ყველაზე მსხვილი ინვესტიციები რუსეთიდან

7 მაისი 2015 Shadow

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიხედვით, 2014 წელს საქართველოში რუსეთიდან 66 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა და ამ მოცულობით რუსეთი საქართველოში შემოსულ პირდაპირ ინვესტიციებს შორის მერვე ადგილას დგას. პირველ ადგილს ნიდერლანდები იკავებს 331 მილიონი ლარის ინვესტიციით. აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდებში ოფშორული ზონაა, სადაც ძირითადად რეგისტრირებულები არიან ის კომპანიები, რომლებიც მსხვილ ინვესტიციებს ახორციელებენ. ამ ოფშორული კომპანიების უკან რეალურად სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები დგანან, მათ შორის რუსეთისაც.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2014 წელს რუსეთიდან ყველაზე მსხვილი ინვესტიციები განხორციელდა შემდეგ კომპანიებში: შპს „ვიმ-ბილ-დან საქართველო“, შპს „მობიტელი“, შპს „ენერგია“, შპს „ჯლს“, შპს „კარლსბერგ საქართველო“, შპს „ელექტრონი“, შპს Club-2100, შპს „ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმენტ“, შპს ELITE DEVELOPMENT, შპს „ემბავუდ ჯორჯია“. 2013 წელს ამ სიაში შედიოდა „ტიფლისკი ვინნი პოგრებ“ და „სტრომოსი“.

შპს ვიმ-ბილ-დან საქართველო

„ვიმ ბილ დან საქართველო“ რძის პროდუქტების მწარმოებელი რუსული ღია სს „ვიმ-ბილ-დანის“ მფლობელობაში მყოფი კომპანიაა. საქართველოში 2008 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის დამფუძნებელი რუსეთში მოღვაწე ქართული წარმოშობის ბიზნესმენი დავით იაკობაშვილია. ქართულ ბაზარზე მისი პროდუქცია ცნობილია სახელწოდებით “სოფლის ნობათი”.  2011 წელს რუსული „ვიმ ბილ დანის“ აქციათა 77% -ს  Pepsico ფლობს.  თავად პეპსიკოს ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში “იბერიარეფრეშმენტსია”.

შპს ჯლს

უძრავი ქონების კომპანია ჯლს საქართველოში 2014 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის 50%-ს რუსეთის მოქალაქე ვიქტორია გამმერი ფლობს, დანარჩენი 50% წილი კი არჩილ მაზიაშვილის საკუთრებაშია.

კომპანიის მფლობელობაშია თბილისში მოსკოვის გამზირზე მდებარე მიწის ნაკვეთები, რომელთა საერთო ფართობი 55 860კვ.მ.-ია. აღნიშნული ფართები ვიქტორია გამმერმა საწესდებო კაპიტალში თავად შეიტანა. „ჯლს-ის“ საქმიანობას სწორედ ამ სასაწყობე ფართების გაქირავება წარმოადგენს.

შპს კარლსბერგ საქართველო

შპს “კარლსბერგ საქართველოს” ერთპიროვნული მფლობელი რუსული შპს “ლუდსახარში კომპანია ბალტიკაა”. სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან რუსეთის მოქალაქე  ანტონ როგაჩევსკი, რომელიც რუსული ღია სს “ლუდსახარში ბალტიკის” ვიცე პრეზიდენტია იურიდიულ საკითხებში. დანიის მოქალაქე ტომას კეჟლერ ჰანსენ და პოლონეთის მოქალაქე იაცეკ კშიშტოფ პასტუშკა - ეს უკანასკნელი “კარლსბერგის ჯგუფის” ვიცე პრეზიდენტია აღმოსავლეთ ევროპაში და რუსეთსი არსებული “ლუდსახარში ბალტიკის” პრეზიდენტია.

2012 წელს  “ლუდსახარში ბალტიკის” 100 პროცენტი დანიურმა  კონცერნმა “კარლსბერგი ჯგუფმა” იყიდა. რეორგანიზაციის პროცესი 2014 წლის იანვარში დასრულდა.  2014 წლის მონაცემებით, კარლსბერგი მსოფლიოში ყველაზე მსხვილ ლუდის მწარმოებლებს შორის მეოთხე ადგილზეა.

