უკრაინა დამოუკიდებლობის გამოცხადების 30 წლისთავს ზეიმობს

24 აგვისტო 2021 Shadow

დღეს უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს. ეს დღე თანამედროვე უკრაინისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რომელიც 1991 წელს, საბჭოთა კავშირიდან გამოყოფის შემდეგ, უკრაინის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებას აღნიშნავს.

საბჭოთა ოკუპაციამდე, უკრაინამ, როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ, 1917 წლიდან 1920 წლამდე იარსება. 1980-იან წლებში კი, განსაკუთრებით ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ[1], სხვა საბჭოთა რესპუბლიკების მსგავსად, უკრაინაშიც მოძლიერდა ანტი-საბჭოური განწყობები და საზოგადოებაში სულ უფრო მწიფდებოდა სსრკ-სგან გამოყოფის იდეა. უკრაინის უმაღლესმა რადამ 1990 წლის 16 ივლისს გამოსცა უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტის შესახებ დეკლარაცია, 1991 წლის 24 აგვისტოს კი გამოიცა უკრაინის დამოუკიდებლობის შესახებ დეკლარაცია, რომელიც საბოლოოდ, ოფიციალურად დადასტურდა და გაფორმდა იმავე წლის 1 დეკემბრის რეფერენდუმით. რეფერენდუმში უკრაინის მოსახლეობის დიდმა უმრავლესობამ, 92.3% დამოუკიდებლობის გამოცხადებას დაუჭირა მხარი, მათ შორის დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი ყირიმის მოსახლეობის 50%-ზე მეტმაც. 24 აგვისტო კი, ამის შემდეგ, გამოცხადდა ერვონულ დღესასწაულად.

როგორც წესი, 24 აგვისტო უკრაინაში სამხედრო აღლუმით აღინიშნება. სამხედრო აღლუმით აღინიშნა უკრაინის დამოუკიდებლობის 30 წლისთავი წელსაც. აღლუმზე პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსახლეობას მიმართა და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებზე. „ჩვენ ჩვენი ხალხისთვის ვიბრძვით, რადგან შესაძლებელია დროებით მოახდინო ტერიტორიების ოკუპაცია, მაგრამ შეუძლებელია უკრაინის მიმართ ხალხის სიყვარულის ოკუპირება მოახდინო. [...] ყირიმელი და დონბასელი ხალხი ჩვენ დაგვიბრუნდება, ვინაიდან ჩვენ ერთი ოჯახი ვართ“, - თქვა მან.[2] 

 

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი

აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებლობის დღემ განსაკუთრებული სიმბოლური დატვირთვა შეიძინა 2014 წლის შემდეგ, როდესაც რუსეთმა მოახდინა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია და დაიწყო ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონში სეპარატისტული მოძრაობების მხარდაჭერა და წახალისება. უკრაინაში განხორციელებული სამხედრო მოქმედებების საპასუხოდ, დასავლეთმა ეკონომიკური სანქციებიც დაუწესა რუსეთს, თუმცა კონფლიქტი დღემდე გრძელდება.

გუშინ ყირიმთან დაკავშირებით პირველი საერთაშორისო სამიტიც გაიმართა კიევში, რომელზეც ევორპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროკავშირი არ აღიარებს ყირიმის ნახევარკუნძულს რუსეთის შემადგენლობაში.[3]  

 

[1] 1986 წლის 26 აპრილს უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკზე ავარიამოხდა. ბირთვული აფეთქების შედეგად რეაქტორი მთლიანად დაინგრა, რამაც მისი მიმდებარე ვრცელი ტერიტორიისრადიოაქტიური დაბინძურება გამოიწვია. ჩერნობილის კატასტროფა შეფასებულია, როგორც უდიდესი ავარია ატომური ენერგეტიკისისტორიაში, რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა იმხსვერპლა.

[2] https://www.reuters.com/world/europe/ukraine-marks-independence-day-vowing-reclaim-annexed-territory-2021-08-24/

[3] https://www.euronews.com/2021/08/24/watch-live-ukraine-celebrates-independence-day-amid-tensions-with-russia