როგორ დავიცვათ თავი პროპაგანდისგან

13 იანვარი 2017 Shadow

საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის საქართველოს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა რუსული პროპაგანდაა. კრემლი მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას სხვადასხვა ქვეყნებში, რათა სამიზნე ქვეყნებში საკუთარი პოზიციები და გავლენა გააძლიეროს.

დეზინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთ მთავარ იარაღად კრემლი მედიასა სოციალურ ქსელებს იყენებს. ხშირ შემთხვევაში, ინფორმაციის ეს წყაროები მცდარ, შეცდომაში შემყვან სიახლეებს და ახალ ამბებს ავრცელებენ. მსგავსი გზავნილები და ცრუ ინფორმაცია  რუსულენოვან აუდიტორიაზე, ისევე როგორც საერთაშორისო საზოგადოებაზეა გათვლილი, ერთ-ერთი მთავარი სამიზნე კი პოსტსაბჭოთა სივრცის მოქალაქეები არიან.

Damoukidebloba.com  სტატიების რამდენიმე სერიაში გთავაზობთ საქართველოში რუსული პროპაგანდის საერთო მახასიათებლების აღწერას, დეზინფორმაციის წყაროებს და საშუალებებს, რომლებიც დაგეხმარებათ ნამდვილი და ყალბი ინფორმაცია ერთმანეთისგან გამიჯნოთ. 

წინამდებარე სტატია, ერთ-ერთი პროპაგანდისტული მეთოდისგან - ფოტომასალით მანიპულაციისგან თავის დაცვის საშუალებებს შეეხება.

 

დეზინფორმაციის წყაროები და მახასიათებლები საქართველოში

პროპაგანდისგან თავის დასაცავად, უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიცოდეთ დეზინფორმაციის წყაროები.

ფოტომასალით შექმნილი დეზინფორმაციის ერთ-ერთი მთავარი წყარო ინტერნეტსივრცეში, განსაკუთრებით კი სოციალურ ქსელებში, შექმნილი საინფორმაციო და ანალიტიკური გვერდებია. ამასთანავე გასათვალისწინებელია, რომ კრემლის პროპაგანდას საქართველოში მკვეთრად ანტი-დასავლური ხასიათი აქვს.

შესაბამისად, როდესაც სოციალურ ქსელში, მაგალითად Facebook-ში, გარკვეული პიროვნება ან გვერდი აზიარებს ფოტომასალას და მას ურთავს ანტი-დასავლურ გზავნილს, ფოტოს წყაროს დადგენა აუცილებელია, რათა შეცდომაში არ შეგვიყვანოს დეზინფორმაციამ და ფოტომასალით მანიპულაცამ. მსგავსი დეზინოფორმაციის მიზანია საქართველოს პარტნიორების ნეგატიურ ჭრილში წარმოჩენა.

გზავნილები, რომლებიც ერთვის ფოტოს, შეიძლება ხაზს უსვამდეს აშშ-ის სამხედრო ინტერვენციებს, დასავლური კულტურის ქართულ კულტურასთან შეუთავსებლობის საკითხს, დასავლური სახელმწიფოების სისუსტესა და დასავლური ლიდერების გარკვეულ გამონათქვამებს.

ჩვენ გირჩევთ საინფორმაციო საშუალებებით და სოციალური ქსელებით მიღებული ინფორმაცია ყოველთვის გადაამოწმოთ, თუმცა ზემოთ მოყვანილი აღწერა დეზინფორმაციის ერთგვარი ფორმულაა, რომელიც გადამოწმებას ყოველთვის საჭიროებს.

მაგალითისთვის, 2017 წლის 9 იანვარს Politicano"-ს ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა ფოტომანიპულაცია, რომელსაც დაურთეს წარწერა, თითქოს ფოტო 1999 წელს, სერბეთში ნატოს მიერ განხორციელებულ დაბომბვის შედეგებს ასახავდა. ეს ფოტო მალევე გავრცელდა სოციალურ ქსელებში.

რეალურად ფოტოზე გამოსახულია არა 1999 წელს სერბეთში განვითარებული მოვლენები, არამედ 1995 წელს ბოსნიაში სარაევოს ალყის დროს ბოსნიელი სერბების არმიის მიერ მარკალეს ბაზრობის დაბომბვა.

