"თურქი-მესხები" თუ "ქართველი მესხები"?!

1 ივნისი 2020 Shadow

სტატია პირველად დაიბეჭდა ჟურნალში "საარქივო მოამბე", N12, 2012 წელი.
ავტორები: სოფიო ტორჩინავა და ირმა ლაღიძე.

 

ადამიანის უფლებათა დაცვის საინიციატივო ჯგუფი თვითგამოცემულ არალეგალურ ჟურნალ "საქართველოს მოამბეში" აქტიურად აშუქებდა საქართველოდან მესხთა გადასახლების საკითხს. გთავაზობთ ამ თემასთან დაკავშირებით ამონარიდებს მერაბ კოსტავასა და ვიქტორ რცხილაძის წერილებიდან, აგრეთვე შუა აზიაში, აზერბაიჯანსა და ყაბარდო-ბალყარეთში გასახლებულ მესხთა მიმართვას საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის, ედუარდ შევარდნაძისადმი და საბჭოთა კავშირის კომპარტიის XXIII ყრილობის პრეზიდიუმზე გაგზავნილ საჩივარს (წერილები იბეჭდება შემოკლებით; სტილი დაცულია).

მერაბ კოსტავა

ვინ არიან ეს ,,თურქი-მესხები”, საიდან გაჩნდნენ ისინი შუა აზიის, აზერბაიჯანისა და ჩრდილო კავკასიის ტერიტორიაზე? საიდან იშვა ეს შედგენილი სიტყვა?

თურქებად შეცდომით სახელდებული მესხები სინამდვილეში იმ უძველესი ქართული ტომის შთამომავალნი არიან, რომელთაც ძველი ბერძნები მესხების სახელით იცნობდნენ ოდესღაც და რომლებთანაც, მათივე გადმოცემით, თავად პითაგორა ეუფლებოდა სიბრძნეს. მათგან ჩამოყალიბდა შემდგომში სამცხე-საათაბაგოს დიდი სამთავრო, რომლის საზღვარი სამხრეთით მდინარე არეზს ემიჯნებოდა. მესხნი იყვნენ დავით აღმაშენებლისა და თამარ დედოფლის უპირველესი სპარაზენნი, რომელთაგან აღირჩეოდა სპასალარი იბერთა მხედრობისა, ათაბაგად წოდებული. გამორჩეული იყო კუთხე იგი, სამოღვაწეო გრიგოლ ხანძთელისა და გიორგი მერჩულესი, მრავალთა ღირსთა მამათა სავანე, მშობელი რუსთველისა, იოანე და გიორგი მთაწმინდელებისა, ბექა და ბეშქენ ოპიზრებისა, ივანე და შალვა ახალციხელთა და ა.შ. წისქვილის დოლაბი უნდა დატრიალებულიყო ამ ხალხის თავს, მათთვის თურქნი რომ ეწოდებინათ. აი, მოკლე ისტორია ამ გულისშემძვრელი ამბისა: XVI საუკუნეში თურქთა წარიტაცეს სამცხე-საათაბაგო და გმირული წინააღმდეგობის მიუხედავად, სამას წელიწადში მაინც შეძლეს მესხების გამაჰმადიანება. თურქეთის აგრარული კანონი იმჟამად აცხადებდა: მთელი მიწები ალაჰს ეკუთვნის და მათი მფლობელები მხოლოდ მისი მიმდევარი მუსლიმანები უნდა იყვნენო. ალაჰის კართა დამცველად კი სულტანი ითვლებოდა. Aამავდროს თურქეთში სულტანის სამსახური ნიშნავდა სამხედრო ვალდებულებას, სულტანის კანონთა დაცვა ერთდროულად ალაჰის მიმდევრობასა და მიწის ნაკვეთების მფლობელობას. ასე იქცა ამ მხარეში ქართველი გლეხისათვის დილემად გამუსლიმანება ან დაღუპვა* (*შოთა ლომსაძე, ,,მესხეთის ქართველი მაჰმადიანების შესახებ”), რადგან იმჟამად კაცი მხოლოდ მიწის დამუშავებით, ან სამხედრო სამსახურით საზრდოობდა.

გარდა გამუსლიმანებისა, მესხეთში თურქული ტომების ძალით ჩასახლებას და თურქულის დანერგვასაც მიჰყვეს ხელი, მაგრამ ეროვნული სახე მესხებს მაინც ვერ დაუკარგეს, ტკბილქართული ვერ დაავიწყეს. მაჰმადიან ქართველებში ძირეულ ენად ისევ ქართული რჩებოდა.

საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდგომ, 1928-29 წლების ომის შედეგად საქართველოს კვლავ მიერთო ახალციხის საფაშოს ნაწილი, ამჟამინდელი ახალციხისა და ახალქალაქის რაიონები.

დატრიალდა წისქვილის დოლაბი მესხების თავს. თავად ხელ-ფეხ-შებორკილ საქართველოს აღარ ძალედვა თურანის წყვდიადით დაზიანებული თანამემამულეების საკუთარი კულტურის წიაღთან კვლავაც ზიარება, რადგან შეერთებისთანავე ველიკორუსული შოვინიზმი ყველანაირად ახშობდა თვით ქართულ კულტურას, სკოლებში კრძალავდა მშობლიურ ენას, თავის ბილწ ხელებს უფათურებდა საქართველოს სულში და საკუთარი ჭკუით წყვეტდა მისთვის სასიცოცხლო საკითხებს. იმჟამად მან ავტოკეფალია წაართვა ქართველი ერის ბურჯსა და ქომაგს – საქართველოს ეკლესიას, რითაც შეარყია სვეტი ეროვნული სიმტკიცისა.

სწორედ მესხებით დაიწყო რუსეთის ვერაგული პოლიტიკა, მიზნად რომ ისახავდა და ამჟამადაც ისახავს საქართველოს ასიმილაციას. რუსეთის მთავრობამ განგებ აღარ გამოარჩია ეროვნება სარწმუნოებისაგან და მაჰმადიანი ქართველები თურქებად შერაცხა. 1829 წელს, საქართველოს მთავარმართებლის, პასკევიჩის ხელით მან ჯავახეთ-სამცხის ტერიტორიიდან აჰყარა და თურქეთში გადაასახლა მრავალი გამაჰმადიანებული ქართველი, ხოლო მათ სამკვიდრებელში ყარსიდან 30 ათასი სომეხი შეასახლა. მაგრამ ანტიქართული ღონისძიებებით არც დარჩენილი მესხები ჩაუგდია უკეთეს დღეში. რუსეთის მთავრობამ 1900-იან წლებში ახალციხის მხარის ქართველი მაჰმადიანებისთვის თურქული სკოლები გაახსნევინა, რომელნიც 1930 წლამდე არსებობდნენ, ხოლო 1930 წელს უკვე საბჭოთა მთავრობამ ქართულის ნაცვლად აზერბაიჯანული სკოლები გაუხსნა მაჰმადიან ქართველებს, თუმცა მოსახლეობის უმრავლესობა ქართულად მეტყველებდა და ქართული სკოლების მსურველი იყო.

1944 წელს 200 ათასი მუსლიმანი ქართველი რამოდენიმე ღამეში აჰყარეს და საკუთარი ამკვიდრებელიდან შუა აზიაში გადაასახლეს ვითარცა თურქნი.

