რუსეთის წარმომადგენლებმა ჟენევის მოლაპარაკებები პროტესტის ნიშნად დატოვეს

30 მარტი 2017 Shadow

​2017 წლის 28-29 მარტს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 39-ე რაუნდი შედგა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ვებ-გვერდზე გამოქვყნებული ინფორმაციის თანახმად, ორი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით იყვნენ წარმოდგენილი. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში - უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები განიხილეს, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში - იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები. მოლაპარაკებებს თანათავმჯდომარეობდნენ ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს წარმომადგენლები და ესწრებოდნენ მონაწილეები საქართველოდან, რუსეთის ფედერაციიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.


საქართველოს წარმომადგენლებმა დღის წესრიგში დააყენეს 9 აპრილის ე.წ. რეფერენდუმი ცხინვალის რეგიონში და ადგილობრივი სამხედრო დაჯგუფებების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში გაერთიანების თაობაზე ე.წ. შეთანხმების 30 მარტს დაგეგმილი ხელმოწერა, რაც  რეგიონის ანექსიისაკენ გადადგმულ მორიგ უკანონო ნაბიჯად შეფასდა. ასევე განიხილეს რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ ს-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების დამატებითი კომპლექსების შეტანა აფხაზეთის რეგიონში, ინტენსიური მილიტარიზაცია და სამხედრო წვრთნები ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რაც სრულად ეწინააღმდეგება 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.   ასევე, ისაუბრეს უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედების პრინციპზე რუსეთის ფედერაციასთან შესათანხმებლად, რამაც უნდა უზრუნველყოს ძალის არგამოყენება ადგილზე.

 
საქართველოს წარმომადგენლებმა დეტალურად განიხილეს აფხაზეთის რეგიონში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის მძიმე ჰუმანიტარული შედეგები ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ასევე, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ აღმართული მავთულხლართები და ხელოვნური ბარიერები, რაც შუაზე ყოფს ადგილობრივი მოსახლეობის კერძო საკუთრებასა და ოჯახებს. აღნიშნეს, რომ აუცილებელია პრაგმატული გზების გამონახვა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში თავისუფალ გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე ისაუბრეს უკანონო დაკავებების მიუღებლობაზე, განსაკუთრებით ქალების, ბავშვებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების შემთხვევაში. ასევე, თანათავმჯდომარეებმა და მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს გიგა ოთხოზორიას მკვლელის დაუყოვნებლივი დაკავების აუცილებლობას, მშობლიურ ენაზე განათლების მნიშვნელობას და  ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელების საჭიროებას.

მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს ეკოლოგიურ გამოწვევებზე ერთობლივი ძალისხმევა და ისაუბრეს შემდგომი ნაბიჯების მიზანშეწონილობაზე. აღინიშნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მძიმე მდგომარეობა და ვითარების გამოსწორებისთვის გზების დასახვის აუცილებლობა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე საქართველოს წარმომადგენლებმა იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხი დასვეს. ამ თემაზე საუბრისას კი რუსეთის ფედერაციისა და საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა დატოვეს მოლაპარაკებების დარბაზი, რითაც კიდევ ერთხელ გამოავლინეს მოლაპარაკებების პროცესის მიმართ თავიანთი არაკონსტრუქციული დამოკიდებულება.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება 2017 წლის 20-21 ივნისს.