ჩეინ-სტოქსის სუნთქვა

5 მარტი 2019 Shadow

1953 წლის 5 მარტს, 21:50 საათზე, საბჭოთა კავშირის მეორე ლიდერი, იოსებ სტალინი 74 წლის ასაკში, მოსკოვში, კუნცევოს დაჩაზე გარდაიცვალა. ის მთელმა საბჭოთა კავშირმა გამოიგლოვა და ოთხი დღის შემდეგ, მის დაკრძალვას ასობით ათასი ადამიანი დაესწრო. წლების შემდეგ კი არაერთი ადამიანი იხსენებდა, სინამდვილეში რა გრძნობა დაეუფლათ მას შემდეგ, რაც სტალინის სიკვდილის შესახებ შეიტყვეს... წარმოგიდგენთ რამდენიმე ამონარიდს რეპრესირებულების, ლევ რაზგონის და იური გასტევის მოგონებებიდან.

 

5 მარტი - გაზაფხულის პირველი დღეები. დათბობა, დათბობა, დათბობა. ისეთი შეგრძნებაა, რომ აბსოლუტური ბოროტება მალე გაქრება...

ბიულეტენს სტალინის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ზუსტად 66 წლის წინ, 1953 წლის 5 მარტის ღამით, ხელი 10-მა ადამიანმა მოაწერა. მათ შორის იყო სსრკ ჯანდაცვის მინისტრი, ტრეტიაკოვი. დოკუმენტი გვამცნობდა: „...თვალსაჩინო ცვლილებები შეიმჩნეოდა სასუნთქი ფუნქციის მხრივ: დაფიქსირდა პერიოდული (ე.წ. „ჩეინ-სტოქსის“) სუნთქვა. ამის გამო გაუარესდა სისხლის მიმოქცევა და უკიდურესად გაიზარდა ჟანგბადის უკმარისობა“.

ლევ რაზგონი ყვება, თუ როგორ მიემგზავრებოდა სხვა დაპატიმრებულებთან ერთად ტუნდრაში. მან შორს შეამჩნია მორბენალი სილუეტი, რომელიც რაღაცას გაჰყვიროდა. თავდაპირველად რაზგონმა და მისმა მხლებლებმა ჩათვალეს, რომ ამ ადამიანს ვიღაც მოსდევდა, თუმცა შემდეგ გაიგონეს სიტყვები: „ულვაში მოკვდა! გუტალინშჩიკი[1] მოკვდა!“ (Ус сдох! Гуталинщик загнулся!). როცა მამაკაცი სამგზავრო მანქანას მიუახლოვდა, ძარას შეახტა, თოვლში ჩავარდა, კვლავ წამოხტა და სირბილი გააგრძელა. მრავალი კილომეტრის მანძილზე, ცივ, ცარიელ ტუნდრაში ხმები დიდხანს გაისმოდა... რაზგონის გადმოცემით, ციხეში დაბრუნებულმა პატიმრებმა საიდუმლოდ ილოცეს. წირვა კათოლიკე ქსენძებმა[2] ჩაატარეს, იმის გამო, რომ მართლმადიდებელი მღვდლები აღარ იყვნენ დარჩენილი. შეკრებილი პატიმრები - რუსები, უკრაინელები, ებრაელები, თათრები, ჩეჩნები... ღმერთს ყველა თავის ენაზე შესთხოვდა: „ღმერთო, ნუ იზამ, რომ სტალინი გამოკეთდეს...“

„უკვე რამდენიმე დღე რადიო დიქტორ ლევიტანის სამგლოვიარო ხმით გვამცნობდა: „ჩვენი პარტიისა და ერისთვის დამტყდარი უბედურების: დიდი ბელადის და მასწავლებლის, იოსებ ბესარიონის ძე სტალინის მძიმე ავადმყოფობის შესახებ“. ტუბერკულიოზის პალატის პაციენტები ყურადღებით უსმენდნენ ამბებს, როდესაც გაისმა ცნობილი სიტყვები: „წუხანდელი ღამის განმავლობაში ამხანაგ სტალინის ჯანმრთელობის მდგომარეობა სეიოზულად გა-უ-არეს-და! მიუხედავად ინტენსიური მედიკამენტოზური და ჟანგბადით მკურნალობისა (აქ დიქტორის ხმა ნელ-ნელა ძლიერდებოდა!), ადგილი ჰქონდა ჩეინ-სტოქსის სუნთქვას!“ ვუყურებ ჩვენს ვასილ ალეკსეევიჩს (ექიმი, რომელიც თავადაც ტუბერკულიოზის გამო იწვა პალატაში), ყოველთვის თავშეკავებული, ზრდილი, ხმასაც არ უწევდა... მაშინვე წამოხტა და დაიყვირა: „იურა, - წამოვხტეთ და გავიქცეთ!“ და დაამატა დაუვიწყარი სიტყვები: „ვიცი, რასაც გეუბნები: ჩეინ-სტოქსი არის განსაკუთრებით სანდო ყმაწვილი - ჯერ არასოდეს უღალატია!“

ბევრისთვის საიდუმლოებით მოცული ჩეინ-სტოქსი გახდა ტირანის მოშორების სიმბოლო და მნიშვნელოვანი ცვლილებების მაუწყებელი. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს ბრწყინვალე მამაკაცი არა ერთი, არამედ ორნი იყვნენ: ინგლისელი ექიმი - ჯონ ჩეინი (1777-1836) და ირლანდიელი ექიმი - უილიამ სტოქსი (1804-1878). ორივე ღირსეული ჯენტლმენი, არა მხოლოდ პრაქტიკოსი ექიმები, არამედ სამეცნიერო შრომების ავტორებიც. მათ ბიოგრაფიაში არაფერი მოასწავებდა, რომ რუსეთის პოლიტიკურ ისტორიაში უმნიშვნელოვანესი როლი ერგებოდათ, თანაც ისტორიის ერთ-ერთ გადამწყვეტ მომენტში.

სხვათა შორის, ეს უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური გაკვეთილი უკვე 66 წლისაა. ხელისუფლების სათავეში დიდი ხნით ყოფნა პირველ პირს მარტოსულ, უნდობ ტირანად აქცევს. ხოლო გარემოცვა ყალიბდება გამწარებული ვეზირების ჯგროდ, რომლებიც ფარულად ან ღიად ოცნებობენ პირველი პირის სიკვდილზე.

 

[1] გუტალინშჩიკი სტალინის დამამცირებელი მეტსახელი იყო და მიუთითებდა მამამისის მეწაღეობაზე.

[2] ქსენძი (Ksiądz) - პოლონელი კათოლიკე მღვდელი

 

ორიგინალური სტატია: https://bessmertnybarak.ru/article/cheyn_stoksovo_dykhanie/