„ომი გარდაუვალი არ იყო, მაგრამ რუსეთს უნდოდა, ის მომხდარიყო"-დენიელ ფრიდი

29 აგვისტო 2016 Shadow

წყარო: interpressnews.ge

საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომის შესახებ "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორმა, სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ დენიელ ფრიდმა ისაუბრა.

ფრიდი ინტერვიუში რუსეთ-საქართველოს ომსა და მის შედეგებზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ რუსეთს უნდოდა, ეს მომხდარიყო. 

ომი გარდაუვალი არ იყო, მაგრამ მისი ალბათობა მაღალი იყო. ალბათობა კი იმიტომ იყო მაღალი, რომ რუსეთს უნდოდა, ის მომხდარიყო. რუსეთი პროვოკაციებს მანამდე გააგრძელებდა, სანამ თავის ომს არ მიიღებდა“, - აღნიშნავს ფრიდი.

რაც შეეხება მოსაზრებას, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამერიკის მხარდაჭერამ წააქეზა რუსეთთან კონფრონტაციული პოზიცია დაეჭირა, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორი მას არ ეთანხმება. 

„ამ შეხედულებას არ ვეთანხმები - პირველი, ამერიკის მხარდაჭერა უპირობო არ იყო და მეორე, სააკაშვილი დაუდევრად არ მოიქცა. ჩემი აზრით, მან შეცდომა დაუშვა, როცა ჯარს საომარი მოქმედების დაწყება უბრძანა. მაგრამ რუსები ყველაფერს აკეთებდნენ ქართველების პროვოკაციაზე წამოსაგებად. ჩემი აზრით, ქართველები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთისთვის პრობლემების შექმნას ცდილობდნენ, მაგრამ ეს ხომ მათი ტერიტორიაა.

სააკაშვილის აგრესიულობას რაც შეეხება, ვფიქრობ ეს მცდარი არგუმენტია, მაგრამ ასევე მიმაჩნია, რომ ის არასწორი იყო, როცა [ჯარით] შევიდა. ეუთოს ანგარიში, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს იმაში, რომ რუსეთის პროვოკაციას წამოეგო, სწორია. იმის თქმა, რომ სააკაშვილი აგრესიული იყო, რუსეთს ომის დაწყების პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს.

ეს შეხედულება ამერიკის პოზიციასაც არასწორად წარმოაჩენს. მახსოვს იყო საუბარი იმაზე, რომ ამერიკამ, თითქოსდა სააკაშვილს საიდუმლო მწვანე შუქი აუნთო. მე პირადად ვიყავი ოთახში, როცა კონდოლიზა რაისმა სააკაშვილს უთხრა, „სამხედრო ოპერაციის არჩევანი არ გაქვს და თავი ნუ მოგაქვს ისე, თითქოს ეს გაქვს“. მას ჩვენგან მკაფიო წითელი შუქი ჰქონდა სამხედრო ოპერაციაზე. მათ საჭიროდ ჩათვალეს ჩვენთვის არ მოესმინათ და ამისთვის საზღაური მიიღეს“, - აცხადებს შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორი.

მისივე განმარტებით, დღევანდელი შეფასებით, ალბათ შესაძლებელი იყო რუსეთის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებისთვის სანქციებით ეპასუხათ, მაგრამ „დასავლეთი მაშინ გაყოფილი იყო“, „ერთიანობა აკლდა“ და ამიტომ სანქციების ნაცვლად საქართველოს ეკონომიკის დახმარება და სტაბილიზება გადაწყვიტეს, რითაც დანარჩენი საქართველო გადაარჩინეს.

„დასავლეთი საქართველოსთან დაკავშირებით გაყოფილი იყო და უკრაინასთან დაკავშირებით კი არა. კანცლერი მერკელი სააკაშვილს ყოველთვის სკეპტიკურად აფასებდა. პრეზიდენტ სააკაშვილს ისტორიკოსები შეაფასებენ - მას ჰქონდა დადებითი მხარეები და ბევრი რამ გააკეთა საქართველოსთვის, მაგრამ ბევრი შეცდომაც დაუშვა.

ამასთან, დასავლეთმა არ იცოდა როგორ შეედგინა სანქციები. სანქციებზე უფრო მეტი ვისწავლეთ 2008 წელს, ირანის გამოცდილების შემდეგ. როცა რუსეთი უკრაინას დაესხა თავს, დასავლეთი ერთიანი იყო, გერმანიას ძლიერი პოზიცია ჰქონდა და სანქციებშიც მეტი გამოცდილება გვქონდა. ბუშის ადმინისტრაციამ ომის შემდეგ სანქციების დაწესება განიხილა. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ დასავლეთი გაერთიანებული არ იყო, გადავწყვიტეთ, რომ მხოლოდ ამერიკის ორმხრივი სანქციები შედეგს არ მოიტანდა. გარდა ამისა, ბუშის ადმინისტრაციას დრო და ენერგია აღარ ჰქონდა დარჩენილი. რუსეთზე სანქციების დაწესების ნაცვლად, ჩვენ საქართველოს ეკონომიკის დახმარება გადავწყვიტეთ. სხვათა შორის, ამ ძალისხმევაში მაშინ ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატმა სენატორმა ჯო ბაიდენმა დიდი დახმარება გაგვიწია“, - განმარტავს ფრიდი.

შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორის შეფასებით, 2008 წლის აგვისტოს ომმა 2014 წლის უკრაინამდე მიგვიყვანა

„ვისურვებდი, რომ ამას არ ვამბობდე, მაგრამ ვფიქრობ მართალი ხართ. რუსებმა შესაძლოა იფიქრეს, რომ ეს ომი გაუვიდათ და შეიძლება იფიქრეს, რომ უკრაინის შემთხვევაშიც, დასავლეთის რეაქცია ისევე დაყოფილი იქნებოდა. ისინი შეცდნენ. ვფიქრობ ამან ისინი გააკვირვა, რადგან მგონი არ ელოდნენ დასავლეთის ერთიანობას და განსაკუთრებით სანქციებს. დასავლეთს გარკვეული დრო დასჭირდა იმისთვის, რომ საქართველოში მიღებული გამოცდილება გაეცნობიერებინა.

ჩემი აზრით, დასავლეთმა თავდაპირველად საქართველოს ომი ცალკეულ შემთხვევად ჩათვალა. ევროპაში იყო შეხედულება, რომ რუსებმა ეს საქართველოს იმიტომ გაუკეთეს, რომ იქ სააკაშვილი იყო. როცა რუსეთი უკრაინას დაესხა თავს, დასავლეთმა გააცნობიერა, რომ საქართველო ცალკეული შემთხვევა არ იყო“, - აღნიშნავს ის.