ხრუშჩოვისა და ბრეჟნევის დროში, როდესაც გადასახლებული ჩეჩნები, ინგუშები და ა.შ. დააბრუნეს სამშობლოში, მუსლიმანი ქართველების დაბრუნების საკითხიც დადგა. თავდაპირველად მესხებმა აღიმაღლეს ხმა და მათ მოწინავე ქართული ინტელიგენციაც მიერთო. მათი ქართველობის, მათ მიერ ჩადენილი უსამართლო აქტის საკითხი მეცნიერულად და იურიდიულად დამუშავდა და წარდგენილ იქნა საქართველოს მთავრობის წინაშე. თითქო საქმე აეწყო კიდეც და მესხები ის იყო უნდა სწეოდნენ სანუკვარ მიზანს, რომ ანაზდეულად მოსკოვმა ხელის ერთი აქნევით შეაჩერა ჩინებულად დაწყებული საქმე და მესხებს მისცა სსრკ-ს ნებისმიერ რესპუბლიკაში დასახლების უფლება, გარდა საქართველოსი. ამით მთავრობამ, რომ აღარაფერი ვთქვათ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დეკლარაციაზე, უხეშად დაარღვია თვით საბჭოთა კონსტიტუციის მუხლი, სადაც საუბარია სსრკ-ს ტერიტორიაზე ნებისმიერი მოქალაქისათვის საცხოვრებლად ადგილის თავისუფლად არჩევაზე. ამგვარმა ძალმომრეობამ ვერ ამოურეცხა გულიდან მესხებს სამშობლოში დაბრუნების სურვილი. მათმა საუკეთესო შვილებმა საპროტესტო წერილებით ,,დაბომბეს” საქართველოსა და მოსკოვის მთავრობა. ამ მხრივ არაფერი შეცვლილა ცეკას ახალი მდივნის, ედუარდ შევარდნაძის დროშიც. მასაც აფრთხობს მოსკოვიდან თითის მკაცრად დაქნევა. ასე რომ, არად ჩააგდეს უფლებააყრილი მესხებისა და ასევე უფლებაართმეული ქართული ინტელიგენციის ერთობლივი სურვილი. არათუ დაბრუნება, მესხებს პასპორტში ქართველად აღნიშვნის უფლებაც კი აღუკვეთეს და დღემდე აზერბაიჯანელებად, თურქმენებად თუ ყირგიზებად აღნიშნავენ. გადასახლებისთანავე, ეროვნებასთან ერთად, მათ ქართული გვარებიც წაართვეს და თურქული წესით, მამის ან პაპის სახელის მიხედვით დაუწესეს ახალი გვარები. ასეთი უბედურება ებრაელთაც კი არ გადახდენიათ თავს მათი სისხლიანი  ისტორიის მანძილზე. დიასპორა, მეფის რუსეთის შემზარავი ,,პოგრომები”, გერმანული გაზის საკნები თუ საბჭოური ანტისემიტიზმი განიცადეს, მაგრამ ეროვნება ჯერ არავის წაურთმევია მათთვის. მსოფლიოს ისტორიაში ეს მართლაც უპრეცედენტო ამბავია! ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ხელისუფალნი თავის გასამართლებლად საერთო ეკონომიკურ პრობლემებსაც იშველიებენ. თითქოს მესხების სამშობლოში დაბრუნება მუშა ხელის ნაკლებობასა და ბამბის პლანტაციათა გეგმების შეუსრულებლობას გამოიწვევს შუა აზიასა და აზერბაიჯანში, ჩააგდებს და ძირს გამოუთხრის საბჭოთა ეკონომიკას. საინტერესოა, როდიდან გაუჩნდათ სოციალიზმის მესაჭეებს ვაშინგტონამდელი ამერიკელი პლანტატორების ფსიქოლოგია, ეკონომიკის გამო ადამიანში კაცობის ერთიანად წაშლისა და დაკაბალების ეგოდენი მადა. და ამგვარები კიდევ გაჰკივიან რასობრივ დისკრიმინაციაზე დასავლეთის სამყაროში.

დიახ, თურანის შეთქმულება  კვლავაც გრძელდება საქართველოს წინააღმდეგ, რომლის ფესვები ამჟამად ჩრდილოეთშია ღრმად დაფარული, ზედაპირზე კი, თვალსაჩინოებისთვის საქართველოს ცკ-ა წარმოჩენილი. როდესაც 1976 წლის გაზაფხულზე, თბილისში ჩამოსულ გადასახლებულ მესხთა წარმომადგენლებმა: ჯემალ აბაშიძემ და ალიხან აბასთუმანელმა მოითხოვეს საქართველოს ცკ-ს I მდივანთან, ე.შევარდნაძესთან შესვლა მათთვის მტკივნეული საკითხის გასარკვევად, მისაღები განყოფილების უფროსმა, იაშვილმა ასე განუცხადა მათ: ,,შევარდნაძე ნაციონალურ საკითხზე არავის ღებულობსო”, თან დასძინა: ,,რა მნიშვნელობა აქვს, სად იცხოვრებსო კაცი სსრკ-ს ტერიტორიაზე”. ეროვნების აღდგენისთვისაც არ დააყოვნა პასუხი: ,,ნაციონალური საკითხი სსრკ-ში რახანია გადაწყვეტილია და პასპორტში რა გეწერებათ, არც იმას აქვსო არსებითი მნიშვნელობა”. ასე უგულოდ მოიცილეს თავიდან შევარდნაძემ და იაშვილმა შორით მოსული, თანამემამულეთაგან შემწეობის იმედით აღსავსე ადამიანნი და უპასუხოდ გაისტუმრეს გულისფანცქალით მომლოდინე თანამოძმეებთან.

ახლა კი ბუნებრივად მივადექით კითხვას: რატომ მიიჩნიეს აკადემიკოსმა სახაროვმა და ,,მიმდინარე ამბების ქრონიკამ” მესხები თურქებად და არა ქართველებად? ჩვენ ხომ ვუწყით პატივცემული აკადემიკოსისა და ,,მიმდინარე ამბების ქრონიკის” ზედმიწევნითი ობიექტურობისაკენ სწრაფვა? რაშია საქმე?

გავიხსენოთ, რომ 1944 წელს მესხების გარდა საბჭოთა ხელისუფლებამ აჰყარა და გადაასახლა იმ ტერიტორიაზე ადრე შესახლებული ყარაფაფახები, თურქები და ა.შ. უნდა ვიფიქროთ, რომ სწორედ გადასახლებულთა ეს ნაწილი მოითხოვდა თურქეთში ემიგრაციას და როგორც ჩვენმა მესხმა თანამოძმეებმა გვიამბეს, მათ საბჭოთა მთავრობისგან საქართველოში დაბრუნებაზე იმედაყრილი მესხების მცირე ჯგუფიც მიერთო. როგორც ჩანს, მათთან ჰქონდათ კონტაქტი ადამიანის უფლებათა დამცველ მოსკოველ ინტელიგენტებს, მაგრამ როდესაც ამბობენ მესხს, იქ არაფერ შუაშია თურქი და პირიქით, ნონსენსია ამ სიტყვების ერთად ხმარება. მესხები უძველესი ქართული ტომია, ამჟამად საკუთარი მიწიდან აყრილი და სამშობლოში დაბრუნებისთვის თავგანწირვით მებრძოლი. ამიტომაცაა საშურო ამ სიტყვების ნებისმიერ კონტექსტში მართებულად ხმარება.* (*აღსანიშნავია, რომ აკადემიკოსი ა. სახაროვი ამ შენიშვნის გაცნობისთანავე სავსებით დაეთანხმა მის ავტორს).[1]

 

ვიქტორ რცხილაძე დანაშაული ქართველი ერის წინაშე, მესხთა ტრაგედია

"არა არს ტანჯვა იმაზე უფრო დიდი, ვიდრე სამშობლოს დაკარგვა" ევრიპიდე, მედეა.

 მესხეთი! მხარე ზღაპრულად ნაგებ დიდებულ მონასტერთა და მრისხანე ციხეთა /მარტო ვარძია და თმოგვის ციხე რად ღირს/, რომელიც გადაჭიმულია სოფელ აწყურიდან მდინარე არეზამდის და რომელიც იჭრება 200-ზე მეტ კილომეტრზე სსრკ-ს სახელმწიფო საზღვრიდან სამხრეთით, დღევანდელ თურქეთში, სადაც ასევე გრანდიოზული ძეგლებია მიმობნეული საქართველოს წარსული დიდებისა.

მესხეთი! – ესაა ქართული კულტურის კერა, სამხრეთის ბურჯი საქართველოსი, რომლის დაჯავშნულ მკერდს ეხლებოდა ათასი ღვარცოფი გოლვიან უდაბნოდან მოვარდნილ ურდოთა. ასეთი იყო დიდება მესხისა და მესხეთისა, ასეთი იყო დიდება საქართველოსი.

XI საუკუნის მიწურულს, ოსმალურმა მახვილმა შეანგრია სამხრეთის ბურჯი საქართველოსი და იწყო თანდათანობით დაპყრობა მესხეთის, იწყო წაბილწვა ქართველთა სავანესი.

ძალმომრეობითა და მოსყიდვით მოქმედებდა მტერი. ჯერ ათაბაგი გამაჰმადიანდა, მერე – ერი. მთელი სამი საუკუნე დასჭირდა ქართველთა გამაჰმადიანებას, მაგრამ დიდი ნაწილი მესხთა კვლავ ქრისტიანი რჩებოდა. დიდი ნაწილი მაჰმადიან მესხთა ჩუმად ქრისტიანულად ლოცულობდა, სისხლს არ ურევდა ბიძაშვილთან ქორწინებით მაჰმადიანურ ყაიდაზე, ქალნი მჭადის გამოცხობისას ჯვარს უსვამდნენ მას და ქართულ დამწერლობასაც ინარჩუნებდნენ /ე. წ. "დედაბრული ხელი"/. XVIII საუკუნიდან ოსმალონი განსაკუთრებით დევნიდნენ მართლმადიდებლურ ქრისტიანობას, რადგან მასში სჭვრეტდნენ ბუნებრივ მოკავშირეს მომძლავრებული რუსეთისას.

