აშშ-ის სენატმა რუსეთისთვის სანქციების დაკისრებას მხარი დაუჭირა

20 ივნისი 2017 Shadow

აშშ-ს სენატმა 14 ივნისს რუსეთისთვის უკვე დაწესებული სანქციებისა გამკაცრებას- დამატებით ახალი შეზღუდვების შემოტანას დაუჭირა მხარი. მიღებული კანონპროექტით ასევე გართულდა სანქციების მოხსნის პროცედურაც.

ახალი სანქციების პაკეტში საქართველოს დიდი ადგილი ეთმობა. კერძოდ, დოკუმენტში მხარდაჭერილია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, საუბარია აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და რუსეთის მხრიდან 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაზე.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა რუსეთს საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვადან ჯარების გაყვანისკენ უნდა მოუწოდოს. "რუსეთის მთავრობა კვლავ არღვევს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელიც მოითხოვს რუსეთის ჯარების გაყვანას, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონებთან ჰუმანიტარული ჯგუფების თავისუფალ წვდომას და კონფლიქტის ზონების მონიტორინგს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ... ამერიკის შეერთებული შტატები არ ცნობს ტერიტორიულ ცვლილებებს, რომელიც ძალის გამოყენების შედეგია, აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში, ყირიმში, აღმოსავლეთ უკრაინასა და დნესტრისპირეთში უკანონო შეჭრისა და ოკუპაციის ჩათვლით,“ - აღნიშნულია კანონპროექტში.

კანონპროექტში ასევე საუბარია შეერთებული შტატების ფედერალურ ბიუჯეტში 250 მილიონი დოლარის გამოყოფაზე, რომელიც უნდა მოხმარდეს მოკავშირე ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, რუსეთის ზემოქმედების განეიტრალებისთვის საჭირო აქტივობებს.

ანალიტიკოსების შეფასებით, კანონპროექტში საქართველოს ძლიერი მხარდაჭერაა გამოხატული.

სენატის ინიციატივით, ახალი სანქციები "იმ კორუმპირებულ რუს მოღვაწეებს დაეკისრებათ, ვინც სანქციებისგან თავის დაძვრენას ცდილობს", ასევე მათ, ვინც "მონაწილეობდა ადამიანის უფლებათა დარღვევაში; იარაღს აწვდის ასადის რეჟიმს; რუსეთის ხელისუფლების დავალებით გეგმავს კიბერ თავდასხმებს."

კანონპროექტი აწესებს ახალ სანქციებს რუსეთის ეკონომიკის ძირითად დარგებზე, მათ შორის, სამთო-მომპოვებელი მრეწველობის, ენერგეტიკის, მეტალურგიულ, საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვის სექტორებზე. კანონპროექტი გამოხატავს მნიშვნელოვან მხარდაჭერას ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და დეზინფორმაციის აღკვეთის მიმართულებით - იქ, სადაც მაღალია რუსეთის აგრესიისა და ჩარევისადმი მოწყვლადობის დონე.

კანონპროექტის თანახმად, ამერიკულ კომპანიებს და კერძო პირებს აეკრძალებათ რუსული ბანკების დაკრედიტება 14 დღეზე მეტ ხანს. ამ დროისთვის ეს ვადა 90 დღეა. 30 დღემდე შეიზღუდება ასევე რუსული ენერგოკომპანიების დაფინანსების ვადები.  

პროცედურულად შემდეგი ნაბიჯი დოკუმენტის კონგრესისთვის გადაგზავნაა, მათი მხარდამჭერის შემთხვევაში კი უკვე აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მოაწერს ხელს და ძალაში შევა.