ჩვენ ვცდილობდით Politicano-ს ამ სურათზე კომენტარის დატოვებას, რომელიც შეცდომაში შემყვან წარწერას გამოააშკარავებდა, თუმცა გვერდის ადმინისტრატორი(ები) შლიდნენ კომენტარებს. რამდენიმე მცდელობის შემდეგ კომენტარს ვეღარ ვტოვებდით სურათზე. უკვე მოგვიანებით გვერდის ადმინისტრატორმა(ებმა) შეცდომაში შემყვანი ფოტომასალის გავრცელებისთვის ბოდიში მოუხადეს საკუთარი გვერდის სტუმრებს.

Damoukidebloba.com-ის გარდა, მსგავსი დეზინფორმაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ „მითების დეტექტორის“ ვებგვერდს.

 

როგორ დავადგინოთ ფოტოს ნამდვილობა

 როდესაც ვცდილობთ დავადგინოთ ფოტომასალის ნამდვილობა ან მისი წარმომავლობის წყარო, ყურადღება უნდა მივაქციოთ ფოტოზე გამოსახულ თარიღს, ადგილს ან ფოტოს წყაროს. ხშირ შემთხვევაში, პირველი ორი მონაცემით სურათის ნამდვილობის დადგენა რთულია და ყველაზე ეფექტიანი ფოტოს წყაროს დადგენაა.

ფოტოს წყაროს დასადგენად ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი და მარტივი ინსტრუმენტია Google და მისი საძიებო სისტემა, რომელიც ფოტომასალის გამოყენებით მის წყაროს ადგენს.

უპირველეს ყოვლისა, ჩამოტვირთეთ ფოტო, რომელიც საეჭვოა ან დაიმახსოვრეთ (copy) ფოტოს ბმული. შემდგომ ვებ-ბრაუზერის ძებნის ველში მიუთითეთ - images.google.com

მას შემდეგ, რაც გახსნით გვერდს ეკრანზე გამოგესახებათ ძებნის ველი შიდა გვერდზე.

მიიყვანეთ მაუსის კურსორი ფოტოაპარატის სიმბოლოზე და დააჭირეთ მას, რის შემდეგაც ეკრანზე გამოგესახებათ ფოტომასალით გვერდების ძებნის ფანჯარა.

მოცემული ფანჯრის საშუალებით შეგიძლიათ მონახოთ თქვენს მიერ მითითებული ფოტოს მსგავსი სურათები და დაადგინოთ ფოტოს ნამდვილი წყარო. შესაძლებელია ფოტოს ბმულის მითითება ან ჩამოტვირთული ფოტოს ფანჯარაში ატვირთვა (წარწერა Upload an image).

ამ გზით თქვენ შეგიძლიათ ფოტოს წყარო დაადგინოთ და გაიგოთ თქვენს მიერ ნანახი ფოტო, ისევე როგორც მისი წარწერა შეესაბამება თუ არა სიმართლეს.

ჩვენ ამავე მეთოდით დავადგინეთ Politicano-ს ფოტომანიპულაციის ნამდვილი წყარო. როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, ფოტოზე გამოსახულია 1995 წელს ბოსნიაში სარაევოს ალყის დროს ბოსნიელი სერბების არმიის მიერ მარკალეს ბაზრობის დაბომბვა, რომელსაც თავად სერბები ახორციელებდნენ სარაევოს ბლოკადის დროს.

სურათების საძიებო სისტემის გამოყენებისას, შედეგად Google-მა ავტომატურად შემოგვთავაზა მსგავსი ფოტოსურათები და თემატურად ინფორმაცია მოგვაწოდა ბოსნიის გენოციდის შესახებ.

Google-ის მიერ შემოთავაზებული ინფორმაციით ადვილი დასადგენი იყო, რომ ფოტო Reuters-ის ფოტოგრაფის პიტერ ენდრიუსის მიერ 1995 წლის 28 აგვისტოსაა გადაღებული, რომელიც Reuters-ის ფოტოარქივში ინახება.

სტატიაში ახსნილი მეთოდით, ფოტომანიპულაციების გამოაშკარავება შესაძლებელია ნებისმიერი პირისთვის. ინფორმაციის გადამოწმება ინფორმაციის საუკუნეში მნიშვნელოვანია, რადგან მონაცემების დიდ რაოდენობას, რომელიც ხელმისაწვდომია ინტერნეტსივრცეში ხშირად იყენებენ მანიპულაციისთვის და შეცდომაში შეყვანისთვის.