გასული საუკუნის დასაწყისში ჩრდილოეთის დათვმა თავისი სისხლიანი თათი საქართველოს დაადო. "მფარველად" მოსული ერთმორწმუნე რუსეთი ისეთ დღეში ჩააგდებს ქართველობას, რომ აჯანყება აჯანყებას მისდევს დამპყრობელთა წინააღმდეგ. რუსეთმა დაარღვია ყოველგვარი ხელშეკრულება საქართველოსთან დადებული, დააფურთხა ფიცით განმტკიცებულ ვალდებულებებს საქართველოსადმი და აღგავა ეს უკანასკნელი პირისაგან მიწისა როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეული, სიტყვა "საქართველო" მოსპო და მის ნაცვლად შექმნა რუსეთის იმპერიის ტფილისისა და ქუთაისის გუბერნიები. მაშინვე იწყო დამპყრობელმა ქართული ენის დევნა, უკვე მაშინვე ელტვოდა მოძალადე ქართველთა გარუსებას.

1828-29 წლის ომის შედეგად რუსეთმა თურქეთს წაგლიჯა ჩრდილო მესხეთი – ახალციხე და ახალქალაქის მხარე. დაპყრობილ ადგილებში რუსეთი აიძულებდა ამ მხარის მკვიდრთ, მესხებს, დაეტოვებინათ სამშობლო და თურქეთს გახიზნულიყვნენ.

რუსეთმა კარგად უწყოდა, თუ ვის ერეკებოდა სამშობლოდან. იგი ამ მხრივ არ ინდობდა ქრისტიან მესხებსაც, მას უბრალოდ ამ მხარის დაცლა და სახაზინო მიწების გაზრდა სურდა.... მისი მიზანი იყო არ დაეშვა ქართული ელემენტის გაძლიერება ამიერკავკასიაში, როგორც ყველაზე საშიში ხალხისა, რადგან ახლახან სახელმწიფოდაკარგულ ქართველებს ყველაზე მეტად ექნებოდათ სეპარატისტული მიდრეკილებანი. ამიტომ რუსეთი ყველანაირად ხელს უშლიდა მაჰმადიანი და ქრისტიანი ქართველობის გაერთიანებას ერთ ეროვნულ ორგანიზმში. ხდებოდა წარმოუდგენელი პარადოქსი: მძლავრი ქრისტიანული იმპერიის მესვეურნი თურქეთის შიდა პროვინციებიდან, ანატოლიიდან იწვევდნენ მოლებს მესხებისათვის, რომელნიც ამ უკანასკნელთ კიდევ უფრო სძირავდნენ მუსულმანურ ფანატიზმში. `ის, რაც ვერ გაკეთდა თურქთა ორასწლიანი ბატონობის დროს, - გვაუწყებს შ. ლომსაძე – სამწუხაროდ, ახლა, XIX საუკუნეში, ე. ი. "შემოერთების შემდეგ სრულდებოდა". "ბოლოს და ბოლოს მესხეთის გამაჰმადიანებული ქართველები ერთი
მეორისგან ვეღარ არჩევდნენ სარწმუნოებასა და ეროვნებას. ქართველი მათთვის ქრისტიანული რელიგიის აღმნიშვნელი ტერმინი გახდა...”

მაგრამ რუსეთის პოლიტიკა მესხეთში ქართველთა `გათათრებით~ როდი იფარგლებოდა. რუსეთმა გადაწყვიტა ამ მხარის "გარუსება", რისთვისაც მესხებისგან წაგლეჯილ მიწებზე იწყო რუს ნასალდათართა და რუსი სექტანტების /დუხობორები, მალაკნები და სხვა/ დასახლება. ქართველები პოლიტიკურად არასაიმედო ხალხად ჰყავდა რუს მთავრობას მიჩნეული და მათი მოსახლეობის ასპარეზის გაფართოებას სახიფათოდ სთვლიდა. სომეხთა მიერ პოლიტიკურ დამოუკიდებლობაზე ამიერკავკასიის ფარგლებში ოცნების შესაძლებლობაც კი მას ფიქრად არ მოსდიოდა, ამიტომ სომეხ ახალშენის ჩასახლება საქართველოში საშიშროებად არ მიაჩნდა. გრაფმა პასკევიჩმა ქართველებს ლიხთიმერეთიდან იქ დასახლების ნება არ მისცა და მათ მაგიერ ოსმალეთიდგან გადმოსახლებულ სომეხთაგან 30 ათასი მცხოვრები ჩაასახლა. ამ ხელოვნური საშუალებით მესხეთში, სადაც 1828 წლამდე ქართველთა მოსახლეობა 90%-ს აღემატებოდა, 1832 წელს უკვე რუს მოხელეთა წყალობით უმრავლესობა სომეხნი იყვნენ.

1900 წლიდან რუსეთმა კიდევ უფრო გააძლიერა მესხთა გათურქება. იმპერიის განათლების უწყებამ ახალციხის ქართველ მაჰმადიანებს თურქული სკოლები დაუარსა.

1917 წლის თებერვლის რევოლუციამ დაამსხვრია რუსეთის იმპერია, ეს ჭეშმარიტი "ხალხთა საპყრობილე". ამიერკავკასიაში მალე შეიქმნა სამი დამოუკიდებელი რესპუბლიკა: აზერბაიჯანისა, სომხეთისა და საქართველოსი.

1920 წლის 7 მაისს საბჭოთა რუსეთი ცნობს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას და დადებს მასთან ხელშეკრულებას. მალე საქართველოს სხვა სახელმწიფოებიც ცნობენ. მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია საბჭოთა რუსეთისათვის, რომ სულ მალე იგი საქართველოს თავს დასხმოდა. პატარა საქართველოს აზერბაიჯან-სომხეთის მხრიდან XI არმია, ჩრდილოეთიდან 33-ე მსროლელთა დივიზია, ხოლო აფხაზეთის მხრიდან IX არმია შემოუტევს.

რას მოუტანს მესხეთს საბჭოთა წყობილება? პირველყოვლისა, საბჭ. რუსეთი 1921 წელს თურქეთს დაუთმობს მთელ სამხრეთ მესხეთს ქ. არზრუმამდე, ხოლო საბჭ. სახელმწიფოს ფარგლებში დარჩენილ მესხეთის ნაწილებში, დღევანდელ ადიგენის, ასპინძის, ახალციხისა და ახალქალაქის რაიონებში საბჭოთა ხელისუფალნი კიდევ უფრო აძლიერებენ მესხთა გათურქებას. მათ თურქული სკოლები ძალაში დატოვეს, რომლებმაც 1930 წლამდე იარსებეს. 1930 წლიდან თურქულ სკოლებს აზერბაიჯანულით შეცვლიან და აზერბაიჯანიდან მასწავლებლები ჩამოჰყავთ. დაბნეულ მესხებს კვლავ უმტკიცებენ, რომ "ქართველი" სხვაა და "მაჰმადიანი" სხვა და ამიტომაც ვარდიაშვილებს, ბახტაძეებს, მაისურაძეებს, ყაყუნაშვილებს, ბერძენიშვილებს, გვარამაძეებს და სხვათ "აზერბაიჯანელებად" წერდნენ. ამ საქმეში მაშინ ძალზე აქტიურობდა ახალციხის სამაზრო აღმასკომის თავმჯდომარე, აზერბაიჯანელი შაბანოვი, რომელიც ყოველნაირად ცდილობდა, რომ მესხებს ქართული გვარები აზერბაიჯანულად გადაეკეთებინათ. მიუხედავად ამისა, მესხები ოჯახებში ქართულად მეტყველებდნენ და ხშირ შემთხვევაში ქართული სკოლების გახსნასაც ითხოვდნენ.

