ლევადას ცენტრი: რუსეთში სტალინის პოპულარობა მატულობს, პუტინის - იკლებს

25 ივნისი 2021 Shadow

რუსულმა სოციალური კვლევების ორგანიზაციამ - „ლევადა-ცენტრი“ (Левада Центр) 2021 წლის მაისში ჩაატარა გამოკითხვა - „ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურები“. ცენტრმა გამოკითხა 1,620 რესპონდენტი რუსეთის 137 ქალაქიდან. კვლევის ფარგლებში, მკვლევრები რესპონდენტებს სთხოვდნენ დაესახელებინათ მსოფლიოს ისტორიაში 10 ყველაზე გამოჩენილი პიროვნება. 

ამგვარ პიროვნებებს შორის ვლადიმირ პუტინი დაასახელა მოსახლეობის 15%-მა, რაც 2017 წლის მონაცემთან შედარებით (34%) ბევრად ნაკლებია. შედეგად, 2021 წლის მონაცემებით, რუსეთის პრეზიდენტი „ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურების“ რეიტინგში მე-5 ადგილს იკავებს, რაც, პუტინის შემთხვევაში, 2003 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წლის აგვისტოში ლევადას ცენტრის მიერვე ჩატარებულ გამოკითხვაში, ვის დაუჭერდა მოსახლეობა მხარს, რუსეთის საპრეზდიენტო არჩევნები მომავალ კვირას რომ იყოს, გამოკითხულთა 40% ასახელებს ვლადიმირ პუტინს, 4% - ვლადიმირ ჟირინოვკსის, 2% - გენადი ზიუგანოვს, 2% - ალექსეი ნავალნის, რაც იმაზე მიუთითებს, რომ პუტინის რეიტინგი რუსეთში დღესდღეობით კვლავ საკმაოდ მაღალია.

 

კითხვა: ვის დაუჭერდით მხარს, მომავალ კვირას რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს? (აპრილი 2014 - აგვისტო, 2020).

წყარო: ლევადა ცენტრი

 

საყურადღებოდა, რომ რეიტინგის - "ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურები“ - სათავეში წელსაც, ისევე როგორც გასული 10 წლის განმავლობაში, იოსებ სტალინია.  გამოკითხულთა 39% სწორედ მას ასახელებს ყველაზე მნიშვნელოვან ისტორიულ ფიგურად, რაც 2017 წლის მონაცემის (38%) მსგავსია. სტალინის შემდეგ, მეორე ადგილს იკავებს ვლადიმერ ლენინი, რომელსაც რუსეთის მოსახლეობის 32% მიიჩნევს ყველაზე გამოჩენილ პიროვნებად. შემდეგ რეიტინგში მოდიან ალექსანდრე პუშკინი და პეტრე პირველი, თუმცა 2017 წელთან შედარებით, ორივე მათგანის პოპულარობა შემცირებულია - პუშკინის შემთხვევაში 34%-დამ 29%-მდე, პეტრე პირველის შემთხვევაში კი - 23%-დან 19%-მდე.

გამოკითხვის შედეგად შედგენილი ყველაზე გამოჩენილი ისტორიული ფიგურების ოცეული (1994-2021)

წყარო: ლევადა ცენტრი

 

ასევე, აღსანიშნავია, რომ ყველაზე გამოჩენილი პიროვნებების რუსულ ოცეულში წელს პირველად მოხვდნენ არარუსი ფიგურებიც. ალბერტ აინშტაინი დაასახელა გამოკითხულთა 9%-მა, ნაპოლეონი და ადოლფ ჰიტლერი კი - 5-5%-მა.

ცნობისთვის, „ლევადა ცენტრი“ რუსეთის ხელისუფლებამ „უცხოეთის აგენტების“ სიაში შეიყვანა, რის გამოც მას რუსეთში მუშაობისას არა ერთი შეზღუდვა ეხება. „უცხოეთის აგენტებად“ რუსეთის იუსტიციის სამინისტრო აცხადებს იმ ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსებას უცხო ქვეყნიდან იღებენ.