„სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. საზღვარი კიდევ 500 მეტრით გადმოსწიეს

4 ივლისი 2017 Shadow

წყარო: netgazeti.ge

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დღევანდელი, 4 ივლისის ინფორმაციით, “გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მიმართულებით არსებულ საოკუპაციო ხაზზე უკანონოდ დამონტაჟებული ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის შედეგად, რამდენიმე ადგილობრივი მაცხოვრებლის სასოფლო სამეურნეო სავარგული ნაწილობრივ ოკუპაციის ხაზს მიღმა მოექცა”.

გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის, დავით ცერცვაძის განცხადებით, აღნიშნული ბანერი ძველი ე. წ. სასაზღვრო ნიშნულიდან დაახლოებით 500 მეტრითაა გადმოწეული. ბანერის განთავსების გამო, სოფელ ბერშუეთის მაცხოვრებლებს - ჩილინდრიშვილებსა და ხოდელებს რამდენიმე ჰექტარ სახნავ-სათეს ფართობზე წვდომა შეეზღუდათ. ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, ახალი ბანერები მათ ნაკვეთებში დღეს დილით აღმოაჩინეს. მათივე განმარტებით, იქამდე აღნიშნულ ტერიტორიებზე მხოლოდ ბოძები იყო დამონტაჟებული.

სუს-ის განცახდებით, აღნიშნული წარმოადგენს ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელებას, რომელიც არა მარტო ზღუდავს ადგილობრივი მაცხოვრებლების ფუნდამენტურ უფლებებს, არამედ პირდაპირპროპორციულად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს ადგილზე.

“აღნიშნული საკითხი განსახილველად აუცილებლად დადგება 11 ივლისს ჩანიშნულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრაზე სოფელ ერგნეთში”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

საზღვრის გადმოწევის საკითხი მუდმივად არის განსახილველი თემა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების (IPRM) ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე სოფელ ერგნეთში. ასევე, აღნიშნული თემა აქტიურად განიხილება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დროსაც. მაგალითად, ჟენევის დისკუსიების ბოლო [2017 წლის 20-21 ივნისი] რაუნდის შემდეგ რუსული მხარის მიერ გაავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ “საქართველოს მხრიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა სოხუმთან და ცხინვალთან საზღვრის დემარკაციაზე და დელიმიტაციაზე ერთობლივი მუშაობა, “ვინაიდან ადგილობრივ მცხოვრებლებს არ აქვთ ზუსტი წარმოდგენა, სად გადის საზღვარი, ეს ხდება მრავალი საყოფაცხოვრებო ინციდენტის მიზეზი”.