იმ დროს, როდესაც ბერიას ჯალათები საქართველოში სისხლის ღვრას აყენებდნენ და თვით ბერია თავის კაბინეტში ქართველ ინტელიგენტებს, ცნობილ მწერლებსა და მუსიკოსებს თმებით ათრევდა და წიხლებით ზედ დგებოდა, მაშინ ახალციხელი ჩეკისტი, ვასილ ლომსაძე ასეთ სურათს წააწყდა: `მაგონდება ასეთი შემთხვევა, ახალციხიდან ბორჯომის მიმართულებით X კილომეტრზე, სოფ. წნისთან შორი გზის პირას საგზაო `ბუტკასთან~ ორი გიორგიწმინდელი ქართველი მაჰმადიანი სანთელს უნთებდა დანგრეულ "ბუტკის" კედლებს. ჩემს შეკითხვაზე, თუ თათარი ვაჟნი დანგრეულ ,,ბუტკას” რად უნთებდნენ სანთელს, მათ მიპასუხეს, რომ იქ ოდესღაც მათი მამაპაპის ქართული სალოცავი ეკლესია იყო, შოსე-გზის მშენებლობის დროს ეკლესია "ბუტკად" აქციეს და ისინი თავიანთ ქართულ სამლოცველოს არ დაივიწყებენ და ყოველთვის სანთელს აუნთებენ".

1941-42 წლებში, როდესაც საბჭოთა სახელმწიფოს ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდებოდა, მესხებს ქართულ სკოლებს გაუხსნიან. მაგრამ ამ დროს უკვე მზადდებოდა შემზარავი დანაშაული საქართველოს წინაშე. ვიღაცას უკვე ხელს უშლიდა მესხები მესხეთში, ვიღაც კვლავ ლამობდა მესხებისგან მესხეთის დაცლას. ამ მიზნით ხელოვნურად შექმნეს დეზერტირთაგან ბანდა, რომელსაც წინდაწინ იარაღი ადიგენის რაიონის НКВД-ს უფროსმა კარახანიანმა დაურიგა. და აი, ერთ ასეთ პროვოკატორთაგან შექმნილი ბანდის /რიცხობრივად დაახ. 20 კაცი/ ქმედება დაედო საფუძვლად მესხთა 200 000-იანი მოსახლეობისათვის ბრალდების წაყენებას, რომ ისინი არაკეთილსაიმედონი არიან სსრკ-სათვის და მათი ყოფნა მესხეთში, თურქეთის მახლობლად, ყოვლად დაუშვებელია.

1944 წლის 15 ნოემბერს, ბერიას ოპერატიულობითა და ბელადის დასტურით, აჰყარეს და შუა აზიაში გადაასახლეს 200 ათასამდე მესხი თავისი სამშობლოდან. მაშინ, როდესაც მესხ ახალგაზრდობას წარმატებით აბრძოლებდნენ დასავლეთის ფრონტზე გერმანელთა წინააღმდეგ, მათი ოჯახები დაუნდობლად გაწირეს და ერთ ღამეში მესხთა 220 სოფელი დაცარიელდა. მესხებით დატვირთულ სატვირთო ვაგონებს თვეობით აჩერებდნენ სადმე ჩიხში და იხოცებოდა ხალხი შიმშილისა და წყურვილისაგან. ძალზე შეთხელებული მესხთა რიგები შუა აზიის მშიერ ველზე დაასახლეს.... 

ამრიგად, მოხდა უდიდესი ბოროტება, დანაშაული ქართველი ერის წინაშე, რომელსაც მისი ორგანული ნაწილი ახლა უკვე ფიზიკურად მოწყვიტეს და რომლის დანაკლისი ფრიად შემაშფოთებელი ხდებოდა საქართველოში ქართველი მოსახლეობის საერთო შემცირებასთან დაკავშირებით. მესხთა ამ გადასახლებას საქართველოს ისტორიაში შაჰაბასის მიერ ქართველთა აყრა-გადასახლება თუ შეედრება.

ჩვენს წერილს "მესხთა ტრაგედია" ვუწოდეთ. სინამდვილეში იგი საქართველოს, ზოგადად ქართველთა ტრაგედიაა... მესხთა პრობლემა ქართველთა პრობლემაა, იგი ჩვენი მისახედი და ჩვენი საზრუნავია. ამას ითხოვს საქართველოს ინტერესები, მისი მომავალი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, რუსეთის იმპერიალისტური, ქართული ერის დასუსტებისაკენ მიმართული პოლიტიკის წყალობით, მესხებს მთელი XIX საუკუნის განმავლობაში და თვით XX საუკუნის I ნახევარში მაჰმადიანობისაკენ უბიძგებდნენ, თავიანთ ეროვნებასა და ენას ავიწყებდნენ და `თურქებად~ სახავდნენ. ამიტომ 1944 წელს გადასახლებულთა გარკვეულმა ნაწილმა ქართული ენა უკვე გადასახლებამდე არ იცოდა. მესხთა გადასახლება პროვიდენციალური აღმოჩნდა მათთვის. წამებამ შეანჯღრია მათი ისლამში გამყინვარებული სული და თავიანთ "ვინაობაზე" ჩააფიქრა. ამის შემდეგ იწყება მათ შორის კვლავ აღმოჩენა საქართველოსი, თავიანთი ქართველობისა, ეროვნებისა და ისტორიისა. ამიტომ საქართველომ დღეს მათ ხელი უნდა გაუწოდოს და უპატრონოს ისე, როგორც თავის გაუბედურებულ, ავადმყოფ შვილს; მაგრამ დედა ენა დავიწყებულ მესხთა გარდა არის კიდევ დიდი ნაწილი ქართულოვანი მესხებისა. მით უმეტეს, საქართველომ უნდა დაიხსნას ისინი ეროვნული გადაგვარებისაგან!

მესხები დღეს გაფანტულნი არიან სსრკ-ს შემდეგ მხარეებში: 1. ყაბარდობალყარეთის ასსრ-ში – 3 000 სული /სულ 500 ოჯახამდე/, ამათგან 200 სული თუ იქნება ნამდვილი ყარაფაფახი/ყარაფაფახები, ანუ შავფაფახიანები, იგივე თურქაზერბაიჯანელებია, რომელთაც მესხნი - "აჯამებს" ეძახიან/ 2. აზერბაიჯანის სსრ-ში: საათლის, საბირაბადის, ჟდანოვის, კუბა-ხაჩმაზის რაიონებში და კიროვაბადში – 12 300 სული მესხია; 3. უზბეკეთის სსრ-ში მესხთა ძირითადი მასაა დაახლოებით 60%. ისინი ცხოვრობენ ფერგანის, ნამანგანის, ანდიჟანის, ტაშკენტის, სამარყანდის, ბუხარის და კაშკადარის ოლქებში; 4. ყაზახეთის სსრ-ში მესხთა დაახლოებით 10%-ია. ისინი ცხოვრობენ ალმა-ატის, კიზილორდონის, ჯამბულის და ჩიმკენტის ოლქებში; 5. დანარჩენი მესხები ყირგიზეთსა და თურქმენეთშია მიმოფანტული. 

ამ ადგილებში მესხებს ძირითადად ბამბის პლანტაციებში ამუშავებდნენ. მათი ექსპლუატაციით აღნიშნული რესპუბლიკები დიდ მოგებას ნახულობდნენ და ცხადია, ყოველნაირად ეწინააღმდეგებიან მესხთა დაბრუნებას სამშობლოში. მესხთა ეს ყოფა ძლიერ მაგონებს ზანგთა აფრიკიდან ამერიკაში დეპორტირებას, როდესაც მათ მონური შრომისათვის იყენებდნენ. ამავე დროს, როგორც ვთქვით, მესხები ეროვნების დაკარგვის საშიშროების წინაშე დგანან. მათ სურვილის წინააღმდეგ იმ ეროვნებას უწერენ პასპორტში, რომელთა რესპუბლიკებშიც ისინი ამჟამად იმყოფებიან. /ამ დროს ხშირად ხდება ხოლმე ისეთი კურიოზები, როდესაც მესხს, მაგალითად, პასპორტში ეროვნება `უზბეკი~ უწერია, ხოლო სამხედრო ბილეთში - "აზერბაიჯანელი"/. ასეთი ძალდატანებით ელტვიან მათ ასიმილაციას ადგილობრივ მოსახლეობასთან. ყოველივე ამით სარგებლობენ ფანატიკურად განწყობილი მუსულმანური ელემენტები, რომლებიც პროთურქულ აგიტაციას ეწევიან ხალხში. განსაკუთრებით აზერბაიჯანშია მესხთა მდგომარეობა სავალალო. ყველაზე მძიმე საარსებო პირობები და ნაციონალური ჩაგვრაა იქ მათი ხვედრი...

