ე.წ. სამხრეთ ოსეთში 9 აპრილს რეფერენდუმი დაგეგმეს

9 თებერვალი 2017 Shadow

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა 2017 წლის 9 აპრილს რეფერენდუმი დანიშნა სამხრეთ ოსეთის სახელის შეცვლის  თაობაზე. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა -  სახელწმიფო ალანიაიქნება ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ახალი სახელწოდება თუ ეს პროექტი რეფერენდუმზე მხარდაჭერას მოიპოვებს. თიბილოვის თქმით:

„უნდა გადავარქვათ ჩვენ სახელმწიფოს სამხრეთ ოსეთი – ალანია, ისევე როგორც არის ჩრდილოეთ ოსეთი – ალანია და ამის შემდეგ, შევუერთდეთ ჩრდილოეთ  ოსეთს რუსეთის ფედერაციაში, როგორც სახელმწიფო ალანია. თუმცა, ამ საკითხზე რესპუბლიკაში განსხვავებული მოსაზრებები რჩება და ჩვენ მათ გავითვალისწინებთ“.

ოფიციალურმა თბილისმა დაგმო ეს ნაბიჯი. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით:

„პლებისციტი, არჩევნები ან რაიმე სხვა ქმედება, რომელიც გულისხმობს მოსახლეობის ნების თავისუფალ გამოხატვას ვერ განხორციელდება ტერიტორიაზე, რომელიც ოკუპირებულია უცხო სახელმწიფოს მიერ, საიდანაც გამოდევნილია მკვიდრი მოსახლეობის უმრავლესობა,სადაც ჩატარდა ეთნიკური წმენდა და დღეს ადგილზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ერთადერთ ძალად გვევლინება რუსეთის ფედერაცია“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ ანექსიის პოლიტიკის გაძლიერება პასუხია საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკასა და შერიგების კურსზე, „ამის დასტურია გადაწყვეტილება, ცხინვალის რეგიონისთვის, რუსეთის ფედერაციის სუბიექტის ანალოგიური სახელის მინიჭების თაობაზე, რეფერენდუმის დანიშვნასთან დაკავშირებით. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს საოკუპაციო ძალის რეალურ განზრახვას, თავის შემადგენელ ნაწილად აქციოს საქართველოს განუყოფელი რეგიონები“. დაგეგმილი რეფერენდუმი გააკრიტიკა აგრეთვე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტრომ. მისი მტკიცებით „რუსეთის საოკუპაციო ძალამ განიზრახა საქართველოს ძირძველ რეგიონს უწოდოს „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა - სახელმწიფო ალანია“, „ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა - ალანიას“ ანალოგიურად,  რათა მოამზადოს საფუძველი ოკუპირებული რეგიონის უკანონო ანექსიისთვის“.

საგარეო საქმეთა სამინიტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას „გამოიჩინოს პრინციპულობა რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებების მიმართ,მიიღოს სათანადო ზომები,რათა არ დაუშვას საქართველოს ცხინვალის რეგიონში ვითარების ესკალაცია, და ყველა ღონე იხმაროს ევროპაში უკანონო ანექსიის კიდევ ერთი მაგალითის გამეორების შესაჩერებლად“.