ლევადას ცენტრი: რუსი ახალგაზრდების 70%-ზე მეტი რუსეთს ევროპულ სახელმწიფოდ არ მიიჩნევს

19 მარტი 2021 Shadow

ლევადას ანალიტიკურმა ცენტრმა რუსეთში ჩატარებული ახალი სოციოლოგიური კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა მხოლოდ 29% მიიჩნევს რუსეთს ევროპულ ქვეყნად, 64% კი თვლის, რომ რუსეთის ევროპული სახელმწიფო არაა. შედარებისთვის, 2008 წლის სექტმბერში რუსეთს ევროპულ სახელმწიფოდ 52% მიიჩნევდა, 2019 აგვისტოში - 37%, ხოლოდ არაევროპულ ქვეყნად - 2008 წლის სექტემბერში - 36%, 2019 წლის აგვისტოში კი - 55%.

განსაკუთრებით საინტერესოა ის, რომ, გამოკითხვის მიხედვით, 18-24 წლის ახალგაზრდებში ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელია იმ ადამიანების, რომლებიც რუსეთს არაევროპულ სახელმწიფოდ მიიჩნევენ (71%) მაშინ, როცა იგივე მონაცემი 25-39 წლის მოსახლეობაში 69%-ა, 40-54 წლის ადამიანებში - 65%, 55 წელს ზემოთ კი - 58%.

 

კითხვაზე „თვლით თუ არა საკუთარ თავს ევროპელად?“, გამოკითხულთა მხოლოდ 27%-მა უპასუხა დადებითად. იგივე მაჩვენებელი 2008 წლის აგვისტოში იყო 35%, 2019 წლის აგვისტოში კი - 33%, რაც იმას ნიშნავს, რომ დღესდღეისობით სულ უფრო ნაკლები რუსი მიიჩენვს თავს ევროპელად. მათ შორის კი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კვლავ 18-24 წლის ახალგაზრდებსა და 25-39 წლის მოსახლეობაშია - 23-23% მაშინ, როცა 40-54 წლის ადამიანების 26% მიიჩნევს თავს ევროპელად, 55 წელს ზემოთ კი - 31%.

 

შემცირდა იმ ადამიანების რიცხვიც, ვინც მიიჩნევს, რომ დასავლეთში რუსეთის ეშინიათ. 2018 წელს გამოკითხულთა 25% მიიჩნევდა ასე, 2021 წელს კი - 18%. ასევე, 2018 წელს გამოკითხულთა 18% თვლიდა, რომ დასავლეთში რუსეთს პატივისცემით აღიქვამენ, 2021 წელს კი ეს მონაცემი 12%-მდე შემცირდა.

მეორე მხრივ, გამოკითხულთა 30% მიიჩნევს, რომ რუსეთში დასავლეთის მიმართ განსაკუთრებული განწყობები არ არსებობს, 2017 წელს ეს მონაცემი 41% იყო. ასევე, 2019 წელთან შედარებით, შემცირდა იმ ადამიანების რიცხვი, ვინც მიიჩნევს, რომ რუსეთში დასვალეთის მიმართ პატივისცემა გააჩნიათ - 2019 წელს 31% თვლიდა ასე, 2021-ში კი - 25%. 

აღნიშნული მონაცემები ცხადყოფს, რომ რუსეთის აგრესიული საგარეო პოლიტიკის ფონზე, რუსეთი კიდევ უფრო დისტანცირდება დასავლური სამყაროსგან, რაზეც მეტყველებს როგორც რუსი ხალხის განწყობები, ასევე - ბოლო დღეებში რუსეთსა და აშშ-ს შორის დაძაბული ურთიერთობა. ამასთანავე, რუსეთის დასავლური სამყაროსგან დისტანცირება აისახება არა მხოლოდ საერთაშორისო ურთიერთობებზე, არამედ რუსეთის შიდა პოლიტიკურ გარემოსა და ქვეყნის შიგნით ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაზეც. ამის ნათელი მაგალითია რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნის პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებაც.