ბირთვული საფრთხე პუტინის მიმართვაში

1 მარტი 2024 Shadow

2024 წლის 29 თებერვალს ვლადიმერ პუტინი რუსეთის ფედერალური ასამბლეის წინაშე ყოველწლიური მიმართვით წარსდგა. ჩინოვნიკებმა და დეპუტატებმა გამოსვლას თვალი ქვეყნის სხვადასხვა კინოთეატრიდან მიადევნეს. მიმართვაში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი მრავალ საკითხს შეეხო: ეკონომიკას, გადასახადებს, ინფრასტრუქტურას, განათლებას, თუმცა, რასაკვირველია, ყველაზე დიდი დრო საგარეო საკითხების განხილვას დაუთმო და ე.წ “სპეციალურ სამხედრო ოპერაციას” სრული მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა. 

 

განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა მიმართვაში ბირთვული საკითხების განხილვაც. პუტინმა ტყუილი უწოდა აშშ-ის დაზვერვის გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს რუსეთი კოსმოსში ბირთვული ძალების განლაგებას და 1963 წლის შეთანხმების დარღვევას გეგმავს:

“უფრო და უფრო ხშირად ისმის ბრალდებები, რომ ჩვენ კოსმოსში ბირთვული ძალების განლაგებას ვგეგმავთ - ეს შემოგდებული ამბავია. დასავლეთი ცდილობს, შეიარაღების რბოლაში ჩაგვითრიოს, რითაც 1980-იანი წლების ტრიუკს გაიმეორებს”.

 

აქვე პუტინმა ისაუბრა “ევრაზიის უსაფრთხოების ახალი კონტურების” მშენებლობის სურვილზე, რუსოფობიაზე, რაც “რასიზმად” მოიხსენია და გაკვირვება გამოხატა ნატოს ჯარების უკრაინის კონფლიქტში სავარაუდო მონაწილეობის შესახებ ემანუელ მაკრონის განცხადებაზე:

“ეს ომი მთელ დედამიწას საფრთხეში ჩააგდებს. რა ჰგონიათ, ეს მულტფილმია? მათ დაავიწყდათ, რა არის ომი. რუსოფობია განსჯის უნარს აკარგვინებს”.

 

მიუხედავად, “ანტისაომარი” რიტორიკისა, პუტინმა გაიმეორა რუსი პროპაგანდისტების ნარატივი და ქვეყნის ბირთვული ძალების ნებისმიერი სცენარისათვის სრულ მზადყოფნაზე ისაუბრა. რუსეთის პრეზიდენტმა აქვე დაამატა, რომ შარშანდელ მიმართვაში გაჟღერებული ყველა გეგმა შეიარაღებასთან დაკავშირებით, შესრულდა. 

“ჰიპერბგერითი კომპლექსი “კინჟალი” არამხოლოდ შეიარაღებას დაემატა, არამედ სპეციალური სამხედრო ოპერაციის სამიზნეების დასაზიანებლადაც მაღალი ეფექტიანობით გამოიყენება”.

 

ასევე, პუტინის სიტყვებით ბრძოლის ველზე აქტიურად იყენებენ საზღვაო დამრტყმელ კომპლექს “ცირკონს”, ხმელეთზე კი განლაგებულია კონტინენტთაშორისი ჰიპერბგერითი “ავანგარდი” და ლაზერული კომპლექსი “პერესვეტი”. 

 

ერთი სიტყვით, პუტინის წლევანდელი გამოსვლა ტრადიციულად ორსახოვანი იყო - ერთი მხრივ, ის მშვიდობის მსურველად მოგვევლინა, კონფლიქტის გაწელვაში დასავლეთი დაადანაშაულა და უსაფრთხოების ახალი წესრიგის მშენებლობის სურვილი გამოთქვა, ხოლო, მეორე მხრივ, მკაცრი, მუქარის შემცველი რიტორიკაც შეინარჩუნა და ომის კიდევ უფრო გამწვავებისათვის მზადყოფნა გამოამჟღავნა.