ახალი პრორუსული საინფორმაციო სააგენტო და ბედუკაძის გადაცემა ახალი წლიდან

26 დეკემბერი 2016 Shadow

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, შპს "თბილისი 24" კომისიის უწყებრივ რეესტრში მაუწყებლობაზე ავტორიზებულ პირად გატარდა. 

თბილისი 24 საინფორმაციო სააგენტოა, რომელიც პრორუსული სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩევა, მისი დირექტორი გოჩა ნაჭყებიაა. როგორც ირკვევა, გოჩა ნაჭყებიასა და პარტია "ცენტრისტები ხაჩიშვილი - ბედუკაძის" ერთ-ერთ დამფუძნებელ ვლადიმერ ბედუკაძეს საქმიანი ურთიერთობა აკავშირებთ, ისინი ორგანიზაცია "საზოგადოებრივი მონიტორინგის ცენტრის" გამგეობის წევრები არიან. ევროკომუნიკატორის ინფორმაციით, "თბილისი 24"-ს დეზინფორმაციაც აქვს გავრცელებული. 

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, "თბილისი 24" კერძო საერთო ტელემაუწყებლობის დაწყებას მიმდინარე წლის 31 დეკემბერს გეგმავს. "თბილისი 24" დღე-ღამის განმავლობაში 6 საათი ქართულ ენაზე იმაუწყებლებს. კომპანია ინტერნეტტექნოლოგიის და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების ქსელის საშუალებით გავრცელდება.

„თბილისი 24“-ის ტელე-ეთერში ერთ-ერთ გადაცემას  ვლადიმერ ბედუკაძე წაიყვანს. როგორც რუსთავის 2-თან საუბრისას განაცხადა, ის პოლიტიკური გადაცემის მომზადებას აპირებს, რომელიც 5 წუთს გასტანს და „ერთ ერთი ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის პროექტის მსგავსი იქნება" . ჟურნალისტის კითხვაზე, იქნება თუ არა ბედუკაძის პროექტი, რუსი ჟურნალისტის მიხეილ ლეონტევის ტელეპროექტის "однако"-ს მსგავსი, ბედუკაძემ უპასუხა: "შეიძლება, ასე უცებ როგორ გამოიცანით" .

ბოლო პერიოდში რუსული პროპაგანდა ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.  „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო“ პრორუსული ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდის წინააღმდეგ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე მუშაობს, რომლის სამუშაო ვერსიის თანახმადაც, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე, აიკრძალება რეკლამა, აგიტაცია და პოლიტიკური პარტიის საქმიანობა, რომელიც შეიცავს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისა და კონსტიტუციური  წყობის, ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დარღვევის ან/და ოკუპაციის ლეგიტიმაციის  საფრთხეს. რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ სახელმწიფო გეგმის შემუშავებისკენ მოუწოდებენ მთავრობას სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც, რადგანაც რუსეთი სულ უფრო აქტიურად ახერხებს მისთვის სასარგებლო მესიჯების მოქალაქეებამდე მიტანს, ამის ფონზე კი პრორუსული სარედაქციო პოლიტიკის მქონე არხისთვის ავტორიზაციის მინიჭება დამატებითი საფრთხის შემცველია.

 

წყარო:

tabula.ge

pirveliradio.ge