რუსეთის სახელმწიფო დოპინგ-პროგრამა

27 ივლისი 2021 Shadow

როგორ იღებდნენ 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადის დროს დოპინგს და ცვლიდნენ  სპორტსმენების ნიმუშებს

მოსკოვის 1980 წლის ოლიმპიურ თამაშებს ისტორიაში „ყველაზე სუფთა“ უწოდეს, დოპინგის გამო არცერთი მედალოსანი არ დისკვალიფიცირებულა. როგორც 1980 წლის თამაშების მედალოსანმა და უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის (КГБ) ყოფილმა ვიცე-პოლკოვნიკმა რუსულ მედიას - „Настоящее Время“ - განუცხადეს, მოსკოვს მაშინ ჰქონდა დოპინგის ნიმუშის შეცვლის იმგვარი სისტემა, როგორიც რუსეთის სპეცსამსახურებმა მოგვიანებით, ასევე გამოიყენეს სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე. მაგრამ, 1980 წელს, ნიმუშები იცვლებოდა არა მხოლოდ საბჭოთა სპორტსმენებისთვის, არამედ, ზოგადად, ყველა მონაწილისთვის.

მოსკოვის ოლიმპიადისთვის ემზადებოდნენ არა მხოლოდ სპორტის ფედერაციებში, არამედ ლუბიანკაზეც (მეტონიმი, რომელიც ხშირად გამოიყენება საბჭოთა/რუსეთის სპეცსამსახურების აღსანიშნად, რადგან სწორედ ამ მოედანზე მდებარეობს КГБ/ФСБ შენობა). თამაშებამდე სამი წლით ადრე, 1977 წელს, შეიქმნა КГБ-ს მე-5 სამმართველოს მე-11 განყოფილება. განყოფილების ფორმალური ამოცანა იყო „ოლიმპიადის მომზადებისა და ჩატარების დროს მტრის და მტრული ელემენტების დივერსიული მოქმედებების ჩაშლის ღონისძიებების განხორციელება“. სინამდვილეში, განყოფილების თანამშრომლები მუშაობდნენ მათ შორის მოსკოვის ანტი-დოპინგურ ლაბორატორიაშიც. ოლიმპიადა დასრულდა საბჭოთა სპორტსმენების ტრიუმფით: 195 მედალი, მათ შორის 80 ოქრო, პირველი ადგილი გუნდურ ჩათვლაში.

კონსტანტინე ვოლკოვმა მოსკოვის ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა ჭოკით ხტომაში. იგი ამჟამად უცხოეთში ცხოვრობს:

„ისინი ცვლიდნენ ყველა სპორტსმენის შარდს, გამონაკლისის გარეშე. როდესაც შარდის ჩასაბარებლად მოვედი, ქილა სამხრეებიან თანამშრომელს მივაწოდე, მან კი სხვა ქილა გამომიწოდა და მითხრა: „აი თქვენი შარდი, ჩააბარეთ ეს. მე ვუპასუხე: „მე არაფერი მაქვს, არ მეშინია”. ის: „ჩვენ არ გვჭირდება გაუთვალისწინებელი შემთხვევა, ამიტომ წადით და ეს გადაეცით“ . მე ვეუბნები: „ასეა ყველასთვის?" ის: „რა თქმა უნდა!“... „და ჩემი მოწინააღმდეგეები?“ დიახ, ყველას ერთნაირად, გამონაკლისის გარეშე. არავის არაფერი ექნება!“ - იხსენებს ვოლკოვი.

კონსტანტინე ვოლკოვი

ვლადიმერ პოპოვი, რომელიც КГБ-ს ყოფილი ვიცე-პოლკოვნიკი, რუსეთიდან კანადაში 1990-იანი წლების დასაწყისში გაემგზავრა. ალექსანდრე ლიტვინენკოს და სერგეი სკრიპალის მოწამვლის შემდეგ, პოპოვი რუსეთში ჟურნალისტებთან საუბარს ერიდება, თუმცა, Настоящее Время-ს პრაღის რედაქციას მაინც უამბო, რა სამუშაოს ასრულებდნენ მისი კოლეგები მოსკოვის ოლიმპიურ თამაშებზე:

„მოსკოვის ოლიმპიადის დროს მე სულ სხვა დავალებები მქონდა, ვმუშაობდი სპორტულ ჟურნალისტებთან, ჩემი ორი კოლეგა კი აკრედიტებული იყო უშუალოდ 1980 წლის ოლიმპიადის დოპინგ ცენტრში. ისინი ავსებდნენ კონტეინერებს, რომლებიც, ვითომდა, სპორტსმენების იყო. ბუნებრივია, მათ არანაირი დოპინგი არ ჰქონდათ მიღებული და ნიმუშებიც ასევე სუფთა იყო.“

მოსკოვის ოლიმპიადიდან 34 წლის შემდეგ, რუსეთმა კვლავ ტრიუმფალურად უმასპინძლა ოლიმპიურ თამაშებს სოჭში. მოგვიანებით, მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ განაცხადა, რომ რუსეთის სპეცსამსახურები რეგულარულად ცვლიდნენ სპორტსმენების დოპინგ-ტესტებს. მსოფლიოს ანტი-დოპინგური სააგენტოს (WADA)–ს სპეციალურ მოხსენებაში ვკითხულობთ:

„ნიმუშის შეცვლამდე, ღამით, სპორტსმენის "სუფთა" შარდს იღებდნენ ФСБ-ს მართვის ცენტრის შარდის ბანკიდან... შემდეგ, მათ გასალღობად ათავსებდნენ სამუშაო სივრცეში, რის შემდეგაც იცვლებოდა ნიმუშების კონკრეტული სიმკვრივე და, საბოლოოდ, იცვლებოდა მონაცემები. ღამით ნიმუშები გადაჰქონდათ დაცულ ტერიტორიაზე, რომელიც ესაზღვრება სოჭის ოლიმპიადის დოპინგ ცენტრს და ე.წ. „თაგვის ხვრელით“ გზავნიდნენ შენობაში. ნიმუშების აღების შემდეგ ФСБ-ს ოფიცერი „ბინძურ“ შარდს ანაცვლებდა სპორტსმენის საკუთარი „სუფთა“ შარდით, ბოთლებს კი აბრუნებდა უკან, „თაგვის ხვრელის“ გავლით“.

ვლადიმერ პოპოვის თანახმად, ეს სქემა 80-იან წლებში შემუშავებული სტრატეგიის რიმეიქი გახლდათ და სწორედ იმდროინდელი გამოცდილება გამოიყენებოდა სოჭის ოლიმპიადაზე:

„სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე პირველად იყენებდნენ რუსი სპორტსმენების ნიმუშების შეცვლის  მექანიზმს, რაც შეცდომების არდაშვების გარანტიას იძლეოდა. ამგვარად დაცულ სპორტსმენს, რომელსაც, დიდი ალბათობით, მაინც შეეძლო მედლის მოპოვება, დოპინგის დაუბრკოლებლად მიღების საშუალება გააჩნდა. ასეთი სპორტსმენები დოპინგს იღებდნენ ოლიმპიურ თამაშებამდე და, სავარაუდოდ, ოლიმპიური თამაშების დროსაც. ვინაიდან მათ შეეძლოთ იმედი ჰქონოდათ, რომ  „ბინძურ“ ნიმუშებს სოჭის ლაბორატორიაში შეცვლიდნენ.“

სოჭის ოლიმპიადის შედეგების შესახებ WADA-ს მოხსენებაში ნათქვამია, რომ რუსეთის სპორტის მინისტრმა, ვიტალი მუტკომ და მისმა მოადგილემ, იური ნაგორნიხმა, იცოდნენ დოპინგის ნიმუშების ჩანაცვლების შესახებ. КГБ-ს ყოფილმა პოდპოლკოვნიკმა Настоящее Время-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ სსრკ-ში, მოსკოვის თამაშების დროს, ამ პროგრამის შესახებ გადაწყვეტილება უშუალოდ სახელმწიფო კომიტეტმა მიიღო.

„მსგავსი პროგრამა მიღებულ იქნა სსრკ-ს სპორტის სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელების დონეზე, თუმცა, ის არ ეხებოდა ყველა სპორტსმენს. ის სპორტსმენები, რომლებიც მწვრთნელების აზრით, შედარებით პერსპექტიულები იყვნენ და შეეძლოთ მაღალი შედეგების მიღწევა, დიდ შეჯიბრებებში ექცეოდნენ სამედიცინო და ბიოლოგიური დირექციის მკაცრი კონტროლის ქვეშ (ქვედანაყოფი შედიოდა სსრკ სპორტის სახელმწიფო კომიტეტის სტრუქტურაში). პროგრამის განხორციელებაში კი ჩართული იყვნენ ეროვნული ნაკრების კონკრეტული ექიმები“.