შპს ელექტრონი

შპს „ელექტრონი“ ქართულ ბაზარზე 2004 წელს გამოჩნდა. კომპანია სხვადასხვა ტიპის კაბელების დისტრიბუციას ახორციელებს, მათ შორისაა სამონტაჟო და ძალოვანი სადენები; სატელეფონო,  ინტერნეტის, სახანძრო, ბოჭკოვანი, ალუმინისა და სპილენძის სადენები,  ავტომატური გამომრთველები და მასთან დაკავშირებული აქსესუარები.

კომპანიის 40 პროცენტის მფლობელი რუსეთის მოქალაქე ხვიჩა ფორჩხიძეა. 20-20% ეკუთვნით კობა გოგატიშვილს, მალხაზ გოგატიშვილს და კახაბერ სახამბერიძეს. შპს ელექტრონში განხორციელებული ინვესტიცია რუსეთიდან განხორციელებულ ყველა მსხვილ ინვესტიციებს შორის იყო 2010, 2011, 2012, 2014 წლებში.

შპს „ელექტრონმა“ 2011-2014 წლებში სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ სულ 8 ტენდერში მიიღო მონაწილეობა და 4 შემთხვევაში გაიმარჯვა, ერთი  ტენდერი ამჟამად მიმდინარეა. კონტრაქტების საერთო სავარაუდო ღირებულება 149 235 ლარია.

შპს Club-2100

2013 წელს დაფუძნდა შპს “Club-2100”, რომელმაც გუდაურში ამავე სახელწოდების სასტუმრო ააშენა. 54 ნომრიანი სასტუმრო ზღვის დონიდან 2100 მეტრზე მდებარეობს. მშენებლობა რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე რომანოვის ინვესტიციით განხორციელდა. მის საკუთრებაშია კომპანიის 90 პროცენტი. დანარჩენი 10% კი სასტუმროს დირექტორს ზურაბ კიკნაველიძეს ეკუთვნის.

შპს ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმენტ

„ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმენტის“ 50%-ის მფლობელი რუსეთის მოქალაქის ოლეგ პრედტეჩენსკია. ოლეგ პრედტეჩენსკი 2003-2008 წლებში იყო “როსენერგობანკის” ვიცე-პრეზიდენტი. აღნიშნული ბანკი 2014 წელს მოხვდა კანადის მიერ უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო სანქცირებულ რუსულ კომპანიებს შორის.

ოლეგ პრედტეჩენსკი 2008 წლის შემდგომ მუშაობდა უმსხვილესი რუსული ავტომწარმოებლის “ავტოვაზის” მენეჯმენტში. 2010 წლის მიწურულს ოლეგ პრედტეჩენსკი რუსული “ნოვიკომბანკის” პრეზიდენტის მოადგილე გახდა.

პრედჩენსკის ბიზნესპარტნიორია დავით გიორგობიანი, რომელსაც „ჯორჯიან ჰოტელს მენეჯმენტის“ დანარჩენი 50 პროცენტი ეკუთვნის. პრედტეჩენსკი და გიორგობიანი ასევე ფლობენ შპს “წყნეთი დეველოპმენტს” და “ბიბისი მენეჯმენტს”.

დავით გიორგობიანი არის “ჰიუნდაი ავტო საქართველოს” ხელმძღვანელი. ამ კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ცნობილი ბიზნესმენისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გოგი თოფაძის შვილი ირაკლი თოფაძეა. „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ 2011-2015 წლებში 191 სახელმწიფო ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული. აქედან მხოლოდ 22 ტენდერი წააგო. კონტრაქტების საერთო სავარაუდო ღირებულება 14,779,767 ლარია.

დავით გიორგობიანის საკუთრებაშია საქართველოს სატრანსპორტო კომპანიის 55% წილი, დანარჩენი 45% რუსეთის მოქალაქე ოთარ ეხვაიას ეკუთვნის. ამ კომპანიას ეკუთვნის ის სამარშრუტო ტაქსები, რომლებსაც რუსთავიდან თბილისში სპორტის სასახლემდე გადაჰყავს მგზავრები.

შპს  ELITE DEVELOPMENT

ELITE DEVELOPMENT -მა 2014 წელს  ქობულეთში ააშენა სახლი  “ქობულეთის რეზიდენცია” შენობა 313 ბინას მოიცავს. საერთო ფართი 3404 კვმ-ია. ELITE DEVELOPMENT -ს რუსეთის მოქალაქე ოლგა მოისეენკოვი ხელმძღვანელობს. მის მამას, ვლადიმერ მოისეენკოვს კი ეკუთვნის კომპანიის 30%. დანარჩენი 70 ასევე ოლგა მოისეენკოვის კუთვნილი კომპანიის AIRLINE TRANSPORT INCORPORATION - ის საკუთრებაშია.

ემბავუდ ჯორჯია

2013-2014 წლებში რუსეთიდან შემოსულ ყველაზე მსხვილ ინვესტიციებს შორის მოხვდა ავეჯის მწარმოებელი შპს „ემბავუდ ჯორჯიაც“. კომპანიაში წილები ასე ნაწილდება 32%-ს ფლობს რუსეთის მოქალაქე ბაშირ ისრაფილ ოღლი სულთანოვი, ამდენივე წილი არის აშჰურ აზერბაიჯანის მოქალაქე შაჰბაზ ოღლი მამმადოვის საკუთრებაში, 36% კი ასევე აზერბაიჯანის მოქალაქე  ელშად აბბასოვი ფლობს. „ემბავუდის“ საკუთრებაშია 2559.1 კვმ საოფისე კომერციული და დამხმარე ფართი თბილისში აღმაშენებლის ხეივანში.

ტიფლისკი ვინნი პოგრებ

2013 წელს რუსეთიდან განხორციელებულ ყველაზე მსხვილ ინვესტიციებს შორისაა რუსული დახურული სს „დიონისის“ მიერ განხორციელებული ინვესტიცია  ღვინის მწარმოებელ კომპანიაში “ტიფლისსკი ვინნი პოგრებ”, რომელიც საქართველოში 2003 წელს დაფუძნდა.

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, ამჟამად კომპანიის ოფიციალური მფლობელი რუსეთში დამფუძნებილი შპს “დკ-სერვისია”. დოკუმენტებით ირკვევა, რომ  “ტიფლისკი ვინნი პოგრების” 100 პროცენტიანი წილი “დიონისემ” “დკ სერვისს” 2014წლის ოქტომბერში 2 ათას ლარად მიჰყიდა. “დკ-სერვისის” მფლობელი რუსეთის მოქალაქე ელენა შჩელკანოვაა, გენერალური დირექტორი კი - იმავე ქვეყნის მოქალაქე ნაძეჟდა სტროკატოვა.

 „ღვინის ეროვნული სააგენტოს“ ინფორმაციით ღვინის მწარმოებელმა კომპანია ,,ტიფლისსკი ვინნი პოგრებმა’’ 2013 წელს ყველაზე მეტი 6500 ტონამდე ყურძენი ჩაიბარა. რაც სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი 5 200 000 ლარის ოდენობის აგროკრედიტით მოახერხა.

2010 წელს საქართველოდან ღვინის ექსპორტის მიხედვით, "ტიფლისკი ვინნი პოგრები" მეორე ადგილზე იყო “თბილღვინოს” შემდეგ.

 

შპს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი

შპს „რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი“ 2014 წლამდე ცნობილი იყო სახელით “სტრომოსი”. კომპანიის მფლობელი რუსეთის მოქალაქე, ცნობილი მრბოლელი შოთა აფხაზავაა.

რუსთავის ავტოდრომი შოთა აფხაზავას მიერ რუსეთში დაფუძნებულ კომპანია „სტრომოსს“ 2009 წელს აუქციონის წესით გადაეცა. განხორციელდა 25 მილიონის ინვესტიცია და განახლებული ავტოდრომი 2012 წლის აპრილში იმ დროს ქვეყნის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გახსნა.  

შოთა აფხაზავამ 2013 წელს ჟურნალ Forbs-Georgia-სთან საუბრისას განაცხადა, რომ ძირითადი ბიზნესი ყაზახეთში აქვს, სადაც სარკინიგზო გადაზიდვებით მისი კომპანია უმსხვილესია. რუსეთში ფლობს სარბოლო გზას, აქვს საკონსტრუქტორო ბიურო - Art Line Engineering-ი, რომელიც სარბოლო ავტომობილებს აწარმოებს. ავტომობილებთან დაკავშირებით ბიზნესი აქვს გერმანიაშიც.

შოთა აფხაზავას ეკუთვნის ბათუმში ჩოგბურთის კორტები და Caucasus Adventure Tours-ი, რაც აფხაზავას თქმით, იმ უცხოელებზეა ორიენტირებული, რომლებსაც სურთ კვადროციკლებით, მოტოციკლებით, ვერტმფრენებით - იმოგზაურონ საქართველოში. აფხაზავა ამბობს, რომ ჯამში საქართველოში 40 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია განახორციელა. რუსეთში აფხაზავას ეკუთვნის ერთ-ერთი სარბოლო ტრასაც.