„სპუტნიკის“ ვებგვერდის ქართულენოვანი ვერსია ამოქმედდა

21 მაისი 2015 Shadow

წყარო: liberali.ge

„სპუტნიკის“ ვებპორტალის ქართულენოვანი ვერსია ამოქმედდა“ - ამის შესახებ „ლიბერალს“ „სპუტნიკის“ სტუდიის ხელმძღვანელმა, ანტონ ლასხიშვილმა უთხრა. "სპუტნიკ-საქართველო" მომხმარებელს ინფორმაციას ქართულ და რუსულ ენებზე მიაწოდებს. 

„სპუტნიკი-საქართველოს“ ვებგვერდზე ვკითხულობთ: „თბილისი, 18 მაისი – Sputnik. ახალი ამბების მულტიმედიური სააგენტო Sputnik საქართველოში საინფორმაციო პორტალის ამოქმედების შესახებ იუწყება. ახალი პორტალი იმუშავებს ქართულ და რუსულ ენებზე.

რესურსი, რომელიც განთავსებულია მისამართებზე sputnik-georgia.com და sputnik-georgia.ru, მიზნად ისახავს მოსაზრებათა სრული მრავალფეროვნების წარმოდგენას აქტუალური საერთაშორისო თემების შესახებ. ახალი პორტალის მომხმარებლებისთვის ახალი ამბების რესურსები ხელმისაწვდომი იქნება ასევე ინტერნეტრადიოს ფორმატში".
 

ლასხიშვილის განმარტებით, „სპუტნიკი“ ამ ეტაპზე რადიოსიხშირული სპექტრით მაუწყებლობის ლიცენზიის მოპოვებას არ გეგმავს და ერთადერთი ცვლილება, ვებგვერდის განახლებაა.

„სპუტნიკის“ ვებპორტალი ნოემბრიდან მუშაობს, უბრალოდ, ამუშავდა ქართული ვერსია. ჩვენი სტუდია ისევე მუშაობს, როგორც ადრე“, - უთხრა ლასხიშვილმა „ლიბერალს“.

მედიაჰოლდინგ Россия сегодня-ში შემავალმა რადიო „სპუტნიკმა“ საქართველოში მაუწყებლობა შარშან, ნოემბერში შეწყვიტა.

2014 წლის დეკემბერში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „რ-რადიოს“ და შპს „საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო NewsGeorgia-ს“ უკანონო მაუწყებლობისთვის ერთობლივად 5 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

„ხანგრძლივი განხილვის შემდეგ კომისიამ მიიჩნია, რომ შპს „საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Newsgeorgia“ საკუთარი სარედაქციო პასუხისმგებლობით ამზადებდა რადიოპროდუქციას, რომელსაც 101,4 მეგაჰერც სიხშირეზე სახელწოდებით - „რადიო სპუტნიკი საქართველო“, შპს „რ-რადიო“ ავრცელებდა, რაც ერთობლივად მაუწყებლობის განხორციელებაა შესაბამისი ლიცენზიისა და ნებართვის გარეშე“, - იტყობინებოდა კომისია განცხადებაში.

რუსული საინფორმაციო სააგენტო „Россия сегодня-ს“ მიერ დაარსებული რადიო „სპუტნიკი“ თბილისის სამაუწყებლო ზონაში FM 101.4 სიხშირეზე გადაიცემოდა. აღნიშნული სიხშირის მფლობელი შპს „რ-რადიო“ ეთერში რადიო „მონტე კარლოს“ სახელით ვრცელდებოდა.

"სპუტნიკი" რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტისა“ და რადიო „რუსეთის ხმის“ უცხოენოვანი სამსახურია. იგი იმ მედიებს შორისაა, რომელსაც დიმიტრი კისელიოვის თაოსნობით რეორგანიზაცია ჩაუტარდა.

კისელიოვი სააგენტო „სპუტნიკის“ ამოცანად დასავლურ „პროპაგანდასთან“ დაპირისპირებას ასახელებს, ამისთვის იგი ინფორმაციის მრავალ ენაზე გავრცელების გზას მიმართავს.