ლავროვი: სტალინის წარმოჩენა მთავარ ბოროტმოქმედად არის თავდასხმა რუსეთის წარსულზე

31 აგვისტო 2021 Shadow

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ იოსებ სტალინის წარმოჩენა მისი ეპოქის მთავარ ბოროტმოქმედად არის რუსეთის წარსულსა და მეორე მსოფლიო ომის შედეგებზე თავდასხმა. ეს განცხადება მან ქალაქ ვოლგოგრადში გააკეთა, სადაც ის მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ხვდებოდა. ვოლგოგრადში ლავროვმა მონაწილეობა მიიღო სტალინგრადის ბრძოლაში მონაწილე სამხედრო ქვედანაყოფების 11 ბანერის განთავსებაში.

სერგეი ლავროვი ვოლგოგრადში გუბერნატორ ანდრეი ბოჩაროვთან ერთად

წყარო: ТАСС

„თქვენ ახსენეთ იოსებ სტალინი, რომელსაც უნდა ეხელმძღვანელა პროცესებისთვის. მე სავსებით ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ისტორიას არ უნდა შევეხოთ. სტალინზე, როგორც მთავარ ბოროტმოქმედზე თავდასხმა და ყველაფრის ერთ ქვაბში მოხარშვა, რაც მან ომამდე, ომის დროს და ომის შემდეგ გააკეთა, არის ჩვენს წარსულზე და მეორე მსოფლიო ომის შედეგებზე თავდასხმა“, - თქვა მან.

ლავროვმა, ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის შიდა პოლიტიკა ყოველთვის დაფუძნებული იყო ღირსებაზე, სიმართლესა და სამართლიანობაზე.

„იმას, რასაც აკეთებს გუბერნატორი ამ მეხსიერების გასამყარებლად, აქვს უდიდესი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის, მათ შორის - ჩვენი შიდა პოლიტიკისთვის იმიტომ, რომ ის ყოველთვის დაფუძნებული იყო ღირსებაზე, სიმართლესა და სამართლიანობაზე.“, - განაცხადა მან.

ცნობისათვის, 2021 წლის 1 ივლისს ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც რუსეთში იკრძალება მეორე მსოფლიო ომში სსრკ-სა და ნაცისტური გერმანიის როლის გათანაბრება. შესაბამისი ცვლილებები შევიდა კანონში „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში საბჭოთა ხალხის გამარჯვების ხსოვნის შესახებ“.