სტრატეგიული კომუნიკაციის დოკუმენტი ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისთვის

21 აპრილი 2017 Shadow

საქართველოს მთავრობამ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების კომუნიკაციის სტრატეგიის დოკუმენტი დაამტკიცა. დოკუმენტი მიზნად ისახავს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისადმი საქართველოს მოსახლეობის მაღალი და გაცნობიერებული მხარდაჭერის ხელშეწყობას და ითვალისწინებს როგორც ქვეყნის შიგნით მოქალაქეების ცნობიერების ამაღლებას, ასევე ქვეყნის გარე პარტნიორებისგან მაქსიმალური მხარდაჭერის მოპოვებას.  

„ეს არის კონცეპტუალური ჩარჩო დოკუმენტი, რომელზეც, შემდგომ, აიგება შესაბამისი სამოქმედო გეგმები ამ პროცესში ჩართული უწყებების მიერ."-განაცხადა 13 აპრილს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების კომუნიკაციის 2017-2020 წლების სტრატეგიის დოკუმენტი დამტკიცების შემდეგ. მან ჟურნალისტებთან საუბრისას დეტალურად განმარტა სტრატეგიის შექმნის მიზანი: „ის მოიცავს ყველა ნაბიჯს, მათ შორის პროპაგანდის წინააღმდეგ საბრძოლველად. ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ პროპაგანდას პროპაგანდით არ ვებრძვით, ჩვენ ცივილური, ევროპული, დასავლური მეთოდით ვებრძვით და ესაა უმთავრესი, რომელსაც ჰქვია ჩვენს თანამოქალაქეებს შორის ცნობიერების ამაღლება. ინფორმაციის მიწოდება, თუ რა სიკეთე მოაქვს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებას, რატომ ნატო, რატომ ევროკავშირი და არა ევრაზიის კავშირი და საბაჟო კავშირი. გვინდა, მივიტანოთ ყველას ყურამდე, როგორ შეიძლება უკეთესი განათლება მივაღებინოთ ჩვენს შვილებს, როგორ შეიძლება უფრო მეტი ეკონომიკური, საინვესტიციო პროგრამა განვახორციელოთ, უფრო მეტი ინფრასტრუქტურული მოწყობა გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნის, როგორ უფრო უსაფრთხო, სტაბილური იყოს როგორც ენერგეტიკული, ისე ეკონომიკური უსაფრთხოების და პოლიტიკური თვალსაზრისით ჩვენი ქვეყანა და მომავალი."

სტრატეგიის შესავალში აღნიშნულია, რომ ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანება წარმოადგენს ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტს. სტრატეგიაში ასევე საუბარია რუსულ პროპაგანდაზე, რომელიც ქვეყნის საგარეო მიმართულებით გეზის შეცვლას ისახავს მიზნად. აღნიშნულია მის წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობა, კონკრეტულად კი, მოსახლეობაში ევროპის დადებით მხარეების შესახებ ცნობიერების ამაღლება.

 

სტრატეგიის ამოცანებია:

1. საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების უპირატესობის, სარგებლისა და შესაძლებლობის წარმოჩენა ქვეყნის მოსახლეობისთვის მარტივად გასაგები, ობიექტური ინფორმაციის რეგულარული მიწოდებით და მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით;

2. საერთო დასავლური ღირებულებების შესახებ საქართველოს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება;

3. სახელმწიფოს მიერ მოსახლეობისთვის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში გატარებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ ობიექტური და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;

4. საზოგადოებაში ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლოდინის მართვა;

5. მოსახლეობაზე ანტიდასავლური პროპაგანდის ზეგავლენის პრევენცია და შემცირება;

6. ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებში საქართველოს, როგორც ევროპული, დემოკრატიული ქვეყნის წარმოჩენა, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ევროპული და ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში;

7. ევროკავშირისა და ნატოს ინსტიტუტებსა და წევრ ქვეყნებში საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მიღწეული პროგრესის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

 

საქართველოს მთავრობა სტრატეგიული კომუნიკაციისთვის შემდეგი გზავნილების გამოყენებას გეგმავს:

ეროვნულ დონეზე:

- ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების პროცესში მიმდინარე, განხორციელებული და დაგეგმილი კომპლექსური და ფართომასშტაბიანი რეფორმები აძლიერებს საქართველოს სახელმწიფოებრიობასა და თავდაცვისუნარიანობას;

- საქართველოს ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების პროცესი ხელს უწყობს ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის საჭირო უსაფრთხო და კონკურენტული გარემოს შექმნას;

- საქართველოს ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების პროცესი უზრუნველყოფს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების, საერთო ღირებულებებისა და კულტურული მრავალფეროვნების დაცვას, მოქალაქეთა თავისუფალ გადაადგილებას;

- საქართველოს ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების პროცესი ხელს უწყობს უცხოური ინვესტიციების ზრდას, უმუშევრობის შემცირებასა და საქართველოს თითოეული მოქალაქის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას.

საერთაშორისო დონეზე:

- საქართველოს, როგორც ევროპული კულტურისა და ღირებულებების მატარებელ ერთ‐ერთ უძველეს ქრისტიანულ და ახალგაზრდა დემოკრატიის ქვეყანას, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ევროპული და ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებაში;

- საქართველო წარმოადგენს დემოკრატიული განვითარების წარმატებულ მაგალითს ევროკავშირისა და ნატოს აღმოსავლეთ სამეზობლოში;

- ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება ხელს შეუწყობს საქართველოში დემოკრატიის სწრაფ კონსოლიდაციას და რეგიონში დემოკრატიული პროცესების განვითარებისკენ სწრაფვას;

- საქართველო სანდო პარტნიორია, წარმოადგენს მნიშვნელოვან სატრანზიტო დერეფანს, რომელიც, მათ შორის, ხელს უწყობს ევროპის ენერგოუსაფრთხოებას.

სტრატეგია წარმოადგენს ოთხ წელზე (2017-2020) გათვლილ საჯარო დოკუმენტს.