ჩვენი მხრიდან გვინდა შემდეგი განვუცხადოთ საბჭოთა მთავრობას. ჩვენი მოთხოვნები მესხთა საქართველოში დაბრუნების შესახებ არ გახლავთ რაიმე "ნაციონალისტური", `უკანონო~ მოთხოვნა. პირიქით, ჩვენი მოთხოვნა ითვალისწინებს საბჭოთა კონსტიტუციის იმ მუხლებს, სადაც გარანტირებულია ეროვნებათა უფლებები სსრკ-ში. ჩვენ ვითვალისწინებთ აგრეთვე "ადამიანის უფლებათა დეკლარაციის" იმ საერთაშორისო დოკუმენტს, რომელზედაც საბჭოთა მთავრობის ხელმოწერაცაა. შეგვიძლია დავარწმუნოთ საბჭოთა მთავრობა, რომ მესხები საქართველოში არანაკლებ ეკონომიკურ მოგებას მისცემენ სახელმწიფოს. რაც შეეხება მათ პოლიტიკურ ნდობას, იმედია, მათი "გაქართველებით" ისინი უფრო სანდონი გახდებიან, ვიდრე "გათურქებით", რასაც ამჟამად აქვს ადგილი...

სიყვარულისა და სიკეთის ღმერთის შეწევნით თვალი გავუსწოროთ საქართველოს მომავალს![2]

 

 

საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანს ამხ. ედუარდ შევარდნაძეს ქართველ მაჰმადიანთა წარმომადგენლობისგან მესხეთიდან, რომელნიც საქართველოდან 1944 წელს გაასახლეს ვითარცა "თურქნი".

მ ი მ ა რ თ ვ ა

ძვირფასო ედუარდ! ძვირფასო თანამემამულენო და სისხლისმიერნო ძმანო. უკვე 30 წელია, რაც გაგვთიშეს.

1944 წლის 15 ნოემბერი ჩვენი ხალხის ცხოვრებაში აღინიშნა როგორც გლოვისა და უმძიმეს მოგონებათა დღე.

30 წელია, რაც ჩვენი ხალხის მზერა მიპყრობილია საყვარელი, მშობლიური მესხეთისაკენ, რომელიც მოგველის თავის პირმშოებს. ჩვენ ერთი ხალხი ვიყავით და ათეული საუკუნეები ვცხოვრობდით თქვენთან ერთად, ერთ დიდ ოჯახად. მაგრამ ცალკეულმა პირებმა, რომელთაც არ ესმოდათ ჩვენი ისტორია, დაარღვიეს ჩვენი ოჯახი და გაგვთიშეს. მათ არ მიიჩნიეს ისტორიულ საბუთად ჩვენი ქართული წარმომავლობა, ქართული გვარები, ქართული ენა.

ჩვენ გაგვასახლეს ვითარცა "თურქნი" და 220 სოფელი ერთ ღამეში გააუბედურეს.

ამჟამად ჩვენ მომავალი თაობის ბედი გვაწუხებს, ბედი ქართველებისა მესხეთიდან. ამიტომაც მოგმართავთ ესოდენ დაბეჯითებით დაგვეხმაროთ, რათა კვლავ განვიცადოთ დიადი ბედნიერება, დავუბრუნდეთ სამშობლოს და ვიცხოვროთ ერთობლივი ეკონომიკური და სულიერი ცხოვრებით მშობლიურ ქართველ ხალხთან ერთად. ყურს ნუ დაუგდებთ პოლიტიკურ ავანტიურისტებს, რომლებიც პირადი ინტერესებისათვის ყველანაირად ცდილობენ მტრობა ჩამოაგდონ ძმებს შორის და ამით სამუდამოდ სხვა ქვეყანაში დატოვონ ხალხი.

ჩვენ არამც და არამც არ ვითხოვთ მატერიალურ დახმარებას, არამედ მოგიწოდებთ ქართველი ხალხის ინტერესების დასაცავად, საქართველოს რესპუბლიკის აღზევებისა და განდიდებისათვის.

სამშობლოს გრძნობა და სიყვარული წლიდან წლამდე როდი მცირდება. პირიქით, იზრდება იგი და მომავალ თაობებს გადაეცემა. ამჟამად დაახლოებით 300 ათასი ქართველი მუსლიმანი მესხეთიდან ცხოვრობს მარტოოდენ სამშობლოში დაბრუნების ოცნებით. ჩვენ გვიყვარს ჩვენი მშობლიური მიდამოები, ჩვენ გვსურს ვიცხოვროთ და ვიმოღვაწეოთ ჩვენი მშობლიური მხარისა და ჩვენი გამოჩენილი წინაპრების – შოთა რუსთველის, სარგის თმოგველის, გიორგი და იოანე მთაწმინდელების, სერაპიონ ზარზმელის, ბექა და ბეშქენ ოპიზართა და სხვათა სადიდებლად, ჩვენი წმინდა მიწა-წყლის სადიდებლად, ეგზომ ძვირფასისა ჩვენთვის.

ისტორიულად კულტურულმა ხალხმა, თავისი ნაციონალური სულით სახელოვანმა, მშობლიური რესპუბლიკის ბჭენი არ უნდა გადაუკეტოს სისხლისმიერ და სულიერ შვილებს, ქართველ მუსულმანებს მესხეთიდან. ოცი წელია ნიადაგ გავკივით, ვაცხადებთ პროტესტს, რომ "თურქები" არა ვართ! 

თუ ხიშტები არ დაეხმარება, მეცნიერულად ვერავინ შეძლებს ჰპოვოს ჩვენს შორის თურქი ან აზერბაიჯანელი. ჩვენ კი ადვილად ვპოვებთ ათიათასობით კაცს, რომელთაც შემოუნახავთ ენა თავიანთი წინაპრებისა, ქართველებისა მესხეთიდან, ქართული გვარები, წეს-ჩვეულებანი, ფსიქიკა, ეთნიკური თავისებურებანი, ფიზიონომია და ა.შ.

მოწინავე ინტელიგენცია ჩვენი ხალხისა მუდამ იბრძოდა სამშობლოში დაბრუნებაზე, მშობლიურ ქართველ ხალხთან შეერთებაზე. ამ საკითხებით არაერთგზის მიგვიმართნია საქართველოს პარტიისა და მთავრობის ხელმძღვანელთათვის, მაგრამ საუბედუროდ ოცი წლის განმავლობაში დადებით პასუხს ვერ ვეღირსეთ.

1963 წლის ზაფხულში ნაციონალობის აღსადგენად ჩვენ, ჯგუფმა, დელეგატებმა ხალხისა, მივმართეთ სსრკ-ს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს, მაგრამ როგორც ცნობილი გახდა მოსკოვი არ დაინტერესებულა ისტორიული დოკუმენტების საფუძველზე აღედგინა ჩვენთვის ნაციონალობა. როდესაც სსრკ-ს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულმა განყოფილებამ მოითხოვა უფლება უმაღლესი საბჭოსაგან, მინისტრთა საბჭოსაგან, სსრკ-ს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტისაგან შესატყვისი დოკუმენტები წარედგინა მათთვის, თითოეულმა უარი განაცხადა.

ყოველივე ამის გათვალისწინებით ჩვენ დავასკვენით, რომ ამ საკითხის გადაწყვეტაში მრავალი სიძნელე გვეღობება. ამ საკითხის ბედის ანაბარა დაგდება 300 ათას ქართველს გამოაცლის ხელიდან საქართველოს. საქართველოსათვის კი ეს ამბავი ერთობ მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, რომ ამჟამად ნაციონალობათა გამსხვილების პროცესი მიმდინარეობს. სხვა რომ არა იყოს, ამაში არც დაგვეთანხმებიან, არც დაგვიმადლებენ მომავალი თაობები. რაც შეგვეხება ჩვენ, გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ჩვენი ხალხი ვიხსნათ სამარცხვინო ასიმილაციისაგან. მაგრამ ისიც კარგად გვესმის, რომ მამულის დაუხმარებლად გაგვიჭირდება ამის მიღწევა.

ამჟამად 150 ოჯახზე მეტმა გაგზავნა საჩივარი სსრკ-ს ნაციონალურ პალატაში. ნაციონალობის აღდგენასა და ქართული გვარების დაბრუნებას მოითხოვენ ისინი. განცხადების შეტანა დღესაც გრძელდება. ჩვენ ბოლომდე დავიცავთ მესხურ პრინციპიალობას, სანამ სამართლიანობით არ გადაწყდება ჩვენი საკითხი. ქართველი მუსულმანების ტრაგედიის ღრმა ანალიზმა მიგვიყვანა დასკვნამდე, რომ თავის დროზე ხალხს არ ჰყავდა მოწინავე ინტელიგენცია, რომელიც იზრუნებდა მის ბედიღბალსა და მის სამშობლოზე.