კონსტანტინე ვოლკოვი 1980 წელს  ოლიმპიური ოქროს პრეტენდენტი იყო. მოსკოვის თამაშებამდე ექვსი თვით ადრე ვოლკოვმა მოიგო ოქრო ევროპის ჩემპიონატში. როგორც თავად ამბობს, მას მოსკოვის ოლიმპიადის დროს ანაბოლური სტეროიდების გამოყენება შესთავაზეს:

„მამაჩემთან ერთად გამომიძახეს მწვრთნელთან“, - იხსენებს ვოლკოვი. – „სპეციალური მედიკამენტების პროგრამის განხორციელება შემოგვთავაზეს, რათა ოქროს მედალი მოგვეპოვებინა, მაგრამ უარი ვთქვით, რადგან, პირველ რიგში, არ ვიცოდით ეს როგორ იმუშავებდა ჭოკით ხტომის შემთხვევაში. ამ სპორტში გადამწყვეტი ფაქტორი ტექნიკაა და არ არის ცნობილი როგორ იმოქმედებს დოპინგი ტექნიკაზე, არ არსებობს პირდაპირი კავშირი. ჩვენ უარი ვთქვით შემოთავაზებაზე. გვითხრეს: კარგი, თქვენი პასუხისმგებლობაა. თუ მარცხი იქნება, თქვენს ქმედებებზე თავად აგეთ პასუხი. ისინი  ეროვნული ნაკრების ექიმები და უფროსი მწვრთნელები იყვნენ  - ყველამ ყველაფერი იცოდა... პროგრამა სახელმწიფო იყო“.

დოპინგის კონტროლი ოლიმპიურ თამაშებზე პირველად 1968 წელს, მეხიკოს ოლიმპიადაზე, დაიწყეს. მას შემდეგ  ̶  დღემდე, დადებითი ნიმუშები დაფიქსირებულია ყველა ოლიმპიადაზე, გარდა მოსკოვის ოლიმპიადისა. ანაბოლური სტეროიდები საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ აკრძალულ მედიკამენტთა სიაში 1975 წელს შეიტანეს. 1976 წელს მონრეალში გამართულ ოლიმპიადაზე 12 სპორტსმენი დაუყოვნებლივ  დისკვალიფიცირდა „ანაბოლიკების“ მიღების გამო. ოთხი წლის შემდეგ, მოსკოვში არც ერთ დისკვალიფიკაციას არ ჰქონია ადგილი.

ფარიკაობაში ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ვიქტორ კროვოპუსკოვმა, საკუთარი ოთხი ოლიმპიური ოქროს მედლიდან, ორი მოსკოვის ოლიმპიადაზე მოიგო. იგი მიიჩნევს, რომ დოპინგი სხვა სპორტსმენების შიშის გამო ვერ აღმოაჩინეს:

„ცხადია, საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობამ სხვა ქვეყნების სპორტსმენებს განუმარტა, რომ მოხდებოდა საკმაოდ საფუძვლიანი შემოწმება, მაგრამ ვერცერთი შემთხვევა ვერ აღმოაჩინეს, რადგან ის, უბრალოდ, არ არსებობდა.“

ვიქტორ კროვოპუსკოვი

ფარიკაობაში, ოლიმპიადის ისტორიაში, ნამდვილად არ არსებობდა დოპინგისთვის დისკვალიფიცირებული მედალოსნები. კროვოპუსოვი დარწმუნებულია, რომ დოპინგი ფარიკაობაში არასოდეს ყოფილა. მაგრამ, საბჭოთა კავშირის ნაკრებში სპორტსმენებმა, შესაძლოა არც იცოდნენ, თუ რა სახის აბებს აძლევდნენ, ამბობს КГБ-ს ყოფილი ოფიცერი ვლადიმერ პოპოვი.

„სსრკ ყინულის ჰოკეის ეროვნული გუნდის ექიმმა სპორტსმენებს უთხრა, რომ ეს ვიტამინები იყო. ამის მოწმე ვიყავი აქ, კანადაში, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში. მან თქვა: აი, ბიჭებო, თქვენ ვიტამინები. ისინი ფიქრობდნენ, რომ იღებდნენ ვიტამინებს, თუმცა, დარწმუნებული არ იყვნენ ამაში. ეს იყო სტეროიდები, ანაბოლური. მე ვფიქრობ, რომ სპორტსმენთა უმეტესობამ ნამდვილად არ იცოდა რას იყენებდა. მათ აუხსნეს, რომ ეს არის აუცილებელი ფარმაკოლოგიური დახმარება“.

ისრაილ არსამაკოვი 80-იანი წლების კიდევ ერთი სპორტსმენია. მან 1988 წლის  სეულის ოლიმპიადაზე ოქრო მოიგო. 1990-იან წლებში იყო რუსეთის ძალოსნობის ფედერაციის ხელმძღვანელი. როგორც არსამაკოვი იხსენებს, 1980-იან წლებში საბჭოთა გუნდში დოპინგი იმდენად გავრცელებული იყო, რომ სპორტსმენები პრეპარატებით ვაჭრობასაც კი ახერხებდნენ:

„ჩვენთან მეტანოსტენოლი 2 მანეთი და 2 კაპიკი ღირდა და უცხოეთში - სულ მცირე 10-15 დოლარი. 1984 წელს კანადაში ჩატარდა მძიმეწონოსანთა მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც მოხდა სკანდალი. წავიდნენ ჩვენები: კურლოვიჩი, ტარანენკო, პისარენკო... მათ ჰქონდათ ეს ანაბოლური სტეროიდები, რომლებიც მიჰქონდათ გასაყიდად, საზღვარზე დაიჭირეს, მისცეს დისკვალიფიკაცია. დიდი სკანდალი დატრიალდა, თუმცა ყველაფერი ცნობილი იყო - გადაჰქონდათ იმიტომ, რომ არ ჰქონდათ ფული. ჩვენ ვამბობთ, რომ ამერიკელებიც „ჭამენ“ (იგულისხმება დოპინგის მიღება - რედ.). დიახ, ისინიც დაიჭირეს, მაგრამ ეს მათი სახელმწიფო მდგომარეობა არ არის, ჩვენს ქვეყანაში კი ყველაფერი წყდება უმაღლეს დონეზე. თქვენ მოდიხართ ეროვნულ ნაკრებში და იქ ყველაფერი მზად არის“.

„ეს ეხება არა მხოლოდ საბჭოთა სპორტსმენებს და არა მხოლოდ რუს სპორტსმენებს“, - ამბობს КГБ-ს ყოფილი პოდპოლკოვნიკი ვლადიმერ პოპოვი – „დოპინგი ფართოდ გამოიყენება სპორტში. მაგრამ რაც შეეხება საბჭოთა კავშირს და დღევანდელ რუსეთს, ეს არის სახელმწიფო პროგრამა“.

მოსკოვის ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი კონსტანტინე ვოლკოვი ახლა უცხოეთში ცხოვრობს. მისი ვაჟი, მეთიუ 15 წლისაა, თებერვალში მან დაამყარა ახალი მსოფლიო რეკორდი ახალგაზრდებს შორის ჭოკით ხტომაში - 5.50 მეტრი. ტოკიოს ოლიმპიადაზე რუსი ვოლკოვი წარმოადგენს ბელორუსს - ბოლო წლების დოპინგ-სკანდალების გამო, რუს მძლეოსნებს უფლება აქვთ, მხოლოდ ნეიტრალური დროშის ქვეშ იასპარეზონ.

გრიგორი როდჩენკოვი 1980 წელს გახსნილი  მოსკოვის ანტიდოპინგური ლაბორატორიის დირექტორი იყო. როდჩენკოვმა ღიად ისაუბრა დოპინგის მხარდაჭერის სახელმწიფო სისტემის არსებობაზე 2016 წელს, თუმცა ახსენა, რომ ის ოლიმპიადა დარჩება „ყველაზე სუფთად“ ისტორიაში. 40 წლის შემდეგ, მხოლოდ ისინი საუბრობენ ღიად მოსკოვის თამაშებზე დოპინგის გამოყენებაზე, ვინც რუსეთი დატოვეს. დღესდღეობით, იმ ოლიმპიადიდან სპორტსმენების ნიმუშების გადამოწმება შეუძლებელია...

 

სტატია პირველად გამოქვეყნდა: https://www.currenttime.tv/a/moscow-olympics-doping/30733166.html