებენ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და მათთან დიპლომატიურ ურთიერთობებს ამყარებენ. ასევე, ამავე მუხლის მიხედვით ამერიკის ბიუჯეტის ფული არ შეიძლება დაიხარჯოს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის მხარდასაჭერად. კანონი ავალდებულებს ამერიკის მთავრობას ნებისმიერ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შემლახველი ფინანსური დახმარებისა თუ სესხის წინააღმდეგ მისცეს ხმა.

გარდა ამისა, იგივე მუხლი, კრძალავს ამერიკის ბიუჯეტით რუსეთის მთავრობისა და იმ ქვეყნების დაფინანსებას, რომლებიც ყირიმის ანექსიას დაუჭირეს ან უჭერენ მხარს. ასევე, არანაკლებ 100 მილიონი დოლარი უნდა გამოიყოს რუსეთის აგრესიისა და გავლენის შესაჩერებლად ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებში.

ახლა ბიუჯეტი სენატს გადაეცემა და მიღების შემთხვევაში, მას პრეზიდენტი მოაწერს ხელს.