ხალხი სავსებით გაუნათლებელი იყო და მუსლიმანი სასულიერო პირების გავლენას განიცდიდა. მას ჩასჩიჩინებდნენ: ყველა მუსლიმანი ძმაა, ხოლო არამუსლიმანი, შენი ღვიძლი ძმაც რომ იყვეს – მტერი. ამიტომ არაბები და თურქები უფრო ახლობლად ეჩვენებოდათ, ვიდრე სისხლისმიერი ქრისტიანი ძმა. ამჟამად დოგმატის დრო გადაეგო. მესხეთში იშვა ინტელიგენცია, რომელიც სხვა თვალით უმზერს სამყაროს.

ერთ-ერთმა პატრიოტმა თავის გამოსვლაში განაცხადა: "ერთად აღებულ ყველა რწმენასა და სარწმუნოებაში არ გავცვლი სამშობლოს ერთ მუჭა მიწას. ჩემი სამშობლო საქართველოა, ჩემი წინაპრები ქართველები იყვნენ და მეც ქართველი ვარ. ჩემი სამშობლოს, ჩემი ხალხის ჭირი და ლხენა ჩემი ჭირი და ლხენაა. ესაა ჩემი მრწამსი, ესაა ჩემი მოძღვრება".

ამჟამად სასულიერო პირთა მოწინავე ნაწილიც მხარს გვიჭერს და ამბობს: რელიგიის შეცვლით არ იცვლება ნაციონალობა.

ამასთან ერთად, ჩვენ მადლიერნი ვართ ჩვენი მეგობრების, რომელნიც ჩვენთან ერთად იბრძოდნენ ამ მნიშვნელოვანი საქმისათვის, სამშობლოში დაბრუნებისათვის ქართველი მუსლიმანებისა მესხეთიდან და ქართველ ხალხთან მათი კვლავ შეერთებისათვის. მადლიერნი ვართ საქართველოს მეცნიერთა აკადემიისა მუსხელიშვილის ხელმძღვანელობით, მწერალთა კავშირისა ირაკლი აბაშიძის თაოსნობით, დაბოლოს ჩვენი პატივცემული პატრიოტის, შოთა ლომსაძისა, რომელიც აგერ ოცი წელია ჩვენთან ერთად მუშაობს გაუბედურებული ხალხის ხელახალ აღზრდასა და აღდგენაზე, აგრეთვე ვახტანგ ჯაფარიძისა და სხვ.

ამჟამად ჩვენ გვაინტერესებს მეტად ძნელი და საპასუხისმგებლო საკითხი: არის კია შესაძლებელი ხალხის დაბრუნება და მისი ხელახალი აღზრდა? უცილოდ შესაძლებელია. ჩვენის აზრით, დასაწყისისათვის სასურველი იქნებოდა 150-200 ოჯახის დაბრუნება მშობლიურ მიწა-წყალზე. ეს იქნებოდა თვალსაჩინო დადასტურება ორი სისხლისმიერი ძმის კვლავ დაახლოებისა.

ჩვენ, ხალხის წარმომადგენელნი, მისი სახელით პასუხს ვაგებთ საქართველოს პარტიისა და მთავრობის წინაშე, რომ შევძლებთ ახლანდელი და მომავალი თაობის ხელახალ აღზრდას, თუმცა 350 წლის განმავლობაში მიყენებული ჭრილობების შეხორცება ხანგრძლივ დროს საჭიროებს. ამას კი სჭირდება დედობრივი ალერსის სისათუთე და მამობრივი მზრუნველობა. სამშობლოში დაბრუნებულები, ჩვენი პატიოსანი შრომით განვაახლებთ მშობლიური მესხეთის მხარეს.

ხალხის წარმოგზავნილები უმაროვ – გოზალიშვილი, ხალილ აიუბოვ, აბაშიძე ჯემალ ჩვენი მისამართია: ყბ ასსრ, ურვანის რაიონი, ბსიკათის საბჭოთა მეურნეობა. ჯემალ აიუბოვ - აბაშიძე [3]

საბჭოთა კავშირის კომპარტიის XXIII ყრილობის პრეზიდიუმს პარტიის წევრის 1972 წლიდან /პარტბილეთი #06009596/, ადიგენის რაიონის სოფ. უდეში დაბადებულის, აზერბაიჯანის სსრ ქალაქ მინგეჩაურში მცხოვრების, სკოლა-ინტერნატის მასწავლებლის, ლატიფშაჰ ბარათაშვილის

ს ა ჩ ი ვ ა რ ი

1944 წლის 15 ნოემბერს ჩვენი უდანაშაულო ხალხი გახდა მსხვერპლი სტალინის პიროვნების კულტის და ბერიას დიქტატურისა და იარაღის ძალით იქნა გაძევებული მშობლიური მიწა-წყლიდან. გამოიყენეს რა ბოროტად უმაღლესი საბჭოთა სახელმწიფოებრივი განმგებლობა, მოგვიწყეს `ლენინგრადის საქმის~-მაგვარი პროვოკაცია და სოციალიზმის დაცვის საბაბით საქართველოს სსრ ახალციხის, ასპინძის, ახალქალაქის, ადიგენისა და ბოგდანოვკის მუსულმანური რაიონებიდან განდევნეს და შუა აზიის რესპუბლიკებში განთესეს 198 000 მცხოვრები.

მოახდინეს ჩვენი ხალხის დისკრიმინაცია, მთელი ქონების კონფისკაცია, ჩვენს მომავალ თაობას კი აჰყარეს სამშობლოში დაბრუნების უფლება. დაარღვიეს ჩვენი ეთნოგრაფია, ეკონომიკა, კულტურა და მთელი სულიერი სიმდიდრე. დღემდე მაინც იმას ვფიქრობთ, რომ 22 წლის მანძილზე განაწამები ხალხის ღაღადისი ბოლოს და ბოლოს მიაღწევს სსრკ-ს კომპარტიის ცკ-მდე და მინისტრთა საბჭომდე და მოიძებნება ადამიანი, რომელიც ხელს მოჰკიდებს ჩვენი რეაბილიტაციის საქმეს.

1935-1953 წლებში ბერიას ბანდები თავიანთი ავტორიტეტის ასამაღლებლად თანდათანობით ძირს სცემდნენ ჩვენი ხალხის ავტორიტეტს საბჭოთა მთავრობის წინაშე.

1942-44 წლებში პროვოკაციამ ჩვენ მიმართ კულმინაციურ წერტილს მიაღწია.

1942 წელს აჭარიდან გადმოაგზავნეს პროვოკატორი ჯანფალად პლატელი ოღლი თანამზრახველებით - ასლანითა და ყაფლანით, რომელთაც ეწოდათ ადიგენის НКВД. ამ უკანასკნელებმა კარგად უწყიან, თუ ვინ გამოგზავნა ისინი. მათ ასეთი დავალება მიიღეს: შექმნან სამხედრო პროვოკაცია სოფელ მოხეს გარშემო და ხელოვნურად გაამძაფრონ იგი, როგორც ანტისაბჭოთა მოქმედება მესხების მხრიდან.

ჩვენთვის ეს ამბავი ნათელი გახდა მხოლოდ ჩვენი ცხოვრების დანგრევის შემდეგ. ზაფხულში, პროვოკატორმა მოკლა НКВД-ს თანამშრომელი, სოფელ სმადის მცხოვრები მელიქბეგი, რადგან მელიქბეგს სურდა მისი დაპატიმრება. სხვა წარმატება მას არ ჰქონია. ადიგენის რაიონის რაისამომხმარებლო კავშირის თავმჯდომარე, სოფ. უდეს მცხოვრები ბინალი ჭილაშვილი მომიყვა შემდეგს: 1942 წ. როგორც ადიგენის პარტიის რაიკომის რწმუნებული, სოფ. მოხეზე ვიყავი მიმაგრებული. დამავალეს თვალყური მედევნებინა სოფ. მოხეს სამეურნეო და პოლიტიკური ცხოვრებისათვის. ერთ საღამოს მე დავარიგე რაიონის სამხ. კომისარიატის უწყებები წითელ არმიაში მობილიზაციისათვის, მაგრამ დილით გამოირკვა, რომ უწყებების დარიგებამდე ადიგენის რაიონის შსსს უფროსმა წვევამდელებს დაურიგა შაშხანები ვაზნებითურთ და ისინი იქცნენ დეზერტირებად, გაჰყვნენ პროვოკატორ "ჯანფალადს".

ასეთი დეზერტირი 15-20 კაცზე მეტი როდი იყო /შემდგომში ეს რიცხვი პროვოკატორებმა გაზარდეს X-ოდენობამდე/. შემდგომად ამისა – ჰყვება ჭილაშვილი – მე უმალ ვაცნობე ეს ამბავი ადიგენის რაიონის I მდივანს, ამხანაგ დ. გელაძეს. ალბათ მან მიიღო შესაბამისი ზომები, რის გამოც რაიონის НКВД-ს უფროსი სხვა თანამდებობაზე გადაიყვანეს. აი, როდის დაწყებულა პროვოკაცია. 1942 წლის ოქტომბერში სოფელ მოხეში გაიწვიეს ადიგენის, ახალციხისა და ასპინძის რაიონებისა და მათში შემავალი სოფსაბჭოთა მეურნეობების განმანადგურებელი ბატალიონები.

პირადად მე ვმონაწილეობდი "მოხეს ბრძოლაში", როგორც უდეს სოფსაბჭოს გამანადგურებელი ბატალიონის წევრი.

პარტიისა და გამანადგურებელი ბატალიონის წევრები სოფ. აფიეთიდან, ჩემთან ერთად რომ მონაწილეობდნენ ე.წ. "მოხეს ბრძოლაში", ამგვარ განმარტებას იძლეოდნენ. "მე, რამიზ ხურშუდ ოღლი, დაბ. 1932 წელს, ადიგენის რაიონის სოფ. აფიეთის მცხოვრები, კოლმეურნეობა "სოციალიზმის" ყოფილი თავმჯდომარე, როგორც მოწმე, მოკლე განმარტებას ვიძლევი ე.წ. `მოხეს ბრძოლაზე".

1943 წლის ზაფხულში ადიგენის რაიონს მოევლინა ხელისუფლებისათვის უცნობი შეიარაღებული ყაჩაღი, რომელმაც ავანტიურით გაითქვა სახელი. დიდხანს არ იცოდნენ მისი ვინაობა და წარმომავლობა. ბოლოს მან თავის გარშემო შემოიკრიბა რამოდენიმე უსაქმური და მოკლა რამოდენიმე კაცი: მელიქბეგ მუსაევი, ბიანლი მახმუდოვი და სამხედრო მოსამსახურენი.

მელიქბეგ მუსაევი მილიციის თანამშრომელი იყო, ხალხის უსაყვარლესი ადამიანი.

ამგვარად, ასლანად სახელდებული ეს ბანდიტი, აჭარის ასსრ-ის ხულოს რაიონის სოფ. აგარის მცხოვრები, მოხეს მახლობლად ბრძოლით შეხვდა გამანადგურებელ ბატალიონს, რის შედეგადაც მოკლულ იქნა რამოდენიმე კაცი. ამის შემდეგ იგი გაქრა ჩვენი რაიონიდან.

აჭარაში ყოფნისას, 1944 წლის ზამთარში მან მოკლა კიდევ რამოდენიმე ამხანაგი.

და ბოლოს, 1944 წლის გაზაფხულზე ეს ბანდიტი მოკლეს დიდაჭარის ხიდზე აჭარის შსს-ს ორგანოებმა /ხურშუდ ოღლი რ./.

ქ. ფრუნზე. 2/VII, 1963 წელი.

"ძვირფასო მეგობრებო: მე, ქიბარ ოღლი ალადინი, დაბ. 1903 წელს ადიგენის რაიონის სოფ. ანიეთში, პარტიის წევრი 1938 წლიდან, ადიგენის პარტიის რაიკომის ყოფილი ინსტრუქტორი, როგორც მოწმე ვიძლევი მოკლე განმარტებას, ე.წ. "მოხეს ბრძოლის" შესახებ. ეს მოხდა 1943 წლის აგვისტოსა თუ სექტემბერში, არ მახსოვს, მაგრამ ის კი ნამდვილად მახსოვს, რომ ამ ავანტიურის მეთაური აჭარელი იყო. მან იმჟამად მოკლა ოფიცერი, უფროსი მილიციელი მუსაევი და სხვები. ბანდიტი აჭარის ასსრ ხულოს რაიონიდან იყო წარმოშობით. /ქიბარ ოღლი ალადინ/

ამ შემთხვევის მნიშვნელობის გაზრდის მიზნით იმ დღეებში მოხეში იმყოფებოდნენ საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა კომისარი რაფავა და მისი თანამშრომლები. იქვე მიწვეულ იქნა სასაზღვრო ჯარების რამდენიმე ნაწილი.

"ოპერაცია" შვიდი დღე გაგრძელდა. "ოპერაციის" დროს არავინ დაუპატიმრებიათ. მესაზღვრეთა და მანადგურებელთა წასვლის შემდეგ დეზერტირები თავისით ჩაბარდნენ. მათ არავითარი მიზანი არ ჰქონიათ და ამიტომ ადვილად მოხვდნენ პროვოკატორის გავლენის ქვეშ.

სოფ. უდეს მცხოვრებმა, ადიგენის რაიონის გამანადგურებელი ბატალიონის წევრმა პავლე კაკაშვილმა მოკლა ადიგენის რაიონის შემნახველი სალაროს უფროსი, სომეხი ვახანი, იმ საბაბით, თითქოს ორთავეს ერთი ქალიშვილი უყვარდათ და ეს მკვლელობა დეზერტირებს გადააბრალა. იმჟამად ეს იყო ხელსაყრელი მომენტი შავ საქმეთა ავტორებისათვის.

რათა ზემოხსენებული ავანტიურისტის კვალი დაეფარათ, დაქირავებული პროვოკატორისა საბჭოთა არმიის ლეიტენანტის ფორმით, იგი მოკლეს აჭარის ასსრ-ის სოფ. ზოდის მცხოვრებლებმა, "ჯანფალად პლატელი ოღლის" შავბნელ თანამზრახველთა დავალებით, სახელდობრ, იგი მოკლა დეიდაშვილმა ხულოს ხიდის მახლობლად. მოკლეს აგრეთვე პროვოკატორის მკვლელიც სოფ. ზოდში. პროვოკატორის თანამებრძოლნი ასლანი და ყაფლანი აორთქლდნენ პროვოკაციის ადგილიდან.

ჩვენი გასახლების შემდეგ გაავრცელეს კიდევ ერთი პროვოკაცია, თითქოს მესხეთში აღმოეჩინოთ სამხედრო საწყობები საბრძოლო აღჭურვილობით. ასე მიაღწიეს თავიანთ მიზნებს ბნელი განზრახვის ადამიანებმა. 

ზემოხსენებული პროვოკაციის შედეგად 1943 წელს საფუძველი ჩაეყარა საქართველოს ნაციონალური თვითმკვლელობის საძირკველს და მესხთა ტრაგედიას 1944 წლის 15 ნოემბერს, რომელიც კონსპირატიულად მზადდებოდა.

რომ შევაჯამოთ რომანოვთა რუსეთში მომხდარი ებრაელთა ყველა პოგრომის მატერიალური ზარალი, იგი ვერ შეედრება იმ მატერიალურ ზარალს, რომელიც ორგანიზებულად მოგვაყენეს ჩვენ 1944 წლის 15 ნოემბერს.

ხელისუფალთა მიერ ჩვენი დარბევის კონკრეტული სურათისთვის მსურს მოვიყვანო შემდეგი რიცხვები: 

რაიონები

სოფ. საბჭოების რაოდენობა

სოფლების რაოდენობა

ოჯახთა რაოდენობა

ადამიანთა რაოდენობა

წართმეული ქონების ჯამი / მანეთებში

ადიგენი

18 73  10950  65700  54 750 000

ახალციხე

16 70  10500  63000  52 500 000 

ასპინძა

14 65  9750  58500  48 750 000 

ახალქალაქი

15 10  2500  9000  7 500 000 

ბოგდანოვკა

1 1800  1800  1 500 000 

 

სულ

64

 220 

198000 

198000 

165 000 000 

 

თითოეულ ოჯახზე საშუალოდ მოდის 6 სული, ხოლო ყოველ სოფელზე 150 ოჯახი.

უსამართლობის დონემ იმდენად იმატა, რომ 1944 წელს სოციალიზმის ეპოქაში, "ლენინის დროშის ქვეშ" სოციალიზმის ვითომდა დაცვისათვის ორდენებითა და მედლებით აჯილდოვებდნენ მათ, ვინც განსაკუთრებით გაითქვა სახელი სიმკაცრით კავკასიის მცირერიცხოვანი მუსულმანი ხალხების გადასახლებისას. ეს ორდენები დღემდე არ გაუუქმებიათ.

საწყენია, რომ ზოგიერთი მუშაკი დააჯილდოვეს სწორედ მცირერიცხოვანი ხალხების იმ არაადამიანური გათელვისთვის. იმედია, ამჟამად ჩვენი მთავრობა შეისწავლის დაჯილდოებისა და ზემოხსენებული ინიციატორების საკითხს და გააუქმებს ჯილდოებს.

მესხები კლასს როდი წარმოადგენენ. 200 ათას მესხთა შორის იყო და არის მრავალი მუშა, კოლმეურნე და მოსამსახურე. ყველა ისინი იყვნენ და არიან კომუნიზმის მშენებლები. საბჭოთა კავშირის ყველა სხვა ხალხებისა და ნაციონალობების მსგავსად მათაც გაიარეს საბჭოთა სახელმწიფოსა და საზოგადოების განვითარების ყველა ეტაპი 1921-1944 წლამდე. 

ჩვენ ვიზრდებოდით საბჭოთა ხალხთან ერთად – იმავე დონეზე, ერთად გაგვივლია კლასობრივი ბრძოლები, ერთად გადავედით სოციალიზმში, ხელმძღვანელობას გვიწევდა ერთი და იგივე პარტია, ერთად ვიბრძოდით და დავამარცხეთ ფაშიზმი, და ბოლოს სხვებთან ერთად ჩვენც გავხდით სოციალისტური საზოგადოების წევრები. ცხადია, მთელი საბჭოთა ხალხი თავისი კლასებით ჩვენთან ერთად ანტიკომუნიზმისკენ უნდა წარმართულიყვნენ, თუკი ამგვარად წარმოგვიდგენდნენ ბერიას ავანტიურისტული ბანდები.

საბჭოთა დემოკრატია, საბჭოთა ადამიანის უფლებანი ჩინებულადაა წარმოდგენილი საბჭოთა კავშირის კონსტიტუციაში, კომუნისტური პარტიის პროგრამაში. მით უფრო ძნელი დასაჯერებელია ხელისუფალთა მიერ მოწყობილი 1944 წლის კოშმარი.

"...ჩვენ ვიცით, თუ სად მიგვიყვანა სტალინის მიერ შემოთავაზებულმა თეორიამ კლასობრივი ბრძოლის გამწვავების შესახებ სოციალიზმის მშენებლობაში წარმატებების შესაბამისად. ამ თეორიამ, როგორც ცნობილია, გამოიწვია სოციალისტური კანონების უხეში დარღვევა. სკკპ-მ ბოლო მოუღო ამ ამბავს, რომლის მსგავსსაც შემდგომში იგი აღარ დაუშვებს. იგი ატარებდა და კვლავაც გაატარებს მუშათა კლასისა და გლეხთა კავშირის გაძლიერების პოლიტიკას, ყველა მშრომელის ერთ კოლექტივად გაერთიანების პოლიტიკას კომუნიზმის მშენებლობისათვის". /ამხ. მ. ა. სუსლოვის მოხსენებიდან სკკპ ცკ-ს პლენუმზე 14/II, 1964 წელს/.

მიუხედავად ამისა, დღემდე გრძელდება ჩვენ მიმართ თვალყურის დევნება, თითქოს მესხები უცხო ქვეყნის აგენტები იყვნენ. ჩვენი ხალხის განმათავისუფლებელი მოძრაობის გაძლიერებასთან ერთად სახ. უშიშროების კომიტეტმა აქტიურად მოჰკიდა ხელი ჩვენი საქმეების დამუხრუჭებას.

თავდაპირველად მათ მიმართეს ქართველ მწერლებსა და პოეტებს, რათა დაეწერათ მოთხრობა ან რომანი, რითაც შეიძლებოდა თავის მართლება, რომ მუსულმანი მესხების გასახლება მართლაც კანონზომიერი, სოციალიზმისა და კომუნიზმისათვის სასარგებლო მოვლენა იყო. როდესაც ასეთი მწერალი ვერ მოძებნეს, იგივე საქმე დაავალეს ჩვენი ხალხის პირმშოს, კომუნისტს, რომელიც მთელი სიცოცხლე კონტრდაზვერვაში მუშაობდა, სასაზღვრო ჯარების პოდპოლკოვნიკს, ამჟამად ქ. თბილისში მცხოვრებ აზალხან ალიმხანოვს და დიდძალ ფულად ჯილდოს დაპირდნენ, მაგრამ ალიმხანოვმა უარი განაცხადა საკუთარი ხალხის სტრეიკბეხერობაზე. მაშინ სახ. უშიშროების კომიტეტის უფროსის მოადგილის ინიციატივით იგი სამსახურიდან გაანთავისუფლეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი გასახლების მერე იგი გაანთავისუფლეს სამსახურიდან, როგორც არასანდო პირი. თანაც ცრუობდნენ, რომ მისი პირადი საქმე "დაიკარგა" რესპუბლიკური სასაზღვრო შტაბის სეიფიდან. ალიმხანოვს დღემდე არ ეშვებიან. მას ხშირად ათავისუფლებდნენ, როგორც არასანდო პირს და დღესაც იმავეს განაგრძობენ, გასახლებასაც კი უპირებენ ქ.თბილისიდან, მაგრამ დღემდე მიზეზი ვერ უპოვეს.

ბოლოს იპოვეს "მწერალი", მისცეს დავალება, თემის სახელწოდებაა "პაროლი აკ-ჩა" და ფსევდონიმი ,,ს-პრაღა”. ეს კამპანია დაიწყო გაზეთ `მოლოდაია გრუზიის~ ფურცლებზე 1964-65 წლებში. ჩვენი შეურაცხყოფის მიზნით "ს-პრაღამ" შექმნა "დოკუმენტური" მოთხრობა, სადაც ამტკიცებდა, რომ მესხები, ქართველი მუსულმანები, თურქეთის სახელმწიფოს ჯაშუშები და საბჭოთა სახელმწიფოს გამცემლები არიან.

აი, სანამდე მივიდა ეს უგნური ცილისწამება ჩვენ მიმართ. ჩვენ მოვითხოვთ შეწყდეს ამგვარი შეურაცხყოფა ჩვენი ხალხისა, სახელოვანი მშრომელებისა, კომუნისტებისა, მასწავლებლებისა და ა.შ.

ყოველივე ეს ემსახურება ქრისტიანი ქართველებისა და ქართველ მუსულმანთა დამაკავშირებელი ძაფების გაწყვეტას.

ამჯერად ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ლენინური 23-ე ყრილობა, რომელიც ბოლო ხანებში განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ნაციონალურ პოლიტიკას, აუცილებელ დახმარებას გაგვიწევს ამ ისტორიულ საქმეში, ამ ჰუმანურ ქმედებაში, რაც მაგალითის მიმცემი იქნება მთელი მსოფლიოს ხალხებისათვის.

მესხები, ქართველი მუსლიმანები ჩინებული მეცხოველეები, მებაღეები, მიწათმოქმედნი, შრომისმოყვარე და პატიოსანი ადამიანები არიან. ეჭვს არ იწვევს, რომ თავიანთ მშობლიურ მხარეში ისინი დიდ სარგებლობას მოუტანენ ჩვენს განვითარებად სოფლის მეურნეობასა და მეცხოველეობას.

ასე რომ, მესხების რეაბილიტაცია განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს პოლიტიკური, ეკონომიკური, ნაციონალური, ისტორიული და დემოგრაფიული თვალსაზრისით.

ჩვენ ასევე დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს ღონისძიება მთელი ქართველი ხალხის მიერ აღქმული იქნება, როგორც ჩვენი პარტიის და ხელისუფლების განსაკუთრებული ზრუნვა მისი ისტორიული ბედისადმი, რაც საფუძველი გახდება ჩვენი ხალხის ახალი შრომითი და სამეურნეო გამარჯვებებისა.

ლატიფშაჰ ბარათაშვილი 1965 წლის 25 დეკემბერი ქ. მინგეჩაური.

 

____

[1] სსიპ საქართველოს შსს არქივი, ფ. #6, ტ. #33, ფურც. 16

[2] სსიპ საქართველოს შსს არქივი, ფ. #6, ტ. #19, ფურც. 23.

[3] სსიპ საქართველოს შსს არქივი, ფ. #6, ტ. #19, ფურც. 89-92.