“საქართველოს ევრაზიული გმირი” და "ევრაზიული არჩევანი"

8 ივლისი 2015 Shadow

 

2არასამთავრობო ორგანიზაცია “ევრაზიული არჩევანი” 2013 წლის 30 მაისს დააფუძნეს რუსული ტელეარხის, მირის “მირის” საქართველოს ფილიალის რედაქტორმა ბორის მანჟუკოვმა, ასევე არჩილ ჭყოიძემ და მისმა ცოლმა მაია ხინჩაგაშვილმა.

წესდების მიხედვით, ორგანიზაციის მიზნებია კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო და სოციალური პროექტების განხორციელება ევრაზიულ სივრცეში, შეხვედრების, მრგვალი მაგიდების, დისკუსიების, კონფერენციების, აქციებისა და სხვა აქტივობების განხორციელება.

“ევრაზიული არჩევანი” აცხადებს, რომ ის “ხელს შეუწყობს ერის სულიერი და ეროვნული თვითშეგნების ამაღლებას, ქართველი ხალხის ისტორიის და სხვა ეროვნული ტრადიციების განვითარებას და პოპულარიზაციას”. ორგანიზაციას ერთ-ერთ მიზნად, ასევე, დასახული აქვს უცხოური სამეცნიერო-პრაქტიკულ-საგანმანათლებლო ლიტერატურის თარგმნა და გამოცემა, მეზობელ ქვეყნებთან სხვადასხვა სახის ურთიერთობების გაღრმავება.

“ევრაზიული არჩევანი” დაფინანსების წყაროდ ასახელებს გრანტებს, შემოწირულობებს, საწევრო შენატანებს, საქველმოქმედო ღონისძიებებიდან მიღებულ სახსრებს და  ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულ შემოსავლებს. მიუხედავად ამისა, ორგანიზაციას არსად არ აქვს მითითებული ინფორმაცია რომელიმე დონორის, ან მისგან მიღებული ფინანსების შესახებ. თუმცა, რუსეთის ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის ორგანიზაცია “საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობა” წერს, რომ მისი პარტნიორი საქართველოში “ევრაზიული არჩევანია”  

არჩილ ჭყოიძე აქტიურად ჩნდება მედიაში როგორც საქართველოს პრორუსული საგარეო პოლიტიკის მომხრე პირი, გარდა ამისა, ხშირად მართავს საპროტესტო აქციებს ანტიდასავლური ლოზუნგებით.

არჩილ ჭყოიძე არ მალავს თავის საქმიან და პირად კავშირებს რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების ისეთ იდეოლოგებთან, როგორიცაა ალექსანდრ დუგინი. 2014 წლის აპრილში, თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე არჩილ ჭყოიძემ განაცხადა, რომ საქართველოში უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი, რომლითაც “გაირკვევა, რუსეთი ურჩევნია ხალხს, თუ ევროპა”.

“მე მქონდა შეხვედრები МГУ–ში ისეთ პოლიტოლოგებთან, რომლებიც ძალიან დაახლოებული არიან კრემლთან, ერთ–ერთი ასეთი არის ალექსანდრე დუგინი. მათი პოზიციებიც აბსოლუტურად შეცვლილია საქართველოსთან მიმართებაში. თუ 3–4 წლის წინ ისინი აბსოლუტურად არ განიხილავდნენ აფხაზეთის და სამაჩაბლოს აღიარების უკან გაწვევას, დღეს ისინი უკვე კულუარულ საუბრებში ამბობენ, რომ საქართველო თუ შეცვლის თავის გეზს და რუსეთთან სტრატეგიულ თანამშრომლობას განაახლებს, აუცილებლად მხარს დაუჭერს რუსეთი საქართველოს ამ კონფლიქტების მოგვარებაში”, - განაცხადა არჩილ ჭყოიძემ.

2014 წლის აგვისტოში არჩილ ჭყოიძემ ინტერნეტ გამოცემა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ის მოსკოვში იმყოფებდა რუსული პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლებთან, ვლადიმერ ჟირინოვსკისთან და გენადი ზიუგანოვთან მოლაპარაკებებზე. მისი თქმით, “რუსეთისთვის ოკუპანტის ძახილი ღალატია”. „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებული აქვს გენადი ზიუგანოვისა და ვლადიმირ ჟირინოვსკისგან მიღებული ჯილდოების ფოტოები.

“დუგინის ფონდის” დამფუძნებელმა რუსმა ანალიტიკოსმა ალექსანდრ დუგინმა 2014 წლის მარტჩი არჩილ ჭყოიძე “ფეისბუქზე” შეაქო ნატოს საწინააღმდეგო კამპანიისთვის: “საქართველოს ევრაზიული გმირი - არჩილ ჭყოიძე ატლანტისტებთან ბრძოლაში, ყოჩაღ არჩილ! ევრაზია უპირველეს ყოვლისა!”

1

“ევრაზიული არჩევნის” ლიდერი არჩილ ჭყოიძე დუგინის  სტატუსს გამოეხმაურა და თბილი სიტყვებისთვის მადლობა გადაუხადა: “ძვირფასო ალექსანდრ გელიევის ძევ, დიდი მადლობა თბილი სიტყვებისთვის. თქვენი ძვირფასი შრომისა და ლექციების შედეგად მე გავიგე თუ რას ნიშნავს “ევრაზიული კავშირი” და მისი მნიშვნელობა საქართველოსთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ამას ჩემი თანამოქალაქეებიც გაიგებენ. თქვენი მხარდაჭერა შეუფასებელია ჩვენთვის, მითუმეტეს იმ რთულ ფონზე, რაც დაგვიტოვა ყოფილმა პრეზიდენტმა და მისმა გუნდმა. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას”.

არჩილ ჭყოიძემ 2015 წლის 17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან, სასულიერო პირ ბასილ მკლავიშვილთან და მის მრევლთან ერთად გააპროტესტა, აქციას კი ერქვა “არა გეი ევროპას!”.

“ევრაზიული კავშირის” ლიდერს აქტიურად ციტირებენ რუსული საინფორმაციო საშუალებები, ისინი მომხმარებელს  რეგულარულად სთავაზობენ არჩილს ჭყოიძის მოსაზრებებს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

არჩილ ჭყოიძის მიერ არის დაფუძნებული "ერეკლე მეორის საზოგადოებაც", რომელიც იმავე საქმიანობას ასრულებს რასაც "ევრაზიული არჩევანი". საკუთარი მოსაზრებების ტირაჟირებისთვის კი იყენებს თავისავე ინტერნეტ ტელევიზია "პატრიოტი TV"-ს.

2015 წლის ივნისში არჩილ ჭყოიძემ განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს და საგარეჯოს მაჟორიტარობა სურს. მისი კანდიდატურა კი საინიციტაივო ჯგუფმა წარადგინა სადაც, ჭყოიძის თქმით, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია შედის. მათ შორის დაასახელა "დავით სოსლანის საზოგადოება", რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი მისი ცოლი მაია ხინჩაგაშვილია. ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან მიღებული ინფორმაციით, კი არჩილ ჭყოიძე კანდიდატად ჯერჯერობით ოფიციალურად არ დარეგისტრირებულა.

evraziuli arcgevani