ვიზალიბერალზიაციით ოკუპუირებულ ტერიოტრიაზე მცხოვრებნიც ისარგებლებენ

3 თებერვალი 2017 Shadow

2017 წლის 2 თებერვალს ევროკავშირის პარლამენტმა საქართველოსთან უვიზო მიმოსვლას დაუჭირა მხარი. გადაწყვეტილების ოფიციალურად ძალაში შესვლის შემდეგ ბიომეტრიული  პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქენი ნებისმიერი 180 დღიან პერიოდში 90 დღე შეძლებენ უვიზოდ იმგზავრონ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გარდა დიდი ბრიტანეთის და ირლანდიისა. ასევე უვიზო მიმოსვლა ეხება ოთხ ევროკავშირის არაწევრ ქვეყანას: ისლანდიას, ლიხტენშტაინს, შვეიცარიასა და ნორვეგიას.

ამ ფაქტის კომენტირებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა რომ ეს მოვლენა განსაკუთრებით სასიხარულოა, რადგან „ჩვენი აფხაზი და ოსი მოქალაქეები ჩვენთან ერთად ისარგებლებენ ყველა იმ სიკეთით, რაც ევროპასთან მჭიდრო ურთიერთობებს მოაქვს – ეს იქნება უვიზო მიმოსვლა ევროპის ქვეყნებში, ევროკავშირის ბაზარი ბიზნესმენებისთვის, ევროპულ საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობა თუ მრავალი სხვა”. ჯერ კიდევ 2016 წლის დეკემბერში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა მზაობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთათვის ბიომეტრიული პასპორტის აღების პროცედურების გამარტივების თაობაზე,  „ჩვენი ამოცანაა, რომ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ როგორც პროცედურულად, ისე გეოგრაფიულად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთათვის საქართველოს პასპორტის შესაძლებლობა“.

დღესდღეობით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთა უდიდეს ნაწილს გააჩნია რუსული პასპორტები. თუმცაღა რუსეთის მოქალაქეები, საქართველოსგან განსხვავებით არ სარგებლობენ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით, მხოლოდ რუსეთის დიპლომატიური პასპორტის მქონეს აქვს უფლება ევროკავშირში უვიზოდ დაჰყოს 90 დღე. შესაბამისად აშკარაა, საქართველოს პასპორტის უპირატესობა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ, ევროპაში მოგზაურობის მსურველებისთვის. მითუმეტეს რომ საქართველო ბიომეტრიულ პასპორტს გასცემს მოქალაქეობის არმქონე პირებზეც.

შეიძლება ამ ფაქტის გამოძახილი იყო დე-ფაქტო აფხაზეთის ე. წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს კრიტიკული გამოხმაურება საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭებაზე. ოკუპირებული აფხაზეთის საგრეო უწყებამ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს რომ „ევროპარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ვრცელდება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე და აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს არ შეეხება”. მათი აზრით ეს არის მორიგი „სატყუარა“ რომელსაც თბილისი იყენებს რათა აფხაზეთის მოქალაქეები ჩართოს „საქართველოს პოლიტიკურ-სამართლებრივ სივრცეში“.

იმისათვის რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებმა ადამიანებმა გაიგონ ის სიკეთეები რაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას მოაქვს და გაიაზრონ რომ მათაც შეუძლიათ ამ პროცესში ჩართვა, აუცილებელია აქტიური საინფორმაციო კამპანიის წარმოება მოსახლეობის ინფორმირების მიზნით.