სერგეი პროკოფიევის დაკრძალვა

5 მარტი 2020 Shadow

1953 წლის 5 მარტს დიდი კომპოზიტორი, სერგეი პროკოფიევი გარდაიცვალა, იმავე დღეს როდესაც იოსებ სტალინი. კონიუნქტურის გამო მას უყვარდა სტალინი, თვლიდა დიდებულ ადამიანად. ის გულწრფელად უძღვნიდა საქებარ ოდებს დიდ ბელადს. ის სტალინის რითმში ცხოვრობდა და გარდაიცვალა მისი გარდაცვალების დღეს.

იმ დროს, როდესაც სტალინს გარს ერტყა მოსამძიმრეთა მილიონიანი არმია და საბჭოელთა სახლის სვეტებიანი დარბაზის ცენტრში იწვა, პროკოფიევი წყნარად განისვენებდა საკუთარ ბინაში და როგორი სიმბოლურიც არ უნდა იყოს, უკანასკნელ გზაზე მან საკუთარ ქალაქს პირდაპირი მნიშვნელობით გადაუფრინა.

 

სერგეი პროკოფიევი

 

პროკოფიევი უდავოდ ერთ-ერთი საუკეთესო საბჭოთა კომპოზიტორი იყო, თუმცა სხვებისგან განსხვავებით, ის, „რევოლუციის პირმშო“ არ გახლდათ. ის 15 წელი, რომელიც აშორებდა ეპოქის სხვა ტიტანის, დიმიტრი შოსტაკოვიჩისგან, მას სხვა ეპოქის შვილად აქცევდა.

შოსტაკოვიჩისგან განსხვავებით, რომლის ახალგაზრდობამაც რევოლუციურ პეტროგრადში გაიარა, მარშით მავალ ჯარისკაცებსა და მატროსებს შორის და ტყვიების ზუზუნში, პროკოფიევის ტალანტი რევოლუციამდელი რუსეთის ბოჰემურ და არისტოკრატულ ატმოსფეროში ჩამოყალიბდა. მის კლასიკურ მუსიკალურ გემოვნებას შოპენი და ლისტი განაპირობებდნენ.

 

პროკოფიევის და შოსტაკოვიჩს უკანასკნელი "საერთო ფოტო"

 

რევოლუციის შემდეგ ის გერმანიაში გადავიდა საცხოვრებლად, შემდეგ საფრანგეთსა და ამერიკაში. 10 წელზე მეტ ხანს ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საზღვარგარეთ.

ამ დროს მის სამშობლოში ახალი ცხოვრება იწყებოდა: "ხალხთა დიდი ბელადის, იოსებ სტალინის მეთაურობით, მუშათა და გლეხთა სახელმწიფო ცდილობდა აეშენებინა მსოფლიოში პირველი სახელმწიფო თანაბარი შესაძლებლობებით“. მსგავსი მოწოდებების გამო, პროკოფიევი მთელი სულით და გულით ცდილობდა სამშობლოში დაბრუნებას, სადაც ისმოდა ინდუსტრიალიზაციის დამრტყმელი მარშები და პირველი ხუთწლედისადმი მიძღვნილი ჰიმნები.

 

საბჭოთა პროპაგანდისტული სააგიტაციო პლაკატი

 

1930-იან წლებში, როდესაც რეპრესიების ტალღა ნელ-ნელა მოიცავდა საბჭოთა კავშირის ინტელიგენციის ყველა ფენას. იმ დროს, როდესაც მრავალი ხელოვანი თავის გადასარჩენად ქვეყნიდან გარბოდა, პროკოფიევი პირიქით, სამშობლოში დაბრუნდა, რათა მისი კუმირის, სტალინის მხარდამხარ კომუნიზმის მშენებლობაში მიეღო მონაწილეობა.

საბჭოთა ეპოქაში შექმნა საუკეთესო ნაწარმოებები: ბალეტები - „რომეო და ჯულიეტა“ (1935) და „კონკია“ (1944), მუსიკა კინოფილმებისთვის „პორუჩიკი კიჟე“ (1934), „ალექსანდრე ნეველი“ (1938) და „ივანე მრისხანე“ (1945) ,მთელი რიგი პატრიოტული ნაწარმოებებისა, ოპერა „ომი და მშვიდობა“ (1941-1942) და რამდენიმე სიმფონია.

სტალინს უყვარდა და აფასებდა პროკოფიევის მუსიკას და სწორედ ამის გამო, მას, ბევრი რამ ეპატიებოდა და დიდი უფლებებიც ეძლეოდა. პროკოფიევიც აღფრთოვანებული იყო საბჭოთა ქვეყნით და ცდილობდა გამხდარიყო „ნომერი პირველი“ კომპოზიტორი, ეპოქის მთავარი ხმა.

პროკოფიევი 1953 წლის 5 მარტს, 61 წლის ასაკში, ინსულტით, საკუთარ ბინაში გარდაიცვალა. მისი სიკვდილი ქვეყანაში შეუმჩნეველი დარჩა... გასვენებაში პროკოფიევის ქვრივი ცდილობდა ყვავილები ეშოვნა, თუმცა სტალინის სიკვდილის გამო ყველაფერი დაკეტილი იყო, არაფერი მუშაობდა.

 

სტალინის სამგლოვიარო ცერემონიაზე შეკრებილი მოქალაქეები

 
 ქარხანა "დინამოს" მუშები ისმენენ ინფორმაციას სტალინის სიკვდილის შესახებ

 

პროკოფიევის ბინის მეზობელმა რამდენიმე ცოცხალი ყვავილის ღერო მოჭრა, რათა სტალინის ექვსი და შემდგომში უკვე ლენინის პრემიის ლაურეატი კომპოზიტორის კუბოსთან დაეწყო...

ამავდროულად, კომპოზიტორის საყვარელი პიანისტი, სვიატოსლავ რიხტერი სპეციალური რეისით თბილისიდან მოსკოვში მიფრინავდა, რათა სვეტებიან დარბაზში ბელადის კუბოსთან დაეკრა. რიხტერის მოგონებებით, მთელი თვითმფრინავი ყვავილებით იყო გამოტენილი და ის აუტანელი სურნელებისგან იხრჩობოდა.

 

სვიატოსლავ რიხტერი

 

ამავდროულად, მოსკოვის ქუჩებში მრავალმილიონიანი პროცესია მიემართებოდა სვეტებიანი დარბაზისკენ, სტალინთან გამოსამშვიდობებლად... დამშვიდობება სამი დღე-ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამის გამო, პროკოფიევის სახლთან მანქანის მიყვანა შეუძლებელი აღმოჩნდა, მისი სახლი კრემლთან ახლოს მდებარეობდა და სადარბაზოდან გამოსვლაც შეუძლებელი იყო...

1953 წლის 6 მარტის ღამით, პროკოფიევის კუბო სახლიდან გამოიტანეს და კომპოზიტორთა სახლში წაიღეს, სადაც საზოგადოებრივი პანაშვიდი უნდა გამართულიყო. ეს გააკეთა ჯარისკაცთა სპეციალურმა, მთამსვლელთა ქვედანაყოფმა, რომელთაც კუბო თოკებით ფანჯრიდან სახლის სახურავზე აიტანეს და რამდენიმე კვარტალი სახურავ-სახურავებით ატარეს. ორი კილომეტრის დაფარვას ხუთი საათი დასჭირდა.

ერთი ცალი თაიგულის მიტანა პროკოფიევის კუბოსთანაც მოხერხდა, მოიტყუეს, რომ თითქოს ის ბელადის პანაშვიდისთვის სჭირდებოდათ. რამდენიმე ადამიანმა ცოცხალი ყვავილები მოიტანა და თიხის ჭურჭლით კუბოსთან დატოვა.

პროცესიაზე 40-მდე ადამიანი შეგროვდა. პროკოფიევის მეგობრები, გამოჩენილი მუსიკოსები, იძულებულნი გახდნენ ბელადის კუბოსთან დაეკრათ და პროკოფიევის დასაფლავებაზე საკუთარი პროგრამის შესრულების შემდეგ მივიდნენ. ზოგმა ვერც ეს მოახერხა, მევიოლინე დავიდ ოისტრახმა შეძლო, გასვენებას მიუსწრო და იქ კომპოზიტორის რამდენიმე ნაწარმოებიც შეასრულა, ვიოლინჩელისტი მსტისლავ როსტროპოვიჩი კი პირდაპირ სასაფლაოზე გაემართა.

საბჭოეთმა და მსოფლიომ პორკოფიევის სიკვდილის შესახებ მხოლოდ 1953 წლის მარტის ბოლოს შეიტყო, როდესაც ერთ-ერთმა გაზეთმა სტალინის გარდა მისი ნეკროლოგიც გამოაქვეყნა...

 

ავტორი: ელენა საგაჩი

პირველად გამოქვეყნდა: https://zen.yandex.ru/