ევროსაბჭოს კომიტეტი: კონფლიქტი არის რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის

15 მაისი 2017 Shadow

2017 წლის 3 მაისს, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1285-ე სხდომის დღის წესრიგში საკითხი- „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ განიხილეს და საქართველოსთვის  უპრეცენდენტოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს-პირველად დაფიქსირდა, რომ კონფლიქტი არის რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის.

ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა და გადაწყვეტილების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს ოკუპირებული რეგიონების საერთაშორისო სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრისა და ამ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვაზე პასუხისმგებლობის თვალსაზრისით. გადაწყვეტილებაში პირდაპირ ჩამოყალიბდა პოზიცია, რომ საქართველო საკუთარ რეგიონებში ვერ ახორციელებს ლეგიტიმურ იურისდიქციას რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებების, მათ შორის, ადგილზე მისი სამხედრო ნაწილების ყოფნის გამო. აქედან გამომდინარე, პირველად სახელმწიფოებმა, საერთაშორისო ორგანიზაციის გადაწყვეტილებაში, ჩამოაყალიბეს მტკიცე პოზიცია, რომ რუსეთის ფედერაციის ქმედება არის მიზეზი იმისა, რომ საქართველო ვერ ახორციელებს ლეგიტიმურ იურისდიქციას თავისივე რეგიონებში.


გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი - მიმართ რუსეთის ფედერაციის პოლიტიკა და ქმედებები, მათ შორის, .. ხელშეკრულებების დადება საქართველოს რეგიონებთან და ჩატარებული რეფერენდუმები/არჩევნები, ხელს უშლის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, ძირს უთხრის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გამყარებისაკენ მიმართულ ძალისხმევას, აშკარად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და იურიდიული ძალის არმქონეა. ასევე, ხაზგასმულია, რომ რუსეთის არცერთ უკანონო აქტს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონების სტატუსის შეცვლას, არ ექნება სამართლებრივი შედეგი. შესაბამისად, მინისტრთა მოადგილეების კომიტეტი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს და გააუქმოს ეს პროცესი და დაემორჩილოს საერთაშორისო სამართლებრივ ვალდებულებებს, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

მინისტრთა მოადგილეების კომიტეტი მიესალმება საქართველოს მთავრობის ძალისხმევას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობასთან ჰუმანიტარული საქმიანობის გაღრმავების მიზნით, მათ შორის, ამ რეგიონების მცხოვრებთა განათლების მიღებისა და უფასო სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფის მიმართულებით.

მინისტრთა მოადგილეები გადაწყვეტილებაში მწუხარებას გამოხატავენ, რომ საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი - კიდევ უფრო უარესდება ადამიანის უფლებათა მდგომარეობა, მათ შორის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების, საკუთრების უფლების, თავისუფალი გადაადგილების უფლების და თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების ჩათვლით. ასევე,  აღნიშნულია 2016 წლის 19 მაისს სოფელ ხურჩაში მომხდარი მკვლელობაში დამნაშავის სამართლებრივი დასჯის აუცილებლობა.

ეფექტიანი კონტროლის მქონე სახელმწიფოს- რუსეთს მოუწოდებენ, უზრუნველყოს:

- პირობები იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილებისათვის, რათა შეძლონ ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.

- განათლების უფლება ყველასათვის, სკოლებსა და სკოლამდელ დაწესებულებებში, მათ შორის განათლების მიღება მშობლიურ ენაზე საქართველოს რეგიონში - აფხაზეთი;

- მოხსნას ნებისმიერი სახის დაბრკოლება, აკრძალვა ან შეზღუდვა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ გადაადგილების თავისუფლებაზე, სამედიცინო და საგანმანათლებლო მიზნების ჩათვლით და შეწყვიტოს ადამიანების უკანონო დაკავება, მათ შორის ე.წ. „საზღვრის უკანონო გადაკვეთის“ კონტექსტში და გამოიძიოს სავარაუდო უკანონო მოპყრობა;

- გამოიძიოს ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევები და უზრუნველყოს შესაბამისი შემდგომი ნაბიჯების გადადგმა ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტების მიხედვით;

- თავიდან აიცილოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობის შემდგომი გაუარესება საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი;

ევროპის საბჭოს მინისტრთა  მოადგილეები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად ადამიანის უფლებათა კომისარს და მონიტორინგის ორგანოებს, ისე გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშების მომზადებაზე პასუხისმგებელ სამდივნოს დელეგაციას, არ მიეცათ საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი - შესვლის ნებართვა. გადაწყვეტილებაში ისინი რუსეთის ფედერაციას აღნიშნულის გამოსწორებისკენ მოუწოდებენ.

გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 2014, 2015 და 2016 წლების გადაწყვეტილებები, რომლებშიც გამოიხატა ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ასევე, ყურადღება მახვილდებოდა რუსეთის საერთაშორისო სამართლებრივ პასუხისგებლობაზე, როგორც ქვეყნისა, რომელიც ახორციელებს ფაქტობრივ კონტროლს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.