ნავალნის მოწამვლის საქმე: რუსული დეზინფორმაცია გერმანულ სოციალურ ქსელებში

22 ოქტომბერი 2020 Shadow

2020 წლის სექტემბერში, ევროკავშირის საგარეო სამსახურის საგანგებო პროექტმა EUvsDisinfo, რომელიც 2015 წლიდან შეისწავლის რუსეთის სადეზინფორმაციო კამპანიებს, გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც აჩვენებს, რომ 2020 წლის აგვისტოსა და სექტემბერში გერმანულ სოციალურ ქსელებში რუსი ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმეზე[1] პრორუსულმა დეზინფორმაციამ გადაუსწრო არაერთი ავტორიტეტული გერმანული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. აქედან ერთ-ერთი პრორუსული მედიის, RT Deutsch-ის მიერ გავრცელებული სტატიები გერმანულ სოციალურ ქსელებში მეორე ადგილზე არიან მომხმარებლის მიერ გაზიარებული სტატიების რაოდენობით სანდო გერმანული მედიის, Der Spiegel-ის შემდეგ. ასევე, პრორუსული მედიის მიერ გავრცელებული სტატიები გერმანულ სოციალურ ქსელებში ლიდერობენ არა მხოლოდ გაზიარებული სტატიების რაოდენობით, არამედ წაკითხვების რაოდენობითაც.

 


მოწამლული ალექსეი ნავალნი გერმანიის სავადმყოფოში

 

როგორც EuvsDisinfo-ის ანგარიშშია აღნიშნული, ნავალნის საქმესთან დაკავშირებით გავრცელებული მესიჯები ძალიან ჰგავდა შინაარსით იმ მესიჯებს, რაც სკრიპალის საქმესის [2] თაობაზე ვრცელდებოდა. 2018 წელს, DFRlab-მა შეისწავლა სკრიპალის საქმის შესახებ სოციალურ ქსელებში ყველაზე ხშირად გაზიარებული და გავრცელებული სტატიები და დაასკვნა, რომ კრემლის მფლობელობაში მყოფი და პროკრემლისტური მედიის მიერ გავრცელებული მასალა მომხმარებლის ჩართულობის კუთხით უსწრებდა სხვა რეიტინგული და დამოუკიდებელი მედიის მიერ გავრცელებულ სტატიებს. ეს ნიშნავს იმას, რომ სტატიები, რომლებშიც უარყოფილი იყო სკრიპალის მოწამვლის საქმეში რუსეთის ხელისუფლების ჩართულობა, უფრო ფართოდ ვრცელდებოდა სოციალურ ქსელებში, ვიდრე ის მასალა, სადაც საუბარი იყო დიდი ბრიტანეთის ოფიციალურ გამოძიებაზე, რომელმაც რუსი აგენტები ალექსანდრ პეტროვი და რუსლან ბაშიროვი ცნო ეჭვმიტანილებად აღნიშნულ საქმეში. 2020 წელს EuvsDisinfo-მ იგივე სახის კვლევა ჩაატარა ნავალნის საქმესთან დაკავშირებით.

 

EuvsDisinfo-ს მიერ შედარებული პრორუსული მედიის ნარატივები სკრიპალისა და ნავალნის მოწამვლის საქმეებთან დაკავშირებით 2018 და 2020 წლებში.

 

EuvsDisinfo-ის კვლევის მიხედვით, 2020 წლის 14 აგვისტოდან 14 სექტემბრამდე Facebook-ზე, Twitter-ზე, Reddit-სა და Pinterest-ზე 9,400 სტატია ინგლისურენოვანი სტატია გამოქვეყნდა ნავალნის ან/და „ნოვიჩოკის“ შესახებ, რომლებიც ჯამში მომხმარებლებმა 4 მილიონზე მეტჯერ გააზიარეს.

 


აგვისტოსა და სექტემბერში გამოქვეყნებული ინგლისურენოვანი სტატიების გაზიარებების დინამიკა სოც. ქსელებში

 

აღნიშნულ თემებზე გამოქვეყნებული სტატიების დინამიკაზე დაკვირვება აჩვენებს, რომ ყველაზე მეტი სტატიის გამოქვეყნება ემთხვეოდა ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებს: 20-21 აგვისტო - ნავალნის მოწამვლის თაობაზე ინფორმაციის გავრცელება და 2 სექტემბერი, როდესაც გერმანიამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი „ნოვიჩოკით“ იყო მოწამლული.

აღსანიშნავია, რომ კრემლთან აფილირებული ვერც ერთი მედია ვერ მოხვდა იმ 15 ინგლისურენოვან მედიას შორის, რომლებსაც ყველაზე ხშირად აზიარებდნენ სოციალურ ქსელებში ამ პერიოდში მიუხედავად იმისა, რომ კრემლთან აფილირებული 4 გამოცემა მოხვდა იმ 15 ინგლისურენოვან მედიას შორის, რომლებიც ყველაზე მეტ მასალას აქვეყნებდნენ აღნიშნულ თემაზე.

 

ტოპ 15 ინგლისურენოვანი მედია გამოქვეყებული სტატიების რაოდენობით

 

ამავე პერიოდში, თითქმის 3,000 გერმანულენოვანი სტატია გამოქვეყნდა ნავალნის მოწამვლის საქმის შესახებ, რომელთა საერთო გაზიარებებმაც 680,000-ს გადააჭარბა. გერმანულ საინფორმაციო სივრცეში, უფრო მეტი სტატია მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც 2 სექტემბერს გერმანიის მთავრობამ დაადასტურა მოწამვლა.

 

აგვისტოსა და სექტემბერში გამოქვეყნებული გერმანულენოვანი სტატიების გაზიარებების დინამიკა სოც. ქსელებში

 

კრემლთან აფილირებული RT Deutsch და Sputnik German, გერმანული Spiegel-ის შემდეგ, მეორე და მესამე ადგილს იკავებდნენ ნავალნის მოწამვლის საქმესთან დაკავშირებით გამოქვეყნებული სტატიების რაოდენობით. ორივე გამოცემა, ასევე მოხვდა იმ 15 მედიას შორის, რომლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასაც ყველაზე ხშირად აზიარებდნენ სოციალურ ქსელებში. RT Deutsch-ის სტატიები გაზიარებების რაოდენობით მეორე ადგილს იკავებდა. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ რომ არა გერმანული გამოცემა Spiegel, რუსული დეზინფორმაცია იქნებოდა დომინანტი გერმანულ ონლაინ საინფორმაციო სივრცეში როგორც გამოქვეყნებული სტატიების, ასევე გაზიარებების რაოდენობის კუთხითაც.

 

 ტოპ 15 გერმანულენოვანი მედია გამოქვეყებული სტატიების რაოდენობით

 

ტოპ 15 ინგლისურენოვანი მედია გაზიარებული სტატიების რაოდენობით

 

ამასთანავე, EuvsDisinfo-ს დაკვირვებამ აჩვენა, რომ გერმანული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ნავალნის მოწამვლის საქმესთან დაკავშირებით უფრო მეტად ხასიათდებოდა ნეიტრალური და დაბალანსებული ტონით მაშინ, როცა პრორუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ხასიათდებოდა კონფრონტაციული ტონით და სკანდალური სათაურებით. 10 ყველაზე მეტჯერ გაზიარებულ სტატიას შორის ორი არის RT Deutsch-ის მიერ გამოქვეყნებული. ორივე მათგანი წარმოადგენს სხვა გამოცემების მიერ გერმანელ პოლიტიკოსებთან ჩაწერილ ინტერვიუებს, რომლებიც RT Deutsch-ის მიერ შეფუთულია კრემლის ინტერესების სასარგებლოდ.

 

ნავალნის მოწამვლის საქმეზე 10 ყველაზე მეტჯერ გაზიარებული გერმანულენოვანი სტატია.

 

როგორც EuvsDisinfo აღნიშნავს, 2018 წლის სკრიპალის მოწამვლის საქმისგან განსხვავებით, 2020 წელს გერმანულ საინფორმაციო სივრცეში არ შეინიშნება კრემლთან აფილირებული მედიის უპირატესობა, თუმცა ცალსახად შეინიშნება იგივე მეთოდების გამოყენების მცდელობა კრემლის მხრიდან, რასაც რუსეთის ხელისუფლებამ და მასთან აფილირებულმა მედიამ 2018 წელს მიმართეს. ეს მეთოდებია: ფაქტების უგულებელყოფა, მკითხველის ყურადღების გადატანა, ფაქტების დამახინჯება და მოსახლეობის დაშინება. მაგალითად, RT Deutsch-ის მიერ გამოქვეყნებული სტატიის, რომელიც გაზიარებების რაოდენობით მე-16 ადგილს იკავებდა, სათაურია „ამერიკული მასობრივი სპექტრომეტრით ნავალნის ნიმუშების ანალიზმა ტოქსიკური ნივთიერებების არსებობა არ დაადასტურა“ მაშინ, როცა რეალურად სტატიაში ნათქვამია, რომ ანალიზი რუსეთში ჩატარდა, სათაურს კი მკითხველი შეცდომაში შეჰყავს და ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ამერიკაში ჩატარებულმა დამოუკიდებელმა ანალიზმა ნავალნის მოწამვლა არ დაადასტურა. გერმანულ საინფორმაციო სივრცეში კი ყველაზე ხშირად კრემლთან აფილირებული მედიის მიერ „ყურადღების გადატანის“ მეთოდი გამოიყენებოდა. მაგალითად, Twitter-ის ერთ-ერთ პოსტში RT Deutsch-ის ჟურნალისტმა ნავალნის გერმანიაში გაფრენა გამოიყენა გამომწერებისთვის ჟულიან ასანჟის საქმის შესახსენებლად მაშინ, როცა Twitter-ის კიდევ ერთ პოსტში RT Deutsch-ის სტრატეგიის მთავარი ოფიცერი გამომწერებს მოუწოდებდა, რომ ნავალნის საქმის ნაცვლად უკრაინაში გაუჩინარებული ადამიანების საქმეებზე ფოკუსირებულიყვნენ. 

 თითოეულ ამ პოსტს 100-ზე მეტი გაზიარება ჰქონდა Twitter-ზე რის გამოც, ზემონახსენებ სტატიებთან ერთად, ამ ტიპის პოსტებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს კრემლისთვის სასარგებლო ნარატივების გავრცელებაში გერმანულ საინფორმაციო სივრცეში.

___

[1] 20 აგვისტოს, რუსული ოპოზიციის ლიდერი, ალექსეი ნავალნი ომსკის საავადმყოფოში მოათავსეს მძიმე მოწამვლის ნიშნებით. მოგვიანებით იგი გერმანიაში გადაიყვანეს, სადაც ექსპერტიზა ჩაუტარდა და დადგინდა, რომ ნავალნი საყოველთაოდ ცნობილი რუსული საწამლავით, ნერვული აგენტით - „ნოვიჩოკი“ არის მოწამლული. მისი საავადმყოფოში გადაყვანის დღიდანვე გაჩნდა ეჭვები და დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ოპოზიციის ლიდერის მოწამვლაში რუსეთის ხელისუფლების ანუ პუტინის რეჟიმის ხელი ურევია. ამიტომაც, გერმანული ექსპერტიზის დასკვნას საკმაოდ მწვავე შეფასებები მოჰყვა რიგი დასავლური სახელმწიფოების მხრიდან.

[2] სერგეი სკრიპალი ყოფილი რუსი აგენტია, რომელიც ასევე მუშაობდა ბრიტანული დაზვერვისთვის. 2018 წელს იგი ქალიშვილთან ერთად ნერვული აგენტით „ნოვიჩოკი“ მოწამლეს და კრიტიკულ მდგომარეობაში სოლსბერის საავადმყოფოში მოათავსეს. მიუხედავად იმისა, რომ მათი მდგომარეობა კრიტიკული იყო, სკრიპალების სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა. ბრიტანულმა გამოძიებამ მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილთა იდენტიფიცირება მოახერხა, რომლებიც არიან რუსი აგენტები, ალექსანდრ პეტროვი და რუსლან ბაშიროვი.