ჩეჩნეთში პატივით დაკრძალეს ტერორისტი რომელმაც ფრანგ მასწავლებელს თავი მოკვეთა

8 დეკემბერი 2020 Shadow

2020 წლის 16 ოქტომბერს, პარიზში, ჩეჩენმა ტერორისტმა, 18 წლის აბდულა ანზოროვმა საფრანგეთის საშუალო სკოლის მასწავლებელს, სამუელ პატის თავი მოკვეთა იმის გამო, რომ მასწავლებელმა, გამოხატვის თავისუფლებაზე საუბრისას, მოსწავლეებს ჟურნალ Charlie Hebdo-დან ამოღებული წინასწარმეტყველი მუჰამედის კარიკატურები აჩვენა. ეს ანზოროვმა და მისი გარემოცვამ შეურაცხყოფად აღიქვეს და სოციალურ მედიაში პატის წინააღმდეგ კამპანია დაიწყეს, რასაც შემდგომ მისი მკვლელობა მოჰყვა. მკვლელობიდან რამდენიმე წუთში აბდულა ანზოროვი პოლიციამ მოკლა, ათი ადამიანი კი მკვლელობაში თანამონაწილეობის ბრალდებით დააკავა, მათ შორის ერთი სასულიერო პირი, მოსწავლის მშობელი და ორი მოსწავლე, რომელიც იმავე სკოლაში სწავლობდა, სადაც პატი ასწავლიდა.

 

აბდულა ანზოროვი

 

სამუელ პატის ხსოვნისადმი მიძღვნილი ინსტალაცია მისი სკოლის გარეთ

 

აბდულა ანზოროვი საფრანგეთში 12 წლის წინ, 6 წლის ასაკში ჩავიდა, როგორც მიგრანტი. მისი ოჯახი წარმოშობით ჩენჩნეთის ერთ-ერთი სოფლიდან, შალაჟიდანაა. აღსანიშნავია, რომ ანზოროვის და 2014 წელს ISIS-ს შეუერთდა. 2020 წლის მარტში კი ოჯახმა დევნილის სტატუსი და 10 წლით საფრანგეთში ბინადრობის უფლება მიიღო. მასწავლებლის მკვლელობის შემდეგ, სანამ მას პოლიცია მოკლავდა, ანზოროვმა მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღო რუსულენოვან აუდიო მიმართვაში, რომელშიც იგი ამბობს, რომ შური იძია წინასწარმეტყველი მუჰამედის შეურაცხყოფის გამო და მზადაა გახდეს „შაჰიდი“. ინსტაგრამზე გავრცელებულ ვიდეოში ის ახსენებს ისლამურ სახელმწიფოსაც.

ანზოროვის მიერ განხორციელებულ სასტიკ ტერორისტულ თავდასხმას მალევე მოჰყვა გამოხმაურება საერთაშორისო დონეზე. მათ შორის, მომხდარი დაგმეს ევროკავშირმა, მუსლიმთა საერთაშორისო ლიგამ და გაერომ. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა კი განაცხადა, რომ ეს იყო „ჩვეულებრივი ისლამისტური თავდასხმა“ და სამუელ პატი მოკლედ ბავშვებისთვის სიტყვის თავისუფლების სწავლებისთვის. მომხდარს და მაკრონის განცხადებას გამოეხმაურა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერი, რამზან კადიროვი, რომელმაც დაწერა: „შენ ხალხს ტერორიზმს აიძულებ, ხალხს ამისკენ უბიძგებ, სხვა არჩევანს არ უტოვებ, ახალგაზრდა ადამიანების თავებში ექსტრემიზმის გაზრდისთვის გარემოს ქმნი. შეგიძლია, თამამად უწოდო შენს თავს შენს ქვეყანაში ტერორიზმის შთამაგონებელი და ლიდერი“. მაკრონი ტერორიზმში დაადანაშაულა ჩეჩნეთის მუფტიმ, სალახ მაჟიევმაც.

5 დეკემბერს აბდულა ანზოროვის ცხედარი თურქეთიდან ჩაასვენეს ჩეჩნეთში, 6 დეკემბერს კი გაირკვა, რომ იგი პატივით დაკრძალეს მშობლიურ სოფელ შალაჟიში. გასვენებას 200-მდე ადამიანი დაესწრო. ხელისუფლებამ ჩაკეტა სოფელში შესასვლელი გზა და იქ მხოლოდ ახლობლებსა და სოფლის მაცხოვრებლებს უშვებდა. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორი გლოვით მიასვენებენ ტერორისტს. დაკრძალვამდე კი რამდენიმე დღით ადრე ადგილობრივმა ტელეგრამ არხმა, Подъём გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ შალაჟიში ერთ-ერთ ქუჩას აბდულა ანზროვოს სახელი "უწოდეს"... ქუჩის აბრის ამსახველი ფოტო გაავრცელა სოფლის მკვიდრმა თავის ინსტაგრამზე წარწერით "ნამდვილი მამაკაცის ქუჩა".

 

 

საგულისხმო ფაქტია, რომ რუსეთის ფედერალურმა ხელისუფლებამ საკუთარ ტერიტორიაზე ტერორისტის პატივით დაკრძალვას ხელი არ ან ვერ შეუშალა. რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის უსაზღვრო გავლენების მქონე ლიდერმა, კადიროვმა და მისმა მუფტიმ კი რეალური ტერორისტის დაგმობის ნაცვლად, ტერორისტად საფრანგეთის ლიდერი შერაცხეს. მსგავსი მოქმედებებით, პუტინის რუსეთი და კადიროვის ჩეჩნეთი კიდევ უფრო ახალისებენ ფანატიკური ტერორისტული აქტებს ევროპისა და მსოფლიო მასშტაბით.

 

 

კადრი ანზოროვის დაკრძალვიდან