"ღამის მგლები" 9 მაისს თბილისში პერფომანსის მოწყობას გეგმავენ

27 აპრილი 2017 Shadow

წყარო: pirveliradio.ge

რუსი ბაიკერების კლუბი „ღამის მგლები“ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მეგობრებად არიან ცნობილი. ისინი ყირიმის ოკუპაციის პროცესში პუტინის იდეების გამტარებლები იყვნენ, რის გამოც ჯგუფი აშშ-ის სანქციების სიაშია შეყვანილი. „ღამის მგლების“ სახელს უკავშირდება საქართველოში ოკუპაციის სიმბოლიკის ტირაჟირება, კონკრეტულად კი,  „გეორგიევსკის ტრაქტატის ლენტის“ თბილისში გამოჩენა 2015 წელს, როდესაც 9 მაისის თემით და საერთო წარსულის ნარატივით „ჩვენი ბაბუები სამამულო ომში ერთად იბრძოდნენ“ სპეკულირებდნენ. 

ინტერნეტი გავრცელებული ინფორმაციით, ,,რუსეთ-საქართველოს ახალგაზრდული კავშირი" 9 მაისისთვის საქართველოში პერფომანსს  წელსაც გეგმავს და ,,ღამის მგლების“ თბილისში ჩამოსვლაც იგეგმება, თუმცა ჯერ საქართველოს ხელისუფლებისგან გარანტიებს ელოდებიან, რომ გეორგიევსკის ბაფთებით აღჭურვილ ღამის მგლებს საქართველოს მოქალაქეები პრობლემებს არ შეუქმნიან.

,,9 მაისისთვის გეგმები გვაქვს. თბილისში პერფომანსია დაგეგმილი. 13 მაისს კი 11 კაცი მივფრინავთ მოსკოვში, სადაც მიწვეული არიან იმ პოსტსაბჭოთა ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც იბრძოდნენ მეორე მსოფლიო ომში, იქნება ინტელექტუალური თამაშები და სხვადასხვა სახის ღონისძიება.“- ამბობს ირაკლი ყიფიანი. მისი თქმით, ღონისძიებას მოსკოვში მოსკოვის მერია უწევს ორგანიზებას, საქართველოდან კი აქტიურ ახალგაზრდებს ეპატიჟებიან.

,,აქტიურ ახალგაზრდებს, რომლებიც ცდილობენ, რომ დალაგდეს ეს ქვეყანა ,რომელსაც პატრონი არ ჰყავს და არც ეყოლება. ვატყობთ ხო სად მიხეილ სააკაშვილის დროს და სად ბიძინა ივანიშვილი რაც მოვიდა ხელისუფლებაში , ეს ლანძღვა გინების რიტორიკა რომ დასრულდა, რაღაც გაიხსნა ეს ბაზარი და იმ გლეხმაც რაღაც შვება იპოვა. პირდაპირ ლანძღვა-გინების რიტორიკა დასრულდა, თუმცა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენს დაკომპლექსებულ პოლიტიკოსებს საუბრის ეშინიათ, რუსეთში ვერ ჩადიან რადგან არც ლავროვის გამოცდილება აქვთ და არც განათლება და არც დონე უწყობს ხელს ბევრს, იმიტომ რომ ლავროვი შემდგარი პოლიტიკოსია და ჩვენ გვყავს პოლიტიკოსები , რომლებიც იმან თქვა ამან თქვას დონეზე განიხილავენ გლობალურ პოლიტიკას,“- ამბობს ევრაზიის ისნტიტუტის ერთ-ერთი წევრი ირაკლი ყიფიანი. მისი თქმით, ხელისუფლების პასუხზეა დამოკიდებული 9 მაისის პერფომანსში მიიღებენ თუ არა მონაწილეობას ,,ღამის მგლები“, ყიფიანის თქმით, მას უკვე რამდენიმე სამინისტროში წერილიც აქვს გაგზავნილი ,რომ გეორგიევსკის ბაფთებით აღჭურვილ ბაიკერებს ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილების პრობლემა არ შეექმნათ.

,,არ გვინდა ჩვენმა .. სპეცსამსახურებმა ლარსზე ამ ბიჭებს პრობლემა შეუქმნას, წერილები მაქვს გაგზავნილი ჩვენს სამინისტროებში და პასუხებს ველოდები , თორემ იქიდან დიდი მზაობაა, “- ამბობს ყიფიანი.

მთავრობის პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჯერ უცნობია. შეგახსენებთ, რომ "ევრაზიის ინსტიტუტი" damoukidebloba.com -ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად საქართველოში რუსეთის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციაა, რომელიც მკვეთრად პრო-რუსულ პოლიტიკას